ნუკრი ქანთარია: „ამათ ხელში ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“

ნუკრი ქანთარია: „ამათ ხელში ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“

[მერაბ ბრეგაძე] 

პროკურატურამ „აღიარებითი ჩვენება“ მესამე დაკავებულ ფოტორეპორტიორ, გიორგი აბდალაძესაც ჩამოართვა. უფლებადამცველები პროცესს უნდობლობას უცხადებენ და დაკითხვის სრული ჩანაწერის გამოქვეყნებას მოითხოვენ. საუბარია იმაზე, რომ აბდალაძემ ზეწოლას ვერ გაუძლო და მოიგონა ვერსია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

„ქართული აკადემიის“ წარმომადგენელ ნუკრი ქანთარიას საუბარი ამ თემით დავიწყეთ.  

რა შეფასებას მისცემთ ფოტორეპორტიორების „აღიარებით ჩვენებებს“?

– გაურკვეველი პროცესი თავიდანვე უამრავ კითხვას ბადებდა. ყველაფერი თეთრი ძაფით იყო ნაკერი. ფოტორეპორტიორებს ჯაშუშობაში კი ედებათ ბრალი, მაგრამ აბსოლუტურად გაურკვეველია, რა საიდუმლოებაზე მიუწვდებოდათ ხელი.

დადებითად ვაფასებ კოლეგების სოლიდარობას რეპორტიორების მიმართ. ჟურნალისტების იმ კორპუსს ვგულისხმობ, რომელსაც სამართლიანობა, სინდისიერება, პრინციპულობა და პროფესიონალიზმი აქვს.

როგორც ჩანს, ამ აქციებმა ხელისუფლება საერთოდ დააბნია. რეალურად, ეს არის ერთი კაცის ხუშტური, რომელსაც ყოველი ბუჩქის უკან სნაიპერი ელანდება. ამის გამო აბსურდული კომედიის გათამაშება იწყება. ჯერ საიდუმლო გრიფის მოხსნაზე საუბრობენ, მერე მიდის მარჩიელობა, საქმეს აღნიშნული გრიფი საერთოდ ადევს თუ არა. ყველაფერი მართლაც ბევრ კითხვას აჩენს.

უშუალოდ აბდალაძის „ვიდეოჩვენებას“ რაც შეეხება?

– ბოლოს ვიხილეთ ადამიანის ე.წ. აღიარების პროცესი, რომელიც რაღაც ფანტასმაგორიებს ყვება. თითქოსდა 2002 წელს ( მერე აღმოჩნდება, რომ ეს ამბავი 2000–ში ყოფილა) სადღაც ცხინვალში დააკავეს და პერმანენტულად ცემდნენ. ცემა–შესვენებების აღწერის პროცესი ელემენტარულ დრამატურგიასაც კი მოკლებულია. ამის შემდეგ ვერაფერი მოიფიქრეს და გიორგაძასეთან დააკავშირეს.

ისეთს რას იღებდა ეს კაცი? ამის გადაღება მიტინგზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია და სადაც უნდა იქ გადააგზავნის. ამის უფლება ყველას აქვს.

ჩვენ ვერ დავინახეთ, ამ ადამიანებს რა საიდუმლოებაზე მიუწვდებოდათ ხელი. ასევე ძალიან გაურკვეველი ამბავია, ფოტოგრაფი რა სტენოგრამებს წერდა. ბოლოს და ბოლოს, ფოტოს იღებდა თუ სტენოგრამას შიფრავდა? მერე თურმე, სხვა კომპიუტერთან მიდიოდა და იქ მუშაობდა. თუ ეს კომპიუტერი საიდუმლო მასალების შემცველი იყო, მაშინ პირველ რიგში ვაშაძე ყოფილა დასაჭერი.

მაინც რა „საიდუმლო მასალებზე“ შეიძლება იყოს საუბარი?

– მთავარი კითხვა სწორედ ამაშია – ისეთი რა საიდუმლო აქვს ამ დაქცეულ და გაუბედურებულ ქვეყანას ამათ ხელში? თუ არა მათი პირადი საიდუმლოებები, ქონებრივ და სხვა ათას დანაშაულობებზე. ისეთი რა საიდუმლო გააჩნია ქვეყანას, რომლის ერთ მესამედს სხვა ქვეყანა აკონტროლებს. ყოველდღე ახალი საფრთხის წინაშე ვართ, რომ სხვა რეგიონში რაიმე აფეთქება არ მოხდეს.

ყოველივე ძალიან ბევრ გაურკვევლობას იწვევს. ასე რომ, გუშინდელ ჩვენებებს ვერანაირ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ძალიან უნდოდათ, ამ კაცს რაიმე ეთქვა და მანაც თქვა; ალბათ, რაღაცის ხარჯზე. საუბარია ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე და ა.შ.

ფაქტი ერთია, რომ ფოტორეპორტიორების საქმე ძალიან ჰგავს სტალინის ეპოქის ექიმების საქმეს. მსგავსი ასოციაცია ჩნდება და ასეთ ქვეყანას უკვე მივუახლოვდით.

არსებობს მოსაზრება, რომ ფოტორეპორტიორების დაკავებით, რელიგიური გაერთიანებების კანონის მიღებასთან დაკავშირებული სკანდალის გადაფარვას შეეცადნენ.

– გამორიცხული არაფერია; მაგრამ მათთან მომუშავე კადრების დაკავება რაში დაჭირდათ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აქ შესაძლოა პირად მოტივებზე იყოს საუბარი. სამწუხაროდ, მარჩიელობა გვიწევს, რადგან რეალურად საქმის შესახებ არაფერი ვიცით; გარდა იმისა, რომ ისინი ნამდვილი შტირლიცები ყოფილან, ამათ სამსახურებში ჩანერგილები და ა.შ. მაგრამ რას გასცემდნენ, რა მიჰქონდათ და რა მოჰქომდათ, სრულიად გაუგებარია.  

ერთადერთი ის არის, რომ ამათ ხელში ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება. გარშემო რასაც ვხედავთ, ყველაფერი ამაზე მიანიშნებს. ბევრი ისეთი ვერაგული გეგმები აქვთ, რაზეც წინ დიდი სკანდალები გველის.

ხელისუფლების ასეთი ტიპის ნაბიჯები, როდესაც საზოგადოებრივი აზრის იგნორირება ხდება, ქვეყანას რას მოუტანს?

– იგივე რელიგიური გაერთიანებების კანონის მისაღებად, არც მორალური და არც სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ. უნდა ეკითხათ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, ვისთანაც კონკორდატი აქვთ გაფორმებული. ამის სრული უგულვებელყოფა მოხდა; მათ შორის პატრიარქის გამოსვლის სულისკვეთება არ გაითვალისწინეს.

მერე თვითონვე ნახეს, რომ ძალიან ცუდ რამეს ეთამაშებოდნენ. შედეგად მოხერხდა გარკვეული კონსენსუსის მიღწევა. თუ უკან არ დაიხიეს, გაჩერდნენ მაინც და გარკვეულ შემხვედრ ნაბიჯებზე წამოვიდნენ. მაგრამ რომ სინჯეს, უკვე ესეც დიდი თავხედობა– უზრდელობის და სისულელის გამოვლინებაა.

ასევე გაჩნდა საფრთხე, რომ ერებს შორის შუღლი გაღვივებულიყო. არ შეიძლება ასეთი სცენარი ვინმე ჭკუათმყოფელს აწყობდეს.

არასამთავრობოს წარმომადგენელ არნოლდ სტეპანიანს ე.წ. ქსენოფობიური გამონათქვამების სიაც კი შეუდგენია და როგორც მითხრეს, მასში მეც შევუყვანივარ. ძალიან მაინტერესებს, რომელ გამონათქვამით სარგებლობს. სად და როდის ნახა, რომ რომელიმე ერზე თუნდაც ხუმრობით რაიმე მეთქვას. იქნებ დაასაბუთოს, რას ემყარება მისი გამონათქვამები.

საით მივყავართ პროცესების რადიკალიზაციას?

– ხელისუფლებამ ალბათ მომენტი დაიგულა. საერთოდ, ზაფხულში ცდილობენ ხოლმე, რომ რაღაცეები მოასწრონ. ძირითადი მიზანია, ყველაფერი წელში გადატეხონ და მომავალი არჩევნებისთვის მიიღონ დაუძლურებული, დაბეჩავებულ–დაჩაგრული ხალხი, რომელსაც როგორც მოუნდებათ ისე მართავენ. ცდილობენ, წინა პლანზე გამოსული ყოველგვარი ნაპერწკლები ახლავე ჩაახშონ. არ მოხდეს ამ ნაპერწლების შეგროვება, არ გაჩაღდეს დიდი ცეცხლი, რომელიც მათ წალეკავს.

მაგრამ ამით, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესები აღმოჩნდება საფრთხის წინაშე. მაინც მგონია, რომ არაფერი გამოუვათ, იმდენად სახიფათო ცეცხლს ეთამაშებიან. ისინი არა ერთ კონკრეტულ ჯგუფზე, არამედ მთლიანად საზოგადოებაზე გადმოვიდნენ; საუბარია ერის ინტერესებზე და ვფიქრობ, ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მეტ კონსოლიდაციას გამოიწვევს. თუ დავაკვირდებით, ამის ნიშნები უკვე შეიმჩნევა.

სად არის ამ დროს პოლიტიკური ოპოზიცია?

– ოპოზიციური სპექტრი ისე დახლიჩეს და გაფანტეს, რომ ერთმანეთის მიმართ ზიზღიც კი იყო გაჩენილი. მათ ერთმანეთის დანახვა და ერთად დგომაც კი აღარ უნდოდათ. ვფიქრობ, ეს ეტაპი ნელ–ნელა გადადის, რადგან საფრთხე რეალურია. გარკვეული კონსოლიდაციის ნიშნებს უკვე ვხედავ.

საზოგადოებრივი ერთიანობა გვჭირდება. სამოქალაქო მოძრაობა უკვე დაიწყო და სექტემბერში მის გააქტიურებას ველი. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურ სპექტრთან ერთად მოხდება.

პირველ რიგში რა ნაბიჯებს ელით საზოგადოებრივი–სამოქალაქო მოძრაობისგან, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ საფუძველი ჩაეყარა?

– ერთიანი განწყობა უნდა შეიქმნას ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად. ქვეყნის გადარჩენა, ახალი, სამართლიანი ხელისუფლებისთვის ბილიკების გაკვალვა უნდა მოხდეს. ეს გზა აუცილებლად უნდა გამოჩნდეს, რომ ჩვენ მართლაც შევძლოთ თავისუფალი არჩევანის გაკეთება. უსიერი ტყე უნდა გაიკაფოს და ამ გზას მყარად უნდა დავადგეთ.

ამისთვის პირველ რიგში განწყობები უნდა შეიცვალოს. სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა ჩამოყალიბდეს. ადამიანებს თავისუფალი არჩევანის მოთხოვნილება უნდა გაუჩნდეთ. ამის აუცილებლობა უნდა შეიქმნას. ამ მხრივ ძალიან რთული და ბევრი სამუშაოა. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ სპექტრს (რომელსაც ამ პროცესის მიმართ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს), ასევე საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც თვლის, რომ თვალი არ უნდა დაუხუჭოს საშინელებებს, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ხდება.