საპარლამენტო არჩევნების მეტ ნაკლებად კარგად ჩატარება გამოკითხულთა 42 %-ს სჯერა. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული „საზოგადოებრივი განწყობების შესახებ“ კვლევის პრეზენტაციიდან გახდა ცნობილი.
კითხვაზე - როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, გამოკითხულთა 13%-ს მიაჩნია, რომ ძალიან კარგად ჩატარდება, მეტნაკლებად კარგად - 42%-ს, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება, გამოკითხულთა 4%-ის აზრით, საპარლამენტო არჩევნები სრულად გაყალბდება.
კვლევაში ასევე, აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა შევიწროების პრობლემას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის დაბრკოლებად ივნისში გამოკითხულთა 14% ასახელებს, ხოლო თებერვლის კვლევების მიხედვით, ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული რესპონდენტები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის უმთავრეს დაბრკოლებად, ამომრჩევლის მოსყიდვას, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებულ პრობლემებს და საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრას მიიჩნევენ.
აღნიშნული კვლევა საქართველოში 4-დან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა და მასში საქართველოს მაშტაბით 6 299 მოქალაქე გამოიკითხა.
კვლევა ჩატარებულია თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, გორში, თელავში, ზუგდიდში, ქობულეთში და სხვა ქალაქებში, ასევე სოფლების საარჩევნო ოლქებში და უბნებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
აღნიშნული შედეგები დღეს NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ წარმოადგინა.