პარტია "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე აფხაზეთის ომის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
" აფხაზეთის ომიდან 33 წლის შემდეგ ვალდებულნი ვართ, ყველა ფაქტი და მოვლენა გავიაზროთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ.
მაშინ გამოჩნდება, ვისთვის რა არის უპირატესი - ერთიანი საქართველო თუ პირადი კომფორტი ვიზალიბერალიზაციის სახით. ამით გამოჩნდება, თუ ვის სტკივა რეალურად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ამით გამოჩნდება ჩვენი ქართველობა" - წერს ანალიტიკოსი და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ომიდან 33 წელი ქვეყანამ ტყუილში იცხოვრა, ლოზუნგებისა და მუსიკალური კლიპების იმედით, ამით კი უფრო ჩამოშორდა დაკარგულ ტერიტორიებს. მისი განმარტებით, დღეს სიტუაცია შეიცვალა და უახლოვდება იმ ეტაპს, როდესაც ჩვენი თანაცხოვრება უნდა გამყარდეს. თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, ქართველი ხალხის არჩევანი ევროინტეგრაციაა, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ ირჩევს თუ არა აფხაზი და ოსი ხალხი იმავეს.
"აფხაზეთის ომიდან 33 წლის შემდეგ ისევ ერთმანეთთან მისასვლელ გზებს ვეძებთ და ეს არის იმ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც დასავლეთის კარნახით მივუყვებოდით. დღეს ეს რეალობა შეიცვალა და ხალხმაც სწორად უნდა შეაფასოს ეს წლები დასკვნების გამოსატანად. დასავლური კურსი ქართველი ხალხის არჩევანია და იმ პერიოდში ალბათ სხვა არჩევანიც არ გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას კომფორტული ვიზალიბერალიზაცია და ევროკავშირში გაწევრიანება ვამჯობინეთ, რამაც კიდევ უფრო დაგვაშორა ჩვენს ძმებს.
33 წლის განმავლობაში იმ ომიდან დღემდე, კიდევ ორი საომარი ქმედება იყო, ერთი მცირედი, 8 აგვისტოს კი გამანადგურებელი. რომ არა ხელისუფლების სიმტკიცე, 2022 წელს კიდევ ერთი და მასშტაბური ომი დაიწყებოდა, რომლის შედეგადაც არათუ აფხაზეთის და ოსეთის, არამედ, სრულიად საქართველოს გადარჩენის შანსი არ იყო.
33 წლის განმავლობაში ჩვენ გვესმოდა მხოლოდ ერთი რამ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით აფხაზებს სურვილი გაუჩნდებოდათ ჩვენთან თანაცხოვრების, ხოლო რეალურად რას ფიქრობდნენ ისინი, ამას არავინ ეუბნებოდა ქართველ ხალხს.
33 წელი შიდა კონფლიქტებთან დაკავშირებით, ტყუილებში ვიცხოვრეთ მხოლოდ მუსიკალური კლიპების და აღტყინებული ლოზუნგების ამარა, რაც კიდევ უფრო გვაშორებდა დაკარგულ ტერიტორიებს.
დღეს სიტუაცია შეიცვალა და უახლოვდება იმ ყალიბს, სადაც უნდა ჩაბეტონდეს ჩვენი სამუდამო თანაცხოვრება. მაგრამ, თუკი ქართველი ხალხის არჩევანი კონსტიტუციით არის ევრო-ატლანტიკური გზა, ხომ უნდა ვიცოდეთ, არის თუ არა ეს არჩევანი ასევე აფხაზების და ოსების? თუკი მათი დაბრუნება გვსურს, ჩვენი მიზნების თანხვედრა ხომ უნდა მოხდეს? და თუკი მათი სურვილი ეს არ არის, მაშინ თავად უნდა გადავწყვიტოთ, რა უფრო უპირატესია ჩვენთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თუ კომფორტული ვიზალიბერალიზაცია?
გვთავაზობს კი ევროპა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ქმედით ნაბიჯებს? მოიაზრება მათ პოზიციაში რუსეთთან, როგორც მთავარ კონფლიქტურ მხარესთან პოლიტიკის დალაგება თუ ისევ გლობალური ომის პარტიის მითითებას უნდა გავყვეთ - რუსეთთან ომს? თუკი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოსთვის უმთავრესი ამოცანაა, მაშინ ქართველი ხალხის ქმედებაც შესაბამისი უნდა იყოს.
33 წლის განმავლობაში ბევრი რამ ვნახეთ: დასავლეთის აღშფოთება-შეშფოთება რუსეთის ქმედებებზე და შემდეგ ისევ რუსეთთან მჭიდრო კავშირები. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისთვის გაცემული დავალება და ისევ ევროპისგან ამ ვალდებულებების “გატარება”. ევროპაც და ამერიკაც რუსეთს მხოლოდ მაშინ დაუპირისპირდნენ უკრაინის ომით, როდესაც ჩინეთის ამობრწყინებით დაბნეულებმა, მსოფლიოს ახალი გადანაწილება დაიწყეს, თუმცა, რუსეთთან ისევ ყველა ალაგებს…
აფხაზეთის ომიდან 33 წლის შემდეგ ვალდებულნი ვართ, ყველა ფაქტი და მოვლენა გავიაზროთ და შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ.
მაშინ გამოჩნდება, ვისთვის რა არის უპირატესი - ერთიანი საქართველო თუ პირადი კომფორტი ვიზალიბერალიზაციის სახით. ამით გამოჩნდება, თუ ვის სტკივა რეალურად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ამით გამოჩნდება ჩვენი ქართველობა," - წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.