ფონ დერ ლაიენს ბრეჟნევის დოქტრინის განხორციელება სურს − საბჭოთა კავშირის მსგავსად, ევროპული მმართველი კლასიც ფიქრობს, რომ ეროვნული სუვერენიტეტის იდეა მოძველებულია

ფონ დერ ლაიენს ბრეჟნევის დოქტრინის განხორციელება სურს − საბჭოთა კავშირის მსგავსად, ევროპული მმართველი კლასიც ფიქრობს, რომ ეროვნული სუვერენიტეტის იდეა მოძველებულია

ეს რა არეულობა იყო: უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ევროკავშირის პარლამენტს საკმაოდ ჩვეულებრივი პროგრამა წარუდგინა, რომელშიც უნგრეთის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, პრიორიტეტები ჩამოაყალიბა. მაგრამ ორბანმა არ იცოდა − შესაძლოა მხოლოდ ეჭვობდა − რომ ხაფანგში გაებმებოდა.

ათობით მემარცხენე ევროპარლამენტარს ეჭვი არ დაუტოვებია იმის თაობაზე, თუ რა მოჰყვებოდა ორბანის სიტყვის აბსურდული აჟიოტაჟით ჩაშლას და „ბელა ჩაოს“ − იტალიის ანტიფაშისტური ჰიმნის შეძახილს. ამის ფონზე, კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთ-ერთი ყველაზე არაჩვეულებრივი ტირადა წარმოთქვა, რაც კი ოდესმე წარმოუთქვამს ევროკავშირის ოფიციალური პირს მისი წევრი სახელმწიფოს მოქმედი ლიდერის წინააღმდეგ. უნგრეთის ლიდერი − უდავო პატრიოტი, რომელიც ოდესღაც ციხის ან სიკვდილის საფრთხის წინაშე იდგა, კომუნისტური მმართველობის წინააღმდეგობის გამო − ევროპაში რუსული და ჩინური გავლენის ხელშეწყობაში და ტროას ცხენის როლის შესრულებაში დაადანაშაულეს. მას, ფონ დერ ლაიენმა, 1956 წლის უნგრეთის ანტისაბჭოთა რევოლუციის გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა დასდო ბრალად იმით, რომ ორბანმა უკრაინის კონფლიქტში თითქოს რუსეთის მხარე დაიჭირა. გარდა ამისა, ფონ დერ ლაიენი თავს დაესხა მას უნგრეთის ეკონომიკური ზრდის შეფერხებისა და უნგრელი ხალხის მდგომარეობის გაუარესების გამო.
ეს გულისამრევი შარადა იყო: ბოლოსდაბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტი − ვიდრე ამ გზიდან გადაუხვევდა − ანტიბირთვული დღის წესრიგის დიდი ხნის მხარდამჭერი იყო, რამაც კონტინენტი რუსულ გაზზე ასე უიმედოდ დამოკიდებული გახადა. იმავდროულად კი, ორბანი ბირთვულ ენერგიაზე მუშაობდა, ვიდრე ევროკრატები ქარისა და მზის Kool-Aid-ს ამოწურავდნენ. მისი ახალი Paks II რეაქტორები უნგრეთის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და საერთო კონკურენტუნარიანობას უზრუნველყოფენ მომავალი ათწლეულების განმავლობაში. რაც შეეხება უკრაინის ომს, ფონ დერ ლაიენი ვერ ფლობს მორალურ სიმაღლეს. პირიქით − ის ფლობს დანგრევის სტრატეგიას, რომელიც, როგორც უკვე ყველა ხვდება (კომენტატორიდან პოლიტიკოსებამდე) კატასტროფული წარუმატებლობაა. იგი ამტკიცებდა, რომ მოსკოვთან მოლაპარაკებები კაპიტულაციას გამოიწვევდა და რომ უკრაინა გამოიყენებდა დასავლეთის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას რუსული არმიის ტერიტორიიდან გასაძევებლად. მაგრამ ორბანი ჯერ კიდევ 2022, 2023 და 2024 წელსაც კი აფრთხილებდა ყველას, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელი იყო, რომ უკრაინას არ ჰქონდა რესურსები ხანგრძლივი კონფლიქტის საწარმოებლად და რომ დიპლომატიური გზების ნებისმიერი გახანგრძლივება კიევს დაუცველს დატოვებდა. უკრაინაში, 2024 წლის ოქტომბერში, პუტინის ძალები წინ მიიწევენ ფრონტზე, ხოლო ბრიტანული ტელეგრაფი გულწრფელად აღიარებს, რომ „ბატონი ზელენსკი და მისი მთავრობა სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი“. თქვენი აზრით, ვინ აღმოჩნდა მართალი? რეალისტი ორბანი თუ პროფესიონალი ილუზიების გამყიდველი ფონ დერ ლაიენი?

ფონ დერ ლაიენმა, თავის სიტყვაში, 1956 წლის რევოლუცია და ამ რევოლუციას შეწირული გმირები ახსენა. თუკი არსებობს რაიმე პარალელი 1956 წლის რევოლუციასა და დღევანდელ დღეს შორის, ეს ის ნამდვილად არ არის, რაც კომისიის პრეზიდენტს წარმოუდგენია. მართლაც, 1956 წელს უნგრელი ხალხი ალყაში მოქცეული აღმოჩნდა იმ უცხო ძალის მიერ, რომელიც ჩარევისა და იძულების ენაზე საუბრობდა. მოდით, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ უნგრეთი დღეს მარტო დგას საყოველთაო პროგრესის ავტორიტარული ხედვის წინააღმდეგ. შესაძლოა ბრიუსელს არ გაუგზავნია ტანკები ბუდაპეშტის გულში, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, არც ჰყავს განკარგულებაში; უძლურება, და არა ეროვნული სუვერენიტეტის ძირეული შეგრძნებაა დღეს, ევროკრატების გადაჭარბებული ამბიციების დამადასტურებელი ნიშანი.
ორბანს ძალიან კარგად ესმის ეს. თავის ძლიერ პასუხში, მან ზუსტად აღნიშნა, რომ ფონ დერ ლაიენის სამუშაო, ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების თანახმად, მისი წევრების დაცვა იყო და არა მათი „პოლიტიკურ იარაღად“ გამოყენება. ის, რასაც ახლა კომისიის პრეზიდენტი აკეთებს, უნგრეთის დემოკრატიის სასტიკი კრიტიკაა. მისი „სახალხო პარტია“ კიდევ უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ „ორბანის წასვლის დროა“. განცხადება ოქსიმორონივით ჟღერს ყველასთვის, ვისაც ეროვნული დემოკრატიის სჯერა. ორბანი უნგრეთის ლიდერია და მხოლოდ უნგრეთის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა მას. უნგრელებმა ნათლად გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულებები ორბანის მიმართ 2010 წლის შემდგომ არჩევნებში, რომელთაც ორბანი სუპერუმრავლესობით იგებს. ბოლო არჩევნებში, ორი წლის წინ, პრემიერმინისტრი სიხარულით იკვეხნიდა, რომ მისი გამარჯვება იყო „იმდენად დიდი, რომ ამას მთვარიდანაც კი შეამჩნევდით და რა თქმა უნდა, ბრიუსელიდანაც“.

შეამჩნიეს კიდეც, მაგრამ არ მიიღეს. ბრექსიტის რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ, ჯერ კიდევ 2016 წელს ევროკრატებმა დაინახეს, რომ მათი იმპერია საფრთხის წინაშე დადგა და დაცემის ზღვარზე აღმოჩნდა. მათი შურისმაძიებლური შეურიგებლობა, უპირველეს ყოვლისა, უზომოდ გონიერი პოლიტიკოსის, ტერეზა მეის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, როგორც ვაქცინა, რომელსაც შემდგომ წლებში სხვა მოწინააღმდეგეები უნდა შეეკავებინა. მათი აუტანელი, უკანონო, უსაზღვროდ თვალთმაქცური ალყა პოლონეთის კონსერვატიული მთავრობის მიმართ, სწორედ ამ თამაშის გაგრძელებას წარმოადგენს.
როგორც ადრე საბჭოთა კავშირში, ახლაც ევროკავშირში, ეროვნული სუვერენიტეტის იდეა მმართველი კლასისთვის მოძველებულია და ის უნდა დაინგრეს. მაგრამ რაკი ჯერ კიდევ იტანჯებიან იმისგან, რაც ეროვნული სუვერენიტეტისგან დარჩა, ევროკრატებს მიაჩნიათ, რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ პირობითი, მორჩილების მკაცრი და დადგენილი საზღვრებით. ისინი ამას მხოლოდ იდეოლოგიური უპირატესობის ლინზიდან არ უყურებენ; ეს მათთვის პრაქტიკული აუცილებლობაცაა. კომუნისტებმა სწორედ ეს პრინციპი ჩამოაყალიბეს 1968 წელს „პრავდას“ სტატიაში, სათაურით „სოციალისტური ქვეყნების სუვერენიტეტი და საერთაშორისო ვალდებულებები“, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტმა სერგეი კოვალევმა დაწერა.
ეს იყო საძირკველი იმისა, რაც მოგვიანებით საერთაშორისო დონეზე ბრეჟნევის დოქტრინის სახელწოდებით გახდა ცნობილი. საბჭოთა ლიდერმა, რამდენიმეკვირიანი დეტალური განხილვის შემდეგ თავისი პოლიტიკა ახსნა იმით, რომ „როცა სოციალიზმის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები ცდილობენ ზოგიერთი სოციალისტური ქვეყნის კაპიტალიზმზე გადაყვანას, ეს ხდება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ყველა სოციალისტური ქვეყნის საერთო პრობლემა და საზრუნავი“. ჩაანაცვლეთ „სოციალიზმი“ მმართველი ლიბერალური კონსენსუსით, ჩაანაცვლეთ „კაპიტალიზმი“ „სუვერენიტეტით“, ან, როგორც ეს გლობალისტურ მედიას ურჩევნია, „ულტრამემარჯვენეებით“ ან „არა-ლიბერალიზმით“, და მიხვდებით, რომ კოვალევის სიტყვები ფონ დერ ლაიენის პირით იყო გახმოვანებული.

კომისიის წინააღმდეგ, რომელიც რევანშის დაუკმაყოფილებელი წყურვილითაა შეპყრობილი, უნგრელები ფხიზლად უნდა იყვნენ. ფონ დერ ლაიენის სურვილი, იმოქმედოს როგორც ლიბერალური იდეოლოგიური სიწმინდის აღმსრულებელმა და არა ევროპული კანონიერების მცველმა, როგორც ამას ხელშეკრულებები მოითხოვს, მხოლოდ საფრთხე არ არის ცენტრალური ევროპის დემოკრატიისთვის. ეს აძლიერებს ევროკავშირის ინსტიტუციური აქტივიზმისა და უცხოური ინტერვენციონიზმის პრეცედენტს, რომელსაც ვერცერთი ამაყი ხალხი ვერ შეეგუება. მართლაც, თუ კომისიის იდეა ევროპული ერთიანობის შესახებ მხოლოდ კონტინენტის ერების დაქვემდებარებაა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ 2016 წლის მსგავსად, კიდევ უფრო მეტი გადაწყვეტს ევროკავშირის დატოვებას.

წყარო: https://europeanconservative.com/articles/commentary/von-der-leyen-wants-a-new-brezhnev-doctrine/