NDI-ის კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რესპონდენტთა 75% აპირებს. ამის შესახებ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, მედიას უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.
NDI-ის შეკითხვაზე -„ხვალ რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას“-გამოკითხულთა 75 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა. ამ საკითხთან დაკავშირებით NDI-ის მიერ თებერვალში ჩატარებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას რესპონდენტთა მხოლოდ 64% მიიჩნევდა პოზიტიურად, სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებით კი – 51%.
რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის განწყობას, 42% მიიჩნევს, რომ ის „მეტნაკლებად კარგად ჩატარდება“, 13% ფიქრობს, რომ „კარგად ჩატარდება“, 17%-ის აზრით, „ნაწილობრივ გაყალბდება“, 4% კი მიიჩნევს, რომ „სრულად გაყალბდება“. გამოკითხულთა 23%-მა განაცხადა, რომ პასუხი არ იცის.
აღნიშნული კვლევა საქართველოში 4-დან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში საქართველოს მაშტაბით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევა ჩატარებულია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ქობულეთში და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლების საარჩევნო ოლქებში და უბნებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).