არ ვიცით, ამ ბოლო დროს პოლიტიკური სენტიმენტალიზმი მოგვეძალა თუ უბრალოდ, ჩამქრალ პოლიტიკოსთა აჩრდილები აგვედევნა. ფაქტი ერთია, ჩვენი რუბრიკის სტუმრად ისეთ რესპონდენტებს ვარჩევთ, ახლა რომ აღარ ჩანან ასპარეზზე. სულ რაღაც თხუთმეტიოდე წლის წინ კი მგზნებარე პოლიტიკოსები იყვნენ. ეს ალბათ დღევანდელი სიტუაციის ბრალია, თორემ რამდენიმე თვის წინ სად გვეცალა, გაბმული ვიყავით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
მოკლედ, სანამ ისევ "დაიქოქება" ჩვეულებრივი ქართული პოლიტიკა და ხელისუფლება-ოპოზიცია ახალ საკბილოებს მოგვცემს, ყველასათვის ნაცნობი ქალბატონს, ლუიზა შაკიაშვილს ვესაუბროთ.
ქალბატონო ლუიზა, საკვირველია, რატომ ხართ პასიური მაშინ, როცა ასეთი ამბები ხდება?
- რა გითხრათ, ჩემო კარგებო. ყველაფერს აქვს დასაწყისი, გაგრძელება და დასასრული, მათ შორის, პოლიტიკოსობასაც.
ნეტა თქვენსავით ფიქრობდნენ სხვებიც...
- რომ არ ფიქრობენ, ესაა სწორედ ქვეყნის უბედურება. პასიური კიდევ იმიტომ ვარ, რომ პოლიტიკოსი, რომელიც სამი პრეზიდენტის არჩევაში შეცდება, უნდა გაჩერდეს. მისი ადგილი პოლიტიკაში აღარაა.
კიდევ ის გვიკვირს, როგორ მოითმინეთ ჩუმად ყოფნა, როცა მთელი სამი თვე მიტინგები მიმდინარეობდა?
- ეგ მეც მიკვირს. აბა, წარმოიდგინეთ, მე, ლუიზა შაკიაშვილი, მივიდე მიტინგზე და სიტყვით არ გამოვიდე. ხომ წარმოუდგენელია?
ეგ მართლაც წარმოუდგენელია. თანაც თქვენი პირდაპირობა რომ ვიცით, მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოხვიდოდით.
- სწორედ მაგიტომ შევიკავე თავი. მე რომ იქ მივსულიყავი, ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიციას მოუწევდა გინება, თანაც კარგი კახური გინება.
რას ერჩით ოპოზიციას, თავისი გაჭირვება ეყოფა.
- აბა, ვის ვერჩი, ხელისუფლებას? რა, გაბრაზებული უნდა ვიყო, რომ არ გადადგა? ეს ხომ ისედაც ვიცოდი. ხელისუფლებასთან უამრავი პრეტენზია მაქვს, მაგრამ იმაზე გაბრაზება, რომ პრეზიდენტი არ გადადგა, სასაცილოა.
რატომ არის სასაცილო, რა, არ გადადგა წინა?
- რას ლაპარაკობთ, ხალხო? ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, ორმეტრიანი კაცი ადგება და თავისი ნებით გადადგება? დე გოლობას სთხოვთ? არ არის ეს კაცი დე გოლი და ჰა... რას შვრები ახლა? ყველა ოცნებას, რაც ბავშვობაში ჰქონია, ახლა ისრულებს, საქანელებზეც კი ახლა "კატაობს" და სად წავა?
ჰოდა, არც მიდის. მაშ, რა უნდა ვქნათ?
- ვერაფერს ვერ ვიზამთ ასეთი ოპოზიციის ხელში. იძახიან, კონსტიტუციურ ჩარჩოში ვართო. მართლა ჩარჩოში არიან. ისიც კი არ იციან, მიტინგი როგორ ჩაატარონ. სხვას რომ თავი დავანებოთ, სკანდირება არ შეუძლიათ! ცოდნა უნდა ამას, გენაცვალე, ცოდნა! ირაკლი წერეთელი რომ გამოვიდოდა და დასჭექდა, იმოდენა ხალხი ერთ ხმაზე დგებოდა, ახლა რა... 100 ათას კაცს ერთხმად რომ ესკანდიროს "ძირს" ან "გადადექით", - გაგიგიათ?
როგორ არა, ხომ ყვიროდნენ, მიშა წადი, მიშა წადიო...
- ეგ რა იყო, კაცო, ჩემი ხუთი ძმისშვილი რომ დავაყენო და ვასკანდირო, მაგათ მაინც ვაჯობებ. ეჰ, რა დრო იყო... ზვიადი, მერაბი, ირაკლი, გია, თამრიკო და მე მსვლელობას რომ დავიწყებდით 100 კაცით, მერე სიმღერას დავჭექდით და გვემატებოდა და გვემატებოდა ხალხი გზადაგზა, პარლამენტთან უკვე 10 ათასი ვიყავით. ესენი კი მოდიან ბაიყუშებივით, იწყებენ 100 ათასით და ამთავრებენ 500 კაცით.
არადა, მომღერლების ნაკლებობას არც ესენი უჩიოდნენ...
- თუ რაიმეს მიღწევა გინდა, მსხვერპლიც უნდა გაიღო. ამათ კი მსხვერპლის გაღება არ უნდათ. მიშა, თუ გახსოვთ, დიდ რისკზე წავიდა, როცა პარლამენტში შევარდა და მიაღწია კიდეც, რაც უნდოდა! ესენი კი გაიძახიან - "კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გადავალთო" და თან აყოლებენ, - მიშა ხვალიდან შენ აღარ იქნებიო. გამაგებინეთ, როგორ მოხდება ეს? მე ტელევიზორში ამის ყურებით დავიღალე და წარმომიდგენია, იქ მყოფი ხალხი რა დღეში იქნებოდა.
ახლა თქვენი დროის პარლამენტიც გავიხსენოთ... როგორ ჩქეფდა სიცოცხლე, არა?
- იმიტომ, რომ ქვეყანაზე ვზრუნავდით და არაფრის გვეშინოდა. მაშინ, მე რომ ჯაბა იოსელიანს დავუპირისპირდი, ყველას გიჟი ვეგონე. გაგაგორებენ სადმე, შე საწყალოო, - მეუნებოდნენ. არადა, პირიქით იყო, ჯაბა მე უფრო მცემდა პატივს. მერე შევარდნაძესაც გადავწვდი და ისეთ დღეში ჩავაგდე, სხდომა მიატოვა და წავიდა. აი, ის იყო პარლამენტი, აბა, დღეს რა არის? ხმამაღალ სიტყვასაც ვერ გაიგონებ...
ხელფასი რამდენი გქონდათ მაშინ?
- დღევანდელ კურსზე რომ გადავიყვანოთ, დაახლოებით 24 ლარი.
ახლანდელ დეპუტატებს 3.000 ლარი აქვთ ხელფასი და რატომ იყვირებენ?
- ჰო, თავისთვის კი გაიზარდეს ხელფასი, რა ენაღვლებათ.
ახლა ჩვენს პრეზიდენტზეც გვინდა ვკითხოთ, არჩევანში შევცდიო - თქვით...
- შევცდი და ვაღიარებ, ხმა მივეცი, კაცო. მე, პროფესიით რეჟისორს, ეს პატარა ბიჭი თუ მომატყუებდა, რას წარმოვიდგენდი?
მაგარი ყოფილა...
- მაგარია, როგორც მსახიობი, მართლა ძალიან მაგარია...
შევარდნაძეს აჯობა?
- არა, შევარდნაძემდე ბევრი უკლია, ის უფრო მაგარი იყო. ერთხელ, მახსოვს, მასთან ვიყავი კაბინეტში, მეუბნება, - რა ვქნა, ქალბატონო ლუიზა, თანამდებობებზე ვინ დავნიშნო, აღარ ვიცი, განათლებული და პატრიოტი კაცი ვერ ვიპოვეო და ცრემლი გადმოუვარდა. ეს ისე გააკეთა, მეც ავტირდი, წარმოგიდგენიათ, რამხელა მსახიობი იყო... მიშას ბევრი უკლია, მაგრამ ახალგაზრდაა ჯერ, ისწავლის.