ლევან ჟორჟოლიანი - 35 000-დან 33 000 აბონენტს უკვე ჩართული აქვს ელექტროენერგია, ხვალ დღის ბოლოს სრულად აღდგება გაზმომარაგება,

ლევან ჟორჟოლიანი - 35 000-დან 33 000 აბონენტს უკვე ჩართული აქვს ელექტროენერგია, ხვალ დღის ბოლოს სრულად აღდგება გაზმომარაგება,

სტიქიის დასაწყისში 35 ათას აბონენტს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, ამ დროისთვის 33 ათას აბონენტს უკვე ჩართული აქვს ელექტროენერგია და  აქტიური მუშობა გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დრონებით ხდება დაზიანებული ადგილების იდენტიფიცირება და შემდეგ მიდის ჯგუფი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ხოლო ყველაზე რთულ ადგილებში გადაადგილება თოვლმავლებით, ბურანებით ხდება.

„გაზმომარაგებაშიც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ხვალ დღის ბოლოს სრულად აღდგება გაზის მიწოდება. ელექტრომომარაგებაზეა დამოკიდებული წყალმომარაგებაც. ძირითადად, წყალმომარაგება ყველა მუნიციპალიტეტში აღდგენილია. ჩოხატაურში მთლიანად არის აღდგენილი, ვაკიჯვარს არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტრომომარაგების აღდგენისთანავე წყალმომარაგებაც აღდგა", -განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე ინფორმაციით, 112-ში შეტყობინებების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი კლებაა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, პიკი იყო 26 თებერვალს, როდესაც 950, ხოლო შემდეგ 850 შეტყობინება დაფიქსირდა, დღეს კი ეს რიცხვი 379-მდე შემცირდა.

„გვაქვს ბევრი შეტყობინება სოციალური ქსელით, აბსოლუტურად ყველა შეტყობინებაზე ხდება რეაგირება, ყველასთან მიდიან მაშველები, სამხედროები ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მიაქვთ მედიკამენტები, საკვები და ყველა საჭირო ნივთი. ასევე მოწყობილია 35 ლოკალური შტაბი, სადაც განთავსებულია საკვები და მედიკამენტები. იქვე არიან სოფლის ექიმები, რომლებიც საჭიროების შემთხვვაში გასცემენ მედიკამენტებს, მერის წარმომადგენლები 24-საათიან კომუნიკაციაში არიან ყველასთან. ფაქტობრივად აღარ გვყავს ოჯახი, რომელთანაც არ გვაქვს კომუნიკაცია, ან არ ვიცით, რა მდგომარეობაა", - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი იყო სურების თემი, სადაც სურსათი და მედიკამენტები დილიდან გაიგზავნება.

„ყველა მიმართულებით, სადაც ვერ მივდიოდით, ტექნიკა მუშაობს და ძალიან მალე გვექნება პოზიტიური შედეგები. ძირითადად მისულები ვართ თემის ცენტრებამდე და სოფლის ცენტრებამდეც აუცილებლად მივალთ. იქ, სადაც გადაადგილების პრობლემა იყო, შექმნილია 35 ლოკალური შტაბი. ვფიქრობ, რომ დადებითი დინამიკაა, პროცესები იმართება აბსოლუტურად სწორად, კოორდინაციაშია ყველა უწყება და პროგრესი ხვალიდან კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.