სასამართლოს მიერ შპს „გლობალ კონტაქტ კონსტალტინგის“ დაყადაღებას „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ უკანონოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ორგანიზაციამ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომელიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ კი ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებული ტექნიკურ საშუალებებს უნდა დაედოს ყადაღა“.
თუმცა ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და ამის არგუმენტად ყადაღის დადების შესაძლებლობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი მოყავს.
პირველი მუხლის თანახმად, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ.
„აქედან გამომდინარე, თუ პირი ბრალდებული არ არის ან ბრალდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც ქონების ჩამორთმევა კანონით გათვალისწინებული არ არის, მაშინ აღნიშნული ნორმით ქონებას ყადაღა ვერ დაედება და ამ შემთხვევაში სსსკ-ს 151-ე მუხლის პირველი ნაწილი საერთოდ ვერ იქნება გამოყენებული.
სასამართლოს განჩინების თანახმად, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ქონებას დაედო ყადაღა, რადგან შესაძლებელი იყო მისი დანაშაულის, კერძოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად გამოყენება.
ამომრჩეველთა მოსყიდვა არის სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 1641-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენისას ქონების ჩამორთმევა არ არის კანონით გათვალისწინებული. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სსსკ-ს 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყადაღა ვერ იქნებოდა გამოყენებული“, - ნათქვამია ანგარიშში.
51-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი ქონებაზე ყადაღის დადება გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას, აგრეთვე მისი აღკვეთის უზრუნველსაყოფად, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს ქონება გამოყენებული იქნება ამგვარი დანაშაულის ჩასადენად.
ვინაიდან სასამართლოს განაჩენის ტექსტში მითითებული იყო, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, იმასთან დაკავშირებით, რომ ქონება გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ჩასადენად, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ სასამართლოს სწორედ სსსკ-ს 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჰქონდა მხედველობაში, როდესაც ყადაღა დაადო შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ქონებას.
„ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ივნისის განჩინება შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ტელემაუწყებლობისთვის განკუთვნილი ტექნიკური საშუალებებსთვის ყადაღის დადების თაობაზე კანონშეუსაბამოა“, - აღნიშნულია ანგარიშში.