სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიცერთა სკოლაზე საუბრობდა, გორში არსებულ აკადემიას გულისხმობდა, სადაც სწავლება და ოფიცერთა მომზადება ევროპისა და ამერიკის ანალოგიური იქნება.
თავდგირიძის განმარტებით, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამას საფუძველი ჩაეყარა, იმიტომ რომ ერთი პერიოდი, აკადემიაში ეს მნიშვნელოვანი კურსები გაუქმდა და ოფიცერთა მომზადება 6 თვიანი იყო.
თავდგირიძის განცხადებით, ახლა შესაბამისად, ამის განვითარებაზეა საუბარი, ანუ არსებობს, ფუნქციონირებს და მისი შემდგომი დახვეწა და განვითარება ხდება.
„აქ საუბარია, უკვე შექმნილზე, გორში აკადემიაზე. მის ახალ ინფრასტრუქტურაზე. იქ საკმაოდ თანამედროვე შენობა-ნაგებობები, კომპლექსებია და პლუს, ოფიცერთა სწავლება - მომზადება მოხდება, ანალოგიურად როგორიც ევროპასა და ამერიკაშია. ანუ ოფიცრობის კანდიდატი სამხედრო - სამოქალაქო განათლებას ერთად მიიღებს. ეს ოთხწლიანი კურსია. ჩამოსულნი არიან შესაბამისი ინსტრუქტორები და სამხედრო განათლების სისტემის შექმნაში მონაწილეობას იღებენ. გარდა ამისა, პარალელურ რეჟიმში აკადემიაში ოფიცერთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და განათლების შემდგომი საფეხურების მისაცემად სხვადასხვა კურსი ფუნქციონირებს“, - განაცხადა თავდგირიძემ.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს და კონკრეტულად, თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალიას ნაცვლად, დიმიტრი შაშკინის დანიშვნას, თავდგირიძის განცხადებით, ძნელია პროგნოზირება რამდენად კარგად შეიძლება გაუძღვეს შაშკინი ამ უწყებას.
„გარკვეულწილად, შაშკინი იმ გამოწვევას, რომელსაც საქართველო - ამერიკის სამხედრო ურთიერთობების გაღრმავება ჰქვია, მას რომელსაც საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს, ამერიკელებისთვის შეიძლება კარგი პარტნიორი იყოს, თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს სხვა გამოწვევებიც გააჩნია. ფაქტიურად, დაუმთავრებელი ომი რუსეთთან. აქ ცოტა ფრთხილი ვიქნები, იმიტომ რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები თავდაცვის მინისტრების უშუალო ადმინისტრირებას არიან მიჩვეულნი და რამდენად მოახერხებს შაშკინი თავდაცვის სისტემის ტრანსფორმირებას, როგორ მოახერხებს, რომ იყოს სამოქალაქო მინისტრი, რომელიც მხოლოდ დაკავებულია საერთაშორისო პროექტებში ინტეგრაციით და სხვა იმ ამოცანებით, რომელიც ჩვეულებრივ, ევროპაში თავდაცვის მინისტრს აქვს, ხოლო შეიარაღებული ძალები და სამხედროები მოახერხებენ დამოუკიდებლად განაგრძონ ადმინისტრირება, შეინარჩუნონ ბრძოლის უნარიანობა და საბრძოლო მზადყოფნა ისეთ დონეზე, რომ რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, პოტენციურად ადეკვატური რეაგირება შეეძლოთ, ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია“, - განაცხადა თავდგირიძემ.