საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვაო აკადემიის სტუდენტენტებთან შეხვედრაზე ბათუმისა და ფოთის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სანამ ოკუპანტი აფხაზეთს მიატოვებს, საქართველოს სხვა ადგილები უნდა განვავითაროთ“.
სააკაშვილის განცხადებით, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე წელს მეორედ აღინიშნება, რაც იმ პრიორიტეტების გამოხატავს ნიშნავს, რომლებიც ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია.
„მეზღვაურები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ქართული საზოგადოებისა. საქართველოს დიდი ტრადიცია აქვს. ჩვენ მართლაც ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ და ამას ყველაზე მეტად ალბათ მეზღვაურები ამჩნევენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სოციალურ ქსელ „facebook“- ში ერთმა ქალბატონმა შადრევნებისა და შუქის გამო უსაყვედურა.
„მწერდა, რას შეგვჭამეთ ერთი და იგივე რაღაცეებითო. გავიგეთ, რომ 21-ე საუკუნეში დენის პრობლემა არ არის, ეს შადრევნები მეც მომწონსო, მაგრამ რას გვამადლით ამ ყველაფერსო. ეს ქალბატონი ალბათ, შადრევნების გარდა ვერაფერს ამჩნევს. 21-ე საუკუნეში დენი მართლა არავის უკვირს, თუმცა „ვარდების რევოლუციამდეც“ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობდით, როცა არც დენი გვქონდა და არც წყალი და გაზი ზოგიერთ ადგილებში. დღეს გვაქვს ახალი ქალაქები. ბათუმი წარმოუდგენლად განსხვავებულია იმისგან, რაც იყო. ასეთი ტემპით ეს ქალაქი არასდროს აშენებულა. ეს მხოლოდ ყველაფრის დასაწყისია. ბათუმი უახლოეს 3 წელიწადში ორჯერ გაიზრდება. ეს იქნება მინიმუმ 300 000-იანი ქალაქი დღეიდან 2-3 წელიწადში. ეს იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ქალაქი. მე ძალიან ვამაყობ იმით, რაც აქ ხდება.“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ასევე ჩვენ ყველანი ფოთის ინდუსტრიული ზონით ძალიან ვიამაყებთ.
„ფოთში სიმძლავრეები ფართოვდება, ახალი საწარმოები შენდება და ფოთი იქნება, როგორც მთავარი კარიბჭე საქართველოსი, ასევე მისი ერთ-ერთი მთავრი ეკონომიკური სიძლიერის დასაყრდენი. ძალიან ბევრი ქართველი მეზღვაური არის ასევე აფხაზეთიდან და სანამ ოკუპანტს მიუტოვებია ეს ტერიტორია, რაც გარდაუვალად მოხდება, ამაში ეჭვი საერთოდ არ მეპარება, ჩვენ უნდა განვავითაროთ სხვა ადგილებიც“, - განაცხადა სააკაშვილმა.