გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოალიცია "ქართული ოცნებას" 15 ივლისისთვის დაგეგმილი აქციის გასამართად ქალაქის ცენტრალური მოედნის გამოყოფაზე უარი უთხრა.
როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ისინი ელოდებოდნენ, რომ მუნიციპალიტეტისგან შესაბამის პასუხს მიიღებდნენ, რადგან მისი თქმით, უკვე ტრადიციად იქცა, რომ მათ მიერ გაკეთებულ პირველად განცხადებებს ქალაქის გამგეობა უარით ისტუმრებს.
„ხელწერა არ შეცვლილა და იგივე მოხდა გორშიც. მათ შემოგვთავაზეს ალტერნატივაც, მაგრამ ჩვენთვის ეს ადგილი მიუღებელია. ეხლა ჩვენ თვითონ შევთავაზეთ ალტერნატივა და ამ ალერნატივით ხელახლა უკვე მივმართეთ კიდეც გორის მუნიციპალიტეტს. იმედი გვაქვს, რომ ამაზე მაინც მივიღებთ თანხმობას“, - აცხადებს ფანჯიკიძე.
კოალიციის პრესსპიკერი არ აკონკრეტებს ადგილს, რომელიც განცხადებაში არის მითითებული, თუმცა აცხადებს, რომ აქცია აუცილებლად გაიმართება გორში, 17:00 საათზე.
„ადგილს კი მას შემდეგ დავაკონკრეტებთ, როცა პასუხს გორის მუნიციპალიტეტისგან მივიღებთ“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.
„ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარე მოედანი წარმოადგენს ქალაქის საკომუნიკაციო და სატრანსპორტო კვანძს. შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია 15 ივლისს აღნიშნული ტერიტორიის პარალიზება. ამასთან, გთავაზობთ ალტერნატიულ ტერიტორიას მანიფესტაციის და შეკრების ჩასატარებლად გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მე-2 კმ-ზე, საფეხბურთო სტადიონ "ქართლის" მიმდებარე ტერიტორიაზე", - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილში.
"ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციამ 15 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით დღეს გამგეობას კიდევ ერთი წერილით მიმართა, რომელშიც აქციის ჩატარებისთვის ამჯერად გორის კომბინატის ტერიტორიაზე, კულტურის სახლის მიმდებარე მოედნის გამოყოფას ითხოვს.