დღეს მე–7 მოწვევის პარლამენტში ბოლო ზარი იყო. დეპუტატებმა ოთხწლიანი მუშაობა დაასრულეს. ამ ხნის მანძილზე ზოგიერთმა ისიც კი ვერ გაიგო თუ რატომ იჯდა პარლამენტში და ან მისი ფუნქცია რა იყო.
მთელი 4 წლის განმავლობაში გაოცებული და გაკვირვებული სახით იჯდა და დღესაც იგივე მდგომარეობაში იმყოფებოდა „თუთიყუში მარჩელოს“ ავტორი ნუგზარ ერგემლიძე.
ამ პარლამენტში ყველა ჟურნალისტს დაამახსოვრდა ნუგზარ ერგემლიძის გაკვირვებული გამომეტყველება, როდესაც კანონპროექტებს განიხილავდნენ ან პოლიტიკურ დებატებს მართავდნენ.
ერგემლიძეს რა უკვირდა ეს შეიძლება ბევრს არ აინტერესებს, მაგრამ სამაგიეროდ, ჟურნალისტები დაინტერესდნენ ვისთან მესიჯობდა პარლამენტის თავმჯდომარე. სპიკერატში მჯდომი დავით ბაქრაძე მიკროფონის ჩართვა-გამორთვის პარალელურად ტელეფონზე მესიჯობასაც ასწრებდა.
ტრიუმვირატი - ორი ხათუნა (გოგორიშვილი და ოჩიაური) და ეკა ხერხეულიძე შეხმატკბილებულად ბაასობდა, ეტყობა ამჯერად საყოფაცხოვრებო საკითხებს არკვევდნენ და არა პოლიტიკურს.
საკმაოდ დიდხანს და გულდასმით კითხულობდა გაზეთს უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი. მან გაზეთის ყველა ფურცელი წაიკითხა ნეკროლოგების ჩათვლით. მას შემდეგ რაც ცისკარიშვილმა გაზეთი „შეისწავლა“, შემდეგ სხვა დეპუტატებს ათხოვა.
რაც შეეხება უმცირესობის ფლანგს, დღეს სხდომაზე არ იმყოფებოდა გია თორთლაძე. ის ახლა ევერესტის დასაპყრობად არ არის წასული, გუშინ მთავრობის დამტკიცებას ესწრებოდა და „მხურვალე“ გამოსვლაც ჰქონდა, თუმცა, ბოლო რიგგარეშე სხდომაზე არ გამოჩენილა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გვერდით მჯდომ გიორგი ახვლედიანს ეჩურჩულებოდა და როგორც ჩანს, ქრისტიან-დემოკრატიულ იდეებს შთააგონებდა. მაც შემდეგ რაც ახვლედიანი „დამოძღვრა“, თარგამაძე სხდომას აღარ დასწრებია, მან დარბაზი კენჭისყრებამდე დატოვა.
პარლამენტის ბოლო სხდომას არ ესწრებოდნენ ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები. ბოლო სხდომაზე უმრავლესობის იდილია ჯონდი ბაღათურიას და მის თანაფრაქციელებს არ დაურღვევიათ.
ოპოზიციური მუხტის შეტანას ბოლო სხდომაზე ლევან ვეფხვაძე ცდილობდა, თუმცა მას მუხტი თავად დავით ბაქრაძემ დაუწუნა.
კოალიციურ მთავრობაზე მეოცნებე ლევან ვეფხვაძე ბაქრაძემ გააკრიტიკა, რომ ჭიქაში ქარიშხალს ტეხდა და ისეთ საკითხზე საუბრობდა რა მოხდება „ბებია ბაბუად რომ გადაიქცეს“.
4 წლიანი მუშაობით „დაღლილი“ დეპუტატები საზაფხულო არდადეგებზე წავიდნენ. წასვლის წინ, მათ დარბაზში ჰიმნი მოისმინეს. ომახიანად მხოლოდ კობა ხაბაზი მღეროდა, დანარჩენებს კი ან ხმა არ უწყობდათ ხელს, ან ხალისი არ ჰქონდათ.
თუ მთავრობა კიდევ არ შეიცვალა(რაც ძნელი წარმოსადგენია), ან რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მეშვიდე მოწვევის პარლამენტს შეკრება აღარ მოუწევს. ასე, რომ ამ პარლამენტის დეპუტატების ნაწილი ისტორიას ჩაბარდა, ზოგიერთს კი მომავალ პარლამენტშიც ვიხილავთ.