სასჯელაღსრულების სამინისტრო: წყალდიდობის შედეგად, ორთაჭალის არცერთი დაწესებულების თანამშრომელი და მსჯავრდებული არ დაშავებულა

სასჯელაღსრულების სამინისტრო: წყალდიდობის შედეგად, ორთაჭალის არცერთი დაწესებულების თანამშრომელი და მსჯავრდებული არ დაშავებულა

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, კონკრეტულად ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას  „წყალდიდობას მეშვიდე საპყრობილის პატიმრებიც ემსხვერპლნენ?!“    ცრუ ინფორმაციას უწოდებს და აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტატიის ავტორი ჭორის დონეზე გამოთქვამს ეჭვს, თითქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წყალდიდობის შედეგად  პატიმრები დაიღუპნენ და მას ინფორმაციის გადამოწმების მიზნით სამინისტროსათვის არ მოუმართავს.

 შესაბამისად, სამინისტროში მიაჩნიათ, რომ გაზეთი  ცდილობს მორიგ ჯერზე შეგნებულად მოატყუოს მოსახლეობა სასჯელაღსრულების  სისტემის შესახებ.

„სასჯელაღსრულების სისტემაზე ცრუ ინფორმაცია სუბიექტური მიზნებიდან გამომდინარე ხშირად ვრცელდება, თუმცა ამ შემთხვევის გამოყენება სამინისტროს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია იმის ფონზე, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მთელი ღამის მანძილზე მობილიზებული იყო მსჯავრდებულების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ზემოაღნიშნული სტატია ყოვლად ეწინააღმდეგება ჟურნალისტის ეთიკის ნორმებს, მაგრამ განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამგვარი ტყუილის გავრცელება ხდება მომხდარი სტიქიის ფონზე“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ  ზოგიერთი  მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს მიმდინარეობს გარკვეული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რაც აგრეთვე არ შეესაბამება სიმართლეს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში, მოსული ძლიერი წვიმისა და ნიაღვრის შედეგად, სასჯელაღსრულების არცერთ დაწესებულებას საფრთხე არ შექმნია და შესაბამისად, ორთაჭალის არცერთი დაწესებულების თანამშრომელი და მსჯავრდებული არ დაშავებულა.

„საფრთხის თავიდან აცილების, საზოგადოების, თანამშრომელთა და მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა სრული მობილიზაცია მოახდინა. შედეგად, მსჯავრდებულებს და ინფრასტრუქტურას, სადაც პატიმრები იმყოფებიან, საფრთხე არ ემუქრება“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ წყალდიდობის შედეგად დაზიანებულია ორთაჭალაში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კუთვნილი შენობა, სადაც ცენტრალური აპარატია განთავსებული.

 მათივე ცნობით,  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა სტაბილურია და სრულ კონტროლს ექვემდებარება.