„სახალხო კრება“ სრული შემადგენლობით და ჩეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, - ამის შესახებ სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, ნონა გაფრინდაშვილმა From.ge -სთან საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში თემურ შაშიაშვილმაც პარლამენტის მოწყობასთან დაკავშირებით მხოლოდ თავისი აზრი დააფიქსირა. როგორც გაფრინდაშვილი აცხადებს, ამ ფაქტმა პატარა გაუგებრობა გამოიწვია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გუშინვე გაირკვა და მოგვარდა.
„შაშიაშვილის განცხადება ჩვენს არცერთ წარმომადგენელს, არც სოსოს და არც ლუკას არ ეხებოდა. მას ბევრჯერ უთქვამს, რომ ისინი საქართველოს დამსახურებული მოღაწეები არიან. რაც შეეხება პარლამენტის მოწყობას, ყველას შეიძლება თავისი ხედვა ჰქონდეს. ეს საქმე ამოწურულია. სათქმელი ითქვა და ჩვეულებრივ განვაგრძობთ მუშაობას“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით გუშინდელი შეხვედრას ჩვეულებრივი სამუშაო სახე ჰქონდა, სადაც საუბარი შეეხო ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მათ წინაშე დგას. მისივე თქმით, ერთ ერთი აქტუალური თემა მაჟორიტარებთან დაკავშირებული საკითხი იყო.
„ამაზე გამოვთქვით ჩვენ ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ ყველა წარმომადგენელს არც აქვს პრეტენზია მაჟორიტარებად იყაროს ჯენჭი. ამ თემაზე რა შემოთავაზებაც იყო გაჟღერებული ის კვლავ ძალაში რჩება“, - დასძინა გაფრინდაშვილმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სახალხო კრების წარმომადგენლებმა, ლუკა კურტანიძემ და სოსო ჯაჭვლიანმა თეთრების ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „პოლიტიკაში სპორტსმენების, მწერლებისა და მსახიობების ადგილის არ არსებობას“ უკავშირდებოდა, უკმაყოფილება გამოთქვეს. სწორედ ამის შემდეგ დადგა შაშიაშვილის კრებიდან გამიჯვნა-არ გამიჯვნის საკითხი.