საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი ახალ სამთავრობო პროგრამაში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტით უზრუნველყოფაზე მთავრობისგან დამატებით ინფორმაციას ითხოვს.
ინსტიტუტის ინტერესის საგანს წარმოადგენს ის, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება ამ დაპირების შესასრულებლად.
ორგანიზაციის განმარტებით, სამთავრობო პროგრამის თანახმად, იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო დაზღვევის პროგრამაში, მიეცემათ საბაზისო დაზღვევის პაკეტი, რაც გულისხმობს მოულოდნელი უბედური შემთხვევით ან მოულოდნელად მძიმე ავადმყოფობით გამოწვეული ოჯახის გაღატაკების პრევენციას.
„მიგვაჩნია, რომ ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი „საბაზისო პაკეტის“ არსის გაგების გარეშე, წარმოუდგენელია პროგრამით გათვალისწინებული დაზღვევის ეფექტურობის შეფასება მოსახლეობისთვის და იმის განსაზღვრა, თუ რამდენად რაციონალურად გაიხარჯება ამ მიზნით გამოყოფილი 3 მილიარდი ლარი“,- ნათქვამია განცხადებაში.
ინსტიტუტის განმარტებით, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს პროგრამის ადეკვატურად შეფასება, აუცილებელია რამდენიმე კითხვას პასუხი გაეცეს. მათ შორის, ორგანიზაციას აინტერესებს, შევა თუ არა საბაზისო პაკეტში მედიკამენტების დაფინანსება, რომლის საშუალო დანახარჯიც დღეისთვის თითოეული ოჯახისთვის მთლიანი სამედიცინო დანახარჯის 60% შეადგენს; ასევე საბაზისო პაკეტში გათვალისწინებული იქნება თუ არა ადეკვატური პრევენციული ღონისძიებები.
„იმ შემთხვევაში, თუ „საბაზისო პაკეტი“ არ მოიცავს ადეკვატურ პრევენციულ ღონისძიებებს და არ უზრუნველყოფს დაავადებების თავიდან აცილებას ან მის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, არსებობს საფრთხე, რომ ეს უბიძგებს პაციენტს იმისაკენ, რომ გადადოს სამედიცინო ჩარევა დაავადების გამწვავების, გართულების ან მძიმე, გვიანი სიმპტომების გამოვლენამდე, რაც მკვეთრად შეამცირებს მისი გამოჯანმრთელების ალბათობას და მნიშვნელოვნად გაზრდის გაწეული მკურნალობის ხარჯებს“, - მიიჩნევს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი.
ორგანიზაციას ასევე აინტერესებს, რა იგულისხმება მთავრობის პროგრამაში დასახელებული „მოულოდნელი, მძიმე ავადმყოფობის“ მიღმა და როგორ და ვის მიერ მოხდება შესაბამისი ნუსხის შედგენა და ამის მიხედვით ოპერირება.