თინა ხიდაშელი : თუ ჩვენ  ქონებას დაგვიყადაღებენ, გამოდის, რომ ხელისუფლება საარჩევნო კამპანიებისთვის პირდაპირი ხელისშეშლის პროცესს ახორციელებს

თინა ხიდაშელი : თუ ჩვენ ქონებას დაგვიყადაღებენ, გამოდის, რომ ხელისუფლება საარჩევნო კამპანიებისთვის პირდაპირი ხელისშეშლის პროცესს ახორციელებს

„ხელისუფლება კონტროლის პალატის, სასამართლოების და აღსრულების ბიუროს საშუალებით პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიებისთვის პირდაპირი ხელისშეშლის პროცესს ახორციელებს“, - ასე შეაფასა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თინა ხიდაშელმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, უწყებამ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმებასთან დაკავშირებული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

როგორც ხიდაშელმა From.ge -სთან საუბარში განაცხადა, ეს „ძალიან საინტერესო“ გადაწყვეტილება ყველა გადაწყვეტილებისგან განსხვავებულია და იმდენად აბსურდულია, რომ პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ ერთი პირის მიერ  პირდაპირ არის ნაკარნახევი.

როგორც ხიდაშელი აცხადებს, „არცერთ პარტიას არ აქვს ამ ჯარიმის გადახდის არც სურვილი და არც შესაძლებლობა“. თუმცა რას მოიმოქმედებენ ისინი, მისი თქმით, მხოლოდ აღსრულების ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გახდება ცნობილი.

„ვფიქრობ აღსრულების რამდენიმე ვარიანტი არსებობს, რომელსაც აღსრულების ბიურო განახორციელებს და საინტერესოა რომელ გზას მიმართავს იგი. მე მაქვს ჩემი ვერსია, რომელსაც მას შემდეგ გავახმაურებ, როცა აღსრულების ბიურო  რომელიმე მათგანს მიმართვას“, - აცხადებს ხიდაშელი.

მისი თქმით, ამ კონკრეტული საქმით ხელისუფლება სერიოზულ ჩიხში შევიდა და უკან დასახევი გზა არ დაიბლოკა. მისი განმარტებით, ხელისუფლებამ თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე ან უარი უნდა თქვას, ან პოლიტიკური პარტიების საქმიანობისთვის ხელის შეშლით პირდაპირ დაკავდეს.

„თუ ჩვენ დაგვიყადაღებენ ქონებას, ეს პირდაპირ იმას ნიშნავს, რომ  საარჩევნო კამპანიებს ვეღარ ჩავატარებთ. ჩვენ რამდენიმე გეგმა გვაქვს შემუშავებული თუ როგორ უნდა შევხვდეთ ამ გამოწვევას, მაგრამ ფაქტი ერთია - ხელისუფლებისგან  ჩვენი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელისშეშლა ცალსახად სახეზე იქნება“,- დასძინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ სარჩელი კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმების შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დღეს სარჩელის განხილვაზე არ დააკმაყოფილა.