ბაჩო და დათა ახალაიებმა სამინისტროები გაცვალეს. მას შემდეგ, რაც უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალიამ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდის) უფროსი დათა ახალაია ინტერსთა კონფლიქტის გამო, „კუდ“-ის უფროსის თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „კუდ“-ის ყოფილი უფროსი დათა ახლაია თავდაცვის მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მოადგილედ დაინიშნა.
ამის შესახებ გაზეთ „ალიასთან“ საუბარში ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს.
შეგახსენებთ, დათა ახალაია „კუდ“-ის უფროსის თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც მისი ძმა ბაჩო ახალაია შსს მინისტრის პოსტზე წარადგინეს. თუმცა, ეს არ არის დათა ახალიას პირველი გადადგომა კუდის უფროსობიდან. მას ადრეც მოუწია გადადგომა, როცა მისი სახელი "ვარდების რევოლუციის" შემდგომ ყველაზე გახმაურებულ მკვლელობას -სანდრო გირგვლიანის საქმეს დაუკავშირდა.
2006 წლის მარტში დათა ახალიამ და მისმა მოადგილემ ოლეგ მელნიკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადეს დროებით, სანამ სანდრო გვირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა.
"ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო 28 იანვარს ჩადენილ დანაშაულთან, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. ზოგიერთს გაუკვირდება, მაგრამ ამ საქმის გახსნა ჩვენი მცდელობის შედეგად მოხერხდა. ამის მიუხედავად, ვინაიდან ჩვენ მორალურად ვთვლით თავს პასუხიმსგებლად საზოგადოების, ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ოჯახების წინაშე, ჩვენ გადავწყვიტეთ მივმართოთ შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა მან მოგვხსნას თანამდებობრივი უფლებები“-აცხადებდა დათა ახალია
მაშინ დათა ახალია თანამდებობიდან მხოლოდ ოფიციალურად გადადგა და მისი ადგილი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის მარჯვენა ხელმა, ვაჟა ლილუაშვილმა დაიკავა, ისიც დროებით. გირგვლიანის სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ, რადგანაც ქართულმა მართლმსაჯულებამ გირგვლიანის მკვლელობის საქმეში დათა ახალაიას მონაწილეობა გამორიცხა "უდანაშაულო" ახალაია 2008 წელს, ჩვეულებრივ, კვლავ "კუდის" უფროსი გახდა.