კოალიცია „ქართული ოცნება“ 17 პირისთვის პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულობის გაღების გამო ჯარიმის დაკისრებას აპროტესტებს. ამასთან დაკავშირებით კაოლიციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ არ დაუშვებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმ ხალხზე, ვინც შემოწირულობა შემოიტანა კოალიციაში.
განცხადებაში კოალიცია ოფიციალურად მიმართვას დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო საზოადოებას, რომ რეაგირება მოახდინონ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ აღნიშნულ ქმედებებზე. განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:
„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობა და ამისათვის უკანონო გზებით უკეტავს მას ფინანსურ შესაძლებლობებს ნორმალური წინასაარჩევნო კამპანიის საწარმოებლად.
რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა პირმა შემოწირულობა შეიტანა კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ანგარიშზე მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობების კანონიერების შემოწმების საბაბით გამოკითხა და ჯარიმა დააკისრა 17 პირს იმ მოტივით, თითქოს მათ ვერ შეძლეს შემოწირული თანხების წარმომავლობის დასაბუთება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 17-ვე პირი, ისე რომ არც კი დაინტერესებულა თითოეულის საქმის ვითარებით, ყველა ერთიანად სამართალდამრღვევად სცნო და შესაბამისად ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
გარდა იმისა, რომ სასამართლოს ეს გააწყვეტილება უკანონოა, რადგან არავინ არაა ვალდებული აჩვენოს საკუთარი ფინანსების წარმომავლობის წყარო, თუ ოფიციალურად არ ევალება საგადასახადო დეკლარაციის შევსება, ჯარიმის რაოდენობა სრულიად სცდება გონივრულ ზღვარს. საინტერესოა, თუ ადამიანს ადანაშაულებ იმაში, რომ მას არ შეეძლო, ვთქვათ, ოცი ათასი ლარის გადახდა, როგორ უნდა გადაიხადოს ჯარიმად დაკისრებული ასოცი ათასი?
საკუთარი ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მას არ აწუხებს ადამიანების ბედი, იგი უკან არ დაიხევს ოპონენტისთვის ანგარიშსწორების არც ერთ მეთოდზე, თუნდაც მათ სიღატაკე და უსახლკარობა ემუქრებოდეთ.
კოალიცია „ქართული ოცნება“ პროტესტს გამოთქვამს აღნიშნულთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არ დაუშვებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმ ხალხზე, ვინც შემოწირულობა შემოიტანა კოალიციაში. ჩვენ ასევე ოფიციალურად მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო საზოგადოებას, რათა მათ რეაგირება მოახდინონ იმ განუკითხაობაზე, რასაც ხელისუფლება ახორციელებს მთავარი პოლიტიკური ოპონენტისა და მის მხარდამჭერთა მიმართ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.