აკაკი ბაქრაძე - „აუცილებელია ერთიანი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება“

აკაკი ბაქრაძე - „აუცილებელია ერთიანი ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება“

ბატონო აკაკიროგორ აფასებთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას და თქვენი აზრითარსებობს თუ არა გზებირომლებიც ჩვენს ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს?

- საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ყველასათვის მკაფიო და ნათელია, მაგრამ გზები, რომლებიც გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან, რა თქმა უნდა, მოსაძებნი გახლავთ. მოსაძებნია, აგრეთვე, ის საერთო საყრდენი და საფუძველი, რაც ჩვენს მდგომარეობას გააუმჯობესებს და თავს დაგვაღწევინებს იმ სიდუხჭირეს, რაშიც დღეს ვართ ჩავარდნილი.

სიდუხჭირე მრავალგვარი გახლავთ: ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და კიდევ მრავალი სხვა. არ არსებობს ჩვენში რაიმე საქმიანობა, რომელსაც არ უჭირდეს და რომელსაც რაიმე საფრთხე არ ემუქრებოდეს. ამიტომ, როგორც ჩანს, ყველაფერი უნდა მოგვარდეს ერთი საერთო ღონისძიებით, ერთი საერთო საშუალებით. სხვაგვარად, ცალ-ცალკე ჩვენ ვეღარ მოვახერხებთ მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამოსწორებას.

ისეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც დღეს საქართველოა, ბუნებრივია, ეყრდნობა ორ ძალას: ერთი გახლავთ რეალური ძალა. ამაში მე ვგულისხმობ როგორც სამხედრო ძალას, ისე ფინანსურს და ეკონომიკურს - ე. ი. ყველა იმ კომპონენტს, რომლისგანაც ქვეყნის სიძლიერე შედგება.

მეორე - ერის ცნობიერება და მისი შეგნებულობაა. ერი კარგად უნდა ხედავდეს იმ უბედურებას, რომელიც დღეს საქართველოს დაატყდა თავს და ერთიანი მტკიცე შეგნებით უნდა ცდილობდეს მისგან თავის დაღწევას. როგორც ჩანს, უპირველესი ამოცანა ის არის, რომ როგორმე მოხდეს ჩვენი გამთლიანება-გაერთიანება, რადგან ყველა დიდ საქმეს და მით უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყნის აშენებას სჭირდება ეროვნული მთლიანობა. დღეს არ არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთს რაღაც წვრილ-წვრილი ანგარიშები ვუსწოროთ, თუნდაც სხვადასხვა შეხედულებისა ვიყოთ ამა თუ იმ საკითხზე.

ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დახსნა, სხვა საკითხები კი მერეც შეიძლება მოგვარდეს. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ჩვენ ვგავართ გრიგალში მოხვედრილ გემს. ამ გემის მგზავრებს რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეთ ერთმანეთთან? უყვართ თუ არ უყვართ ერთმანეთი, სჯერათ თუ არ სჯერათ ერთმანეთის, მტრობენ თუ არ მტრობენ ერთმანეთს, ყველას ერთი ამოცანა აქვს: როგორმე თავი დააღწიონ ამ უბედურებას და სამშვიდობოს გავიდნენ... მთავარია საქართველო გადარჩეს, ყველა სადაო საკითხი კი შემდეგ მოგვარდება. ამიტომ კიდევ ვიმეორებ: თუ ჩვენ ერთიანობის შეგნება ჩამოგვიყალიბდება, მაშინ მოვახერხებთ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლას. ეს არის უპირველესი ამოცანა. ამას სჭირდება მუშაობა ყველა თვალსაზრისით: მუშაობა პროპაგანდისტული თვალსაზრისით, მუშაობა პოლიტიკური ხასიათის, მუშაობა თუ გნებავთ, ჩვენი ეროვნული სიამაყის თვალსაზრისით და ა. შ. ერთი სიტყვით, ყველა კომპონენტი ჩვენი საქმიანობისა, ჩვენი აზროვნებისა უნდა დამორჩილდეს ამ უმთავრესს - ერთიანი ეროვნული შეგნების ჩამოყალიბებას.

ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, უნდა გამოიძებნოს გზები, რომ დაძლეულ იქნას ჩვენი ჩამორჩენილობა ეკონომიკის სფეროში, რადგან პოლიტიკა ყველა დროში და მითუმეტეს, დღეს, განისაზღვრება ეკონომიკით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი აუცილებელი დასკვნა: დღეს საქართველომ თავის ეკონომიკას უნდა უშველოს. ეს ხელისუფლების ამოცანაც არის და ხალხის ამოცანაც. თუ ჩვენ ეკონომიკურ საკითხებს მეტ-ნაკლებად მოვაგვარებთ, ამით შევქმნით საფუძველს იმისას, რომ მოგვარდეს ყველა სხვა დანარჩენი პრობლემაც. ეკონომიკური ძალა სჭირდება მძლავრი არმიის ჩამოყალიბებასაც. თუ ჩვენ არ გვეყოლება მძლავრი არმია, ვერ დავამთავრებთ გამარჯვებით იმ საგარეო ომს, რომელიც დღეს მიმდინარეობს საქართველოში, ამიტომ კიდევ ერთი უმთავრესი ამოცანაა მძლავრი არმიის შექმნა. მძლავრ არმიას კი მძლავრი ეკონომიკა სჭირდება.

ეკონომიკა გვჭირდება ჩვენი კულტურული პირობების გასაუმჯობესებლადაც. არსებითად, ქართული კულტურა დღეს განადგურებულია, ვერაფერი ახალი, სერიოზული და მნიშვნელოვანი დღეს ჩვენს კულტურაში ვერ იქმნება. ჩვენი ჩამორჩენა ძალიან დიდ, კატასტროფულ ხასიათს იღებს.

მძლავრი ეკონომიკა გვჭირდება ჩვენი განათლების მდგომარეობის გასაუმჯობესებლადაც. თუ სიმართლეს ვიტყვით, დღეს ქართული განათლება აღარ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ მას არა აქვს თავისი პროგრამა, მიზანი და საშუალება, რომ განათლება მისცეს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს სწავლობენ სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლებლებში და შექმნას ახალი ბირთვი, ახალი ძალა ქვეყნის განათლებული მომავლისა... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღეს უბრალო სახელმძღვანელოებსაც ვერ ვბეჭდავთ, ამასაც მძლავრი ეკონომიკა სჭირდება.

დღეს, რამდენადაც ამას მოვახერხებთ, თავი უნდა დავანებოთ გაუთავებელ პოლიტიკურ ალიატუტობას, რადგან ეს აღარაფერს იძლევა. გაუთავებელი პოლიტიკური კამათი, დავა ჩვენს ქვეყანას ნგრევის გარდა არაფერს მოუტანს. დროებით დავივიწყოთ პოლიტიკური უთანხმოებანი და ეკონომიკას მივაპყროთ მთელი ჩვენი ყურადღება, რომ ყველა ის პრობლემა, რაზეც უკვე ვილაპარაკეთ, როგორმე მოგვარების მიმართულებით წავიყვანოთ.

თუ ჩვენ მოვახერხებთ და ჩამოვაყალიბებთ ერთიან ეროვნულ ცნობიერებას და ნელ-ნელა ეკონომიკასაც გავაუმჯობესებთ, მაშინ თავს დავაღწევთ შექმნილ მდგომარეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდა ვაღიაროთ, რომ კატასტროფა გველის! ეს კატასტროფა უკვე აღარ იქნება უბრალო მოვლენა. ეს არ იქნება ჩვეულებრივი დამარცხება, ისეთი, როგორიც მრავალჯერ უწვნია საქართველოს მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე.

ეს იქნება კატასტროფა, რომელიც დასვამს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხს. ამიტომ მე მიმაჩნია აუცილებლად, რომ სწორედ ამ ორი მიმართულებით: ეროვნული მთლიანობის შეგნების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკის გაუმჯობესებისაკენ წარიმართოს მთელი ის ენერგია, რაც აქვთ ადამიანებს დღეს საქართველოში, რათა ამ მძიმე ვითარებას თავი დავაღწიოთ.