უმრავლესობის ერთმა-ერთი ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა „დატოვებულ კამერაში ჩანაწერი“ უწოდა „მაესტროს“ ეთერში გასულ მასალას, სადაც სააკაშვილი და მერაბიშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე საუბრობენ. ჟურნალისტებთან საუბარში წიკლაურმა განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი თავადაც ნახა.
„როგორც ჩანს, ეს იყო დატოვებულ კამერაში ჩანაწერი, ჩემთვის გაუგებარია რა ხერხებით მოხვდა ის „მაესტროში“, რატომ აიტვირთა იუთუბში და რატომ მოხდა სასწრაფოდ იქედან მისი წაშლა. ვფიქრობ, რომ იქ არაფერი ისეთი არ არის. პრეზიდენტის მოსაზრებაა გამოთქმული თუ როგორ დამთავრდა ევროპარლამენტში დებატები. ეს დაბატები ვნახეთ, რომ ზუსტად ისე დამთავრდა რა შეფასებაც იყო გამოყენებული. საქართველომ მიიღო მხარდაჭერა, ხოლო დესტრქუციულმა მცდელობებმა იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება ისე დახატონ როგორც არ არის, სრული კრახი განიცადა. ასეთი ბედი ელის ყველა იმ ადამიანს ვინც საქართველოს დაზარალებას მოისურვებს ევროპულ არენაზე“, – აღნიშნა წიკლაურმა.
გუშინ, ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა „რუსთავი 2–ს“ ჩანაწერი, სადაც სააკაშვილი და მერაბიშვილი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე საუბრობენ. ჩანაწერი პრემიერმინისტრის „კურიერის“ პირდაპირ ეთერში ჩართვამდეა გადაღებული. ვიდეო-ჩანაწერში თავიდან ჩანს, როგორ დგას ვანო მერაბიშვილი კამერის წინ, ეკითხება ვიღაც დათოს "მიშა წავიდა". შემდეგ კადრში, ჩნდება სააკაშვილი, რომელიც მერაბიშვილს ეუბნება, რომ ევროპარლამენტში ქართული ოპოზიცია კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.
„იმათ დედა უტირეს სტრასბურგში, ხომ არ ვაპირებდით დებატებს და ძალით გაათრიეს, შეასკდა ყველა, დედა აგინეს, „იმენა“ ბოლომდე შეჯდა ყველა“, - ეუბნება სააკაშვილი .მერაბიშვილს. ჩანაწერიც ამით სრულდება.