კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხი სააპელაციო სასამართლოში 29 ივნისისთვის გადაიდო. როგორც პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მანანა კობახიძემ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ არანაირი ახალი, დამატებითი მტკიცებულება არ წარმოდგენილა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სამოქალქო რეესტრის სააგენტოს გამოკვლევების შესახებ, რომელიც სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას გაამართლებდა და გააბათილდებოდა.
„პროცესზე ძალიან უსუსურად გამოიყურებოდნენ პრეზიდენტის წარმომადგენლები, რადგან რეალური არგუმენტები არ გააჩნდათ, რომელიც გაამართლებდა სააკაშვილის გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქმის განხილვა ისე წარიმართა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ერთი კითხვაც არ დაუსვამთ და არ ჩართეს ადმინისტრაციულ წარმოებაში, რაც მისი თქმით, არის სავალდებულო და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნა.
„ არ დასტურდება არც ის, რომ საფრანგეთის საელჩოს ან სახელმწიფოს ზოგადად რაიმე შეკითხვით ოფიციალურად მიმართეს ან რაიმე ოფიციალური დოკუმენტი მიიღეს იქედან“, - აცხადებს კობახიძე.
აქედან გამომდინარე, პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს იმის დადასტურებაა, რომ გადაწყვეტილება სწორედ პოლიტიკური მოტივით არის მიღებული. რაც მისი თქმით, ივანიშვილის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აშკარაა გამოხატულებაა.
„გარდა ამისა, უამრავი დარღვევა, რომელიც რეალურად ასაბუთებს რომ ეს აქტი, დასკვნა რომელზეც დააფუძნა პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება, უნდა იყოს ბათილად ცნობილი. მაგრამ მოგეხსენებათ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ სასამართლო რეალურად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას არ მაქვს“, - აცხადებს კობახიძე.
სააპელაციო სასამართლო კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 29 ივნისს გამოაცხადებს.