პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს ჯარიმის გადახდის ვადა გუშინ ამოეწურათ.
კოალიციაში შემავალმა სუბიექტებმა თანხა არ გადაიხადეს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ადვოკატების განმარტებით, ამ შემთხვევაში, იძულებითი აღსრულება იწყება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურის უფროსის ბესიკ ლილუაშვილის განცხადებით, სასამართლოს აღსრულების ბიუროსთვის სააღსრულებო ფურცლით ჯერ არ მიუმართავს.
„ბიუროში ჯერ-ჯერობით სააღსრულებო ფურცელი არ შემოსულა, სანამ არ შემოვა სააღსრულებო ფურცელი, აღსრულების ეროვნული ბიურო არაფერს აპირებს. ხოლო რაც შეეხება, რა ქმედებები შეიძლება განახორციელოს აღსრულების ბიურომ ამაზე წიანასწარ საუბარი უხერხული და არაკორექტულია“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში აცხადებენ, სააღსრულებო ფურცლის შემოსვლისთანავე შესაბამისი განცხადება გაკეთდება და ყველა დაინტერესებულ პირს ეცნობება.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.
სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს - „რესპუბლიკურ პარტიას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „კონსერვატიულ პარტიას“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ შორის უნდა გადანაწილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და იგი უცვლელი დატოვა.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც დღემდე სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები. შპს „მენეჯმენტ სერვისის“ მიერ პოლიტიკური სუბიექტების სასარგებლოდ განხორციელებული უსასყიდლო მომსახურება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად უკანონო შემოწირულობად იქნა მიჩნეული.