მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი დავით ბაქრაძის ინიციატივას იწონებს

მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი დავით ბაქრაძის ინიციატივას იწონებს

Mast Carry-ის პრინციპებთან დაკავშირებულ ინიციატივას პრეზიდენტი ეხმიანება და იწონებს.  ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით,  პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს კანონპროექტი რაც შეიძლება მალე იქნას განხილული.  

მანჯგალიძის განცხადებით, პრეზიდენტი მხარს უჭერს იმ ინიციატივის განხილვის დაწყებას საქართველოს პარლამენტში, რომლითაც დავით ბაქრაძე რამდენიმე დღის წინ გამოვიდა. 

„ინიციატივა გულისხმობს სხვადასხვა მედია საშუალებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გარანტიების შექმნას. პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს უმოკლეს ვადებში განიხილონ და მიიღონ ეს ინიციატივა“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ე.წ. Mast Carry –სთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება, სადაც "საარჩევნო კდოექსის" 51-ე მუხლს მე-17 პუნქტი დაემატება.

საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი ვალდებულია, მომხმარებლისთვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება".