აფხაზური მხარე საქართველოს მიერ გალის რაიონში ტერორისტული აქტების  გაზრდით შეშფოთებულია

აფხაზური მხარე საქართველოს მიერ გალის რაიონში ტერორისტული აქტების გაზრდით შეშფოთებულია

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ქართული მხარის მიერ გალის რაიონში ტერორისტული ქმედებების გააქტიურებით და ჟენევის დისკუსიის მონაწილეებს მოუწოდებს, განსაკუთრებით კი აშშ-ს დელეგაციას, გაერო-ს, ეუთო-ს და ევროკავშირის მონიტორინგის მონაწილეებს, მიღონ ზომები და აიძულონ ქართული მხრე შეწყვიტოს ტერორისტული აქტები აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

„ამ რაიონში ტერაქტების სტატისტიკა მოწმობს იმას, რომ ქართული მხარე მიზანმიმართულად ახორციელებს აფხაზეთის სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომლების ლიკვიდაციას და  დაშინების კამპანიას გალის რაიონის იმ მოსახლეობის მიმართ, რომლებიც თანამშრომლობენ აფხაზეთის კანონიერ ხელისუფლებასთან “,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს იმ ადამიანთა სიას და ტერაქტების ჩამონათვალს, რომლებიც ქართული მხარის მიერ მიზანმიმართულად იქნა განხორციელებული.

„2010 წელი -  იანვრის თვეში გალის რაიონის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების თანამშრომლი ედუარდ კუბრავა მოკლეს, ივნისში განხორციელდა ტერაქტი საბაჟო პუნქტ „გალის“ თანამშრომლების მიმართ, ივლისის თვეში  მოკლეს მილიციის თანამშრომელი ს.ბარგიაპი. იმავე წლის  დეკემბერში აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი კაცია მოკლეს.

2011 წელი- 8 აპრილს ს. ჭუბურხინჯში განხორციელდა ტერაქტი რუსეთის სპეცსამსახურისა და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო პოლკოვნიკის ვასილ კვიტკოსა და ვასილი დომოვის წინააღმდეგ, რის შედეგადაც კვიტკო ადგილზე გარდაიცვალა, დომოვი დაიჭრა. 29 დეკემბერს, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სოფელ ზუგდიდის რაიონის სოფელ ფახულანის მცხოვრებმა, ქართული სპეცსამსახურების აგენტმა ბადრი სამუშიამ მოკლა ყოფილი სამართალდამცავი  ვალმერ ბუთბა და ოჩამჩირის მცხოვრები თამაზ კვეკვესკირი.

2012 წელი- 9 იანვარს გალის რაიონის სოფელ გაგიდაში მოკლეს გალის რაიონის მილიციის კაპიტანი ვიტალი როდონაია. ტერორისტები სახლში შეუვარდნენ როდონაიას, ძალის გამოყენებით გამოიყვანეს სახლიდან, შემდეგ კი როდონაია სახლიდან 150 მეტრში 11 ტყვიით დაცხრილული იპოვეს.  დამნაშავეები საქართველოს მიმართულებით მიიმალნენ.

28 მაისს, ქალაქ გალში კაფეში მოკლეს გალის რაიონის მილიციელი ლეონიდ კვიციანი, უშიშროების სამსახურის ოპერრწმუნებული დევი ბუავა და სოფელ ნაბაკიას მცხოვრები გულთაზ ყოლბაია. გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ დევი ბუავას მკვლელობა დაგეგმილი და განხორციელებული იყო ქართული დივერსიული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სლავიკ ბიგვავა, რომელიც გახლდათ დაჯგუფება „ტყის ძმების“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ამჟამად კი ქართული ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომელი.

2012 წლის მარტში გალის რაიონის მილიციის მიერ დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე მალხაზ რურუა, რომელსაც საბრძოლო მოწყობილებები ჰქონდა თან. რურუა გახლდათ ოთხკაციანი დივერსიული დაჯგუფების წევრი, რომელსაც დევი ბუავას მკვლელობა ჰქონდა დავალებული. იმავე თვეში გალის რაიონის სოფელ გაგიდაში დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე  შალვა ხუხუა, რომელიც დივერსიული აქტების ჩასატერებლად იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე შეგზავნილი.  

2012 წლის 2 მაისს დაკავებულ იქნა საქართველოს მოქალაქე ბადრი გამისონია, რომელიც  აფხაზური მხარის მიერ სოფელ ოტობაიას მცხოვრები ემზარ აბულაძის გატაცებისთვის იძებნებოდა. გამისონიამ აღიარა, რომ ის ქართული მხარის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.