ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა ახალი მთავრობა სხდომების ჩატარებას სკაიპით ან ელექტრონული ფორმით გეგმავს თუ არა. ეს შეკითხვა ვეფხვაძემ დღეს პარლამენტის ბოლო რიგგარეშე სხდომაზე დასვა. დეპუტატები პრემიერ-მინისტრისთვის უფლებების დელეგირებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს განიხილავდნენ.
„კანონპროექტში წერია, რომ პრემიერ–მინისტრი კანცელარიის უფროსი ხდება. მას კანცელარიაში შესული ნებისმიერი წერილის დახარისხების, დარეგისტრირების და ხელის მოწერის დრო როგორ ექნება?“ - დაინტერესდა ვეფხვაძე.
აქამდე მთავრობის სხდომა თვეში 4-ჯერ იმართებოდა, ხოლო ახალი ცვლილების თანახმად, სხდომა თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს. სხდომის ჩასატარებლად ქვორუმი საჭირო აღარ იქნება.
„სხდომის ნაცვლად, ალბათ ახლა ერთი კაცი დაჯდება. იქნებ Skype-ს დახმარებით აპირებთ მთავრობის სხდომის ჩატარებას,“ – მიმართავა ვეფხვაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივანს.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრს ბრძანებების გამოცემის და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირება შეეძლება.