არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტს ეხმაურება და მას უარყოფითად აფასებს.
ორგანიზაციის განმარტებით, დღემდე მთავრობის სხდომა უფლებამოსილად მიიჩნეოდა, თუკი 16 მინისტრიდან მონაწილეობას მინიმუმ 9 მაინც იღებდა, ხოლო გადაწყვეტილების მისაღებად, მინიმუმ 6 მინისტრის თანხობა იყო საჭირო.
„42-ე მუხლის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთავაზებული ინიციატივით, მთავრობას ენიჭება ამ წესის შეცვლის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობას აბსოლუტურად უფლებამოსილი იქნება, მთავრობის სახელით მიიღოს გადაწყვეტილება ორი მინისტრის მონაწილეობითაც კი.
„42-ე მუხლი“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა შეთავაზებული ინიციატივის მიზნად აპარატის მოქნილობისა და მისი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას ასახელებს, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონით, მთავრობა ვალდებულია შეიკრობოს თვეში ერთხელ, ხოლო რეგლამენტით, როგორც წესი, კვირაში ერთხელ იკრიბება, რაც უფრო ზრდის პასუხისმგებლობას, ამცირებს თვითნებობის ხარისხს და ვერ შეუშლის ხელს მთავრობის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ცვლილები მთავრობის პასუხისმგებლობის ხარისხის შემცირების საფრთხეს ქმნის, რაც საზოგადოების წინაშე მის ანგარიშვალდებულებას დააქვეითებს.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს განიხილავენ და კენჭსაც უყრიან.