კორნელი კუკულავა:

კორნელი კუკულავა: "რა არ არის სალაპარაკო? - „საქმე ლაპარაკის ნაცვლად"

[ნატო გოგელია]

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-13-ე მუხლის ავალდებულებს პარლამენტის წევრს (მიუხედავად მისი არჩევის ფორმისა) 6 თვეში ერთხელ მაინც წარსდგეს ამომრჩევლის წინაშე და მიაწოდოს ინფორმაცია მისი  და პარლამენტის საქმიანობის შესახებ.

„ეს არის დიდი პასუხისმგებლობა. უზარმაზარი დავალება. მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. ვხედავ თითოეული ჩოხატაურელის გაჭირვებას, ამის პარალელურად ვხედავ მშენებლობას ჩვენი ქვეყნისა, ეს მაძლევს საფუძველს რომ  თამამად წავრსდგე თქვენს წინაშე და გითხრათ, რომ არჩევის შემთხვევაში ჩოხატაურელებისთვის, თქვენი კეთილდღეობისთვის ჩემი ძვირფასებო, ძალებს არ დავზოგავ. არ მინდა ბევრი დაპირება მოგცეთ. მე გაკეთებული საქმეებით მსურს დაგამახსოვრდეთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მხარდაჭერა მექნება, დამერწმუნეთ, ნამდვილად შევძლებთ ჩოხატაურის შენებას, ჩვენ ყოფის გაუმჯობესებას. არ დავიშურებ შრომას და ენერგიას ჩოხატაურისათვის“ – ეს სიტყვები კორნელი კუკულავას წინასაარჩევნო  რეკლამიდანაა.

პარლამენტარის ოფიციალურ ვებ გვერდზე (http://chokhatauri.majoritarian.ge/index.php) კუკულავას ამომრჩეველთან ურთიერთობის ან მისი პარლამენტში საქმიანობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ დევს. აღნიშნულ გვერდზე, მხოლოდ კუკულავას მისალმების წაკითხვაა შესაძლებელი:

„მოგესალმებით ძვირფასო ამომრჩევლებო! მინდა ჩვენი ხედვა, პოზიცია და სამოქმედო გეგმა გაგაცნოთ და ასევე, შევეცდები პასუხი გავცე თქვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში, თქვენთან შეხვედრების დროს გამოიკვეთა. გაგაცნოთ თუ როგორ და რა კონკრეტული ქმედებებით ვაპირებ იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დღეს ყველა ჩვენთაგანს აწუხებს“ – წერს დეპუტატი.

მისი მრავალი საარჩევნო დაპირებიდან ერთ–ერთი იმედების არგაცრუება იყო, თუმცა დღეს ჩოხატაურელები მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ. არაოფიციალური ინფორმაციით  კუკულავამ ვერც მისი მფარველების იმედები გაამართლა და ამიტომაც მისი კანდიდატურა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე არ განიხილება.

დეპუტატის ბიუროს ერთ-ერთი სპეციალისტი სვეტა ოგანესიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კუკულავა ამომრჩეველს ხშირად ხვდება, თუმცა, აღნიშნული შეხვედრების ამსახველი მასალები ვერ წარმოგვიდგინა. უფრო მეტიც, ჩვენს თხოვნაზე, ეჩვენებინა ბიუროს დებულება – გვიპასუხა: „არ განახვებთ. გეუბნებით. მორჩა და გათავდა“.

ჩვენს მიერ გამოკითხული ჩოხატაურელების უმრავლესობამ ისიც კი არ იცოდა ვინ იყო ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

ნანული ართმელაძე:  ნამდვილად არ ვიცი ვინ არის პარლამენტის დეპუტატი ჩოხატაურიდან. ის კი ვიცი, რომ ჩვენ ყურადღებას არც დეპუტატი გვაქცევს და არც სხვა ვინმე.

მაქსიმე ხაბეიშვილი: ნამდვილად არ მახსოვს მისი ვინაობა.

„ვიცი რომ კუკულავაა დეპუტატი, მაგრამ მასთან შეხვედრა არასოდეს მქონია. დაბაში ვცხოვრობ. მანანა ჯინჭარაძე ნამდვილად დადის ამომრჩეველთან შეხვედრებზე, კუკულავა კი, არჩევნების შემდეგ არ მინახავს“, – გვითხრა ქალბატონმა ზოიამ, რომელიც გვარის დასახელებას მოერიდა.

„ჩვენ გვერდით დავუდგებით ბატონ კორნელის. დავლოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ.  მეც ჩოხატაურელი ვარ და კარგად ვიცი ჩვენი რაიონის კუთხე-კუნჭული. ვიცნობ ადამიანებს. ბატონი კორნელი ნამდვილად არის ის ადამიანი, რომელსაც ნამდვილად შეიძლება ჩოხატაურელთა გულშემატკივარი ვუწოდოთ და ნდობა გამოვუცხადოთ“ – ასე დაუჭირა მხარი, შემოქმედელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იოსებმა კორნელი კუკულავას წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

არჩევნებამდე ლაპარაკის ნაცვლად საქმეს გვპირდებოდა. არჩევნებიდან მესამე წელს კი, დეპუტატი ამბობს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არავის საქმე არ არის.

საქმე იმაშია, რომ დეპუტატის ბიუროში, რომელიც სახელმწიფო და იმავდროულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, როგორც გვეუბნებიან კადრები ნაცნობობის და ნათესაობის გათვალისწინებით ინიშნება. არც თუ დიდი ხანია მას შემდეგ, რაც კუკულავას ბიუროდან სპეციალისტი საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. მის ნაცვლად კი რძალი დატოვა(?!) რამდენიმე დღის წინ ასევე საკუთარი განცხადებით წასულ თანამშრომელს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსის, ლია ჩიგოგიძის ძმისშვილი ჩაანაცვლებს.

„ვინ მოთვლის რამდენი განცხადება დავწერე. საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, გუბერნატორის სახელზეც კი. დეპუტატს პირადად ვესაუბრე. წერილებზე პასუხი ერთი თვის შემდეგ მივიღე. ვაკანტური ადგილის შემთხვევაში თქვენს განცხადებას განვიხილავთო. მას შემდეგ 2 წელზე მეტი გავიდა და ბევრი თავისუფალი ადგილიც იყო, თუმცა ჩემთვის არავის დაურეკავს. მახსოვს, პირველად რომ განცხადება დავწერე, მითხრეს, მარტო წითელი დიპლომი არ კმარაო. კომპიუტერიც ვისწავლე, საბუღალტრო კურსებიც გავიარე, თუმცა, მათთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი.

ერთმა ჩინოვნიკმა პირად საუბარში მითხრა, ინგლისური უნდა იცოდეო. თქვენც გაზეთში  წავიკითხე როგორ არ დაასაქმეს ინგლისურის მცოდნე და საზღვარგარეთ განათლება მიღებული ადამიანი. ალბათ, მასაც ჩემსავით არ ჰყავს გავლენიანი ნათესავი. საარჩევნოდ, ლაპარაკის ნაცვლად საქმეს გვპირდებოდნენ. არჩევნების შემდეგ კი საქმის ნაცვლად მხოლოდ ლაპარაკობენ. უკვე დავიღალე კარიდან კარზე სიარულით. ალბათ, რაღაც შეიცვლება და იქნება ხელისუფლება, რომელსაც პროფესიონალი და ნასწავლი კადრები დასჭირდება“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა ჩოხატაურელმა, რომელიც ვინაობის გახმაურებას ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად მოერიდა.

 ჩვენი რესპონდენტის მსგავსად, ბევრი ჩოხატაურელი მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურში მხოლოდ ერთმანეთის ნათესავებია დასაქმებული. ამას ფაქტებიც მოწმობენ. როცა საქმე ვაკანტურ ადგილზე მიდგება, ყველას ავიწყდება მრავალგზის დაპირება, რომ კადრები არა ნაცნობობით, არამედ პროფესიონალიზმის მიხედვით, გასაუბრების შემდეგ შეერჩიათ.

ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ მისი ბიუროს სპეციალისტის „რაცხა“ 230 ლარი სალაპარაკო არ არის და მიაჩნია რომ ხელფასი არ უნდა „დავამადლოთ“(?!)

ბატონო კორნელი,  თქვენს ბიუროში ერთმანეთის ნათესავების დასაქმება მოდური გახდა. საინტერესოა, რატომ არ აძლევთ იმ ადამიანებს დასაქმების შანს, რომლებსაც გავლენიანი ნათესავები არ ჰყავთ? თქვენთან ხომ დასაქმების თხოვნით ბევრი განცხადება შემოდის... ვაკანტურ ადგილზე მაინცდამაინც ბიუროს უფროსის ძმისშვილი რატომ შეარჩიეთ?

– ჩვენთან რომელი განცხადებები შემოდის?!

გამგეობაში, საკრებულოში დასაქმების თხოვნის განცხადებები არ არის?

– გამგეობა სხვა არის და ჩვენი სხვა ვართ.

თქვენთან, დეპუტატის ბიუროში დასაქმებაზე განცხადებები არ არის შემოსული?

– ჩემთან თუ არის დახმარების თხოვნა, იცით რომ ამას ყველას ვუგზავნი (?!).

კითხვაზე არ მპასუხობთ. სამსახურში დასაქმების თხოვნით არ შემოდის თქვენთან განცხადებები?

– დასაქმებაზე რომ არის, მე ვგზავნი გამგეობაში.

რამდენიმე წამის წინ გამგეობაში შესული განცხადებების შესახებ არაფერი იცოდით! გამგეობაში გადაგზავნამდე არ კითხულობთ? წაგეკითხათ, იქნებ პროფესიონალის CV იყო, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ადგილობრივ ხელისუფლებას. ყოველგვარი კონკურსის და გასაუბრების გარეშე დეპუტატის ბიუროს უფროსის ძმისშვილის დანიშვნა მინიმუმ არ გეუხერხულებათ?

რა მოხდა მერე (?!).

დაგვისახელეთ ერთი მიზეზი, რომლის გათვალისწინებითაც აღნიშნული პიროვნება შეარჩიეთ...

- ის ძალიან კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდა. ვიცნობ ძალიან კარგად და ამიტომ გადავწყვიტე.

სხვებს, რომლებსაც თქვენთან განცხადებები ჰქონდათ დაწერილი  არ იცნობდით?

– ბევრი დასაქმდა იმათგან, ისე, ვინ არის მითხარით ასეთი, ერთად წავიმუშავოთ. დავჯდეთ და რაღაც მოვიფიქროთ. მაინცდამაინც, ჩემსას რომ ხედავთ სხვისას ვერ ხედავთ?

ამ საკითხებზე მუშაობა დარაიმეს გამოძებნა“ თქვენი მოვალეობაა. რაც შეეხება სხვას, გადამისამართება ამ ხელისუფლებას კარგად გამოსდის... თუმცა, მაინც გეტყვით, რომ სხვაგანაც მოვიკითხეთ, გვეწერა კიდეც და ფაქტია, რომ ჩოხატაური ნეპოტიზმის კლასიკური მაგალითია. ამიტომაც გეკითხებით, რატომ არ აძლევთ სხვას შანს... თქვენ, პარლამენტის დეპუტატი, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ ძალიან სამართლიანი და კარგი ხელისუფლებაა ქვეყნის სათავეში, ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არანაირი ნაკლი არ აქვს, არ შეგიძლიათ იყოთ ნოვატორი და იმის დასადასტურებლად, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორცჩვენ ვფიქრობთ“ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი, მინიმუმ, გასაუბრება  გამოაცხადოთ?

– გავიგე, მაგრამ არ არის ეს ისეთი არც ადგილი და არც  ხანგრძლივი.

რამდენია ხელფასი?

– რა არის, რაღაც 230 ლარი.

პარლამენტის დეპუტატი ბრძანდებით, გაცილებით დიდი ხელფასი გაქვთ და ალბათ თქვენთვის 230 ლარი მართლაც არაფერია. რიგითი ჩოხატაურელისთვის კი 230 ლარი ბევრია.

– ძალიან ბევრს გონია ასე, მაგრამ მე  იმდენი ხარჯი მაქვს ჩემი ხელფასიდან, რომ...

შეიძლება ხარჯი გაქვთ, მაგრამ სარგებელიც მშვენიერი გაქვთ. მერე სოლიდური პენსიაც დაგენიშნებათ...

– კაი ახლა. რა პენსია.

პარლამენტარს ხომ პენსია ენიშნება. რა გითხარით ასეთი უცნაური?!

– რომ მენიშნება მერე რა იყო. ვის რას ვამადლი. ეს ჩემი ცხოვრებაა.

თქვენც ცხოვრებაში არც არავინ ერევა. უბრალოდ თქვენიწუწუნის“ საპასუხოდ შეგახსენეთ...

– თუ ფულიც მაქვს რამდენ გაჭირვებულს მივეხმარე ისიც უნდა იცოდეთ.

ბატონო კორნელი ეგ არ არის თქვენი მოვალეობა?

– არ არის ჩემო კარგო. უნდა გავაკეთო, მაგრამ ხელფასს რომ მამადლით...

მე არაფერს გამადლით. თქვენ თქვით რომ რა არისრაღაც 230 ლარი“. მე კი აგიხსენით, რომ ჩოხატაურელებისთვის ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა.

– რა სალაპარაკოა ანაზღაურებები. ზოგჯერ შეიძლება ჩემზე დაბალ თანამდებობაზე მყოფ პირს ათჯერ მეტი ჰქონდეს ხელფასი და რაღაცები, მაგრამ რა ჩემი საქმეა...

თქვენი ხელფასი ნამდვილად არის ხალხის საქმე. თუმცა, ეს საუბრის სხვა თემაა. კითხვაზე მიპასუხეთრატომ დანიშნეთ თქვენს ბიუროში სპეციალისტად ბიუროს უფროსის ძმისშვილი?

– ეს არავის საქმე არ არის.

საზოგადოების საქმეა, იმ საზოგადოების, რომელიც ხელფასს გიხდით.

– არ არის ეს საკონკურსო... ამდენი წელია ვიცნობ მაგ ადამიანს და გასაუბრებულიც.

კუკულავას ბიუროს ადგილობრივ ბიუჯეტში მიმდინარე წელს 6000 ლარი აქვს ჩასმული. გამგეობის საფინანსო სამსახურის ინფორმაციით ამ თანხიდან უკვე დახარჯულია 2964 ლარი. წარმოდგენილი ანგარიშფაქტურების მიხედვით აღნიშნული თანხა საწვავზე, მონო ბარათზე, ჟურნალ გაზეთებზე და გაზეთებში გამოქვეყნებულ მილოცვებზეა დახარჯული.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დეპუტატის ბიუროს თანხის ხარჯვის მიზნობრიობის კონტროლი მის ფუნქციებში არ შედის: „ამისთვის არსებობს კონტროლის პალატა. საკრებულოს დეპუტატის ბიუროს ხარჯების შემოწმება არ შეუძლია“.

საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ლია ჩიგოგიძეა. ამას თავად კორნელი კუკულავაც ადასტურებს, თუმცა, ჩიგოგიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ის მხოლოდ უფროსი სპეციალისტია.

ქალბატონო ლია, დეპუტატის ინფორმაციით, ბიუროში თქვენი ძმისშვილი დაინიშნა...

_ არა, ჯერ არ დანიშნულა, უბრალოდ მოიაზრება. სხვათაშორის თქვენ გეწერათ, რომ ნინო ჩიგოგიძის განცხადება გამგეობაში ურეაგიროდ იყო და მის დასაქმებაზე არავინ ზრუნავდა. მას დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი, აქვს ბევრი სერტიფიკატი. არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი. ისე კი ბიუროს უფროსად ითვლება კორნელი და არა მე.

თქვენი სტატუსი რა არის?

– მე ვარ უფროსი სპეციალისტი.

რამდენად მისაღებად მიგაჩნია, რომ თქვენი ძმისშვილი ბიუროში, თქვენი ზედამხედველობის ქვეშ ინიშნება?

– ჩვენი ხელმძღვანელი არის კორნელი კუკულავა. მე ვარ ჩვეულებრივი თანამშრომელი და მას უფლება აქვს დანიშნოს ვინც უნდა. ჩემი ძმისშვილი რომ არის რაიმე დანაშაულია?

არავინ ამბობს, რომ  ეს დანაშაულია. უბრალოდ, ბიუროში მისი დანიშვნა  საზოგადოების განსჯის საგანი აღმოჩნდა...

– მე ჩვეულებრივი სპეციალისტი ვარ. ისეთ არაფერს გავაკეთებ რომ კანონი დავარღვიო.

ქალბატონო ლია, გეთანხმებით, რომ ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც ისწავლა, განათლება მიიღო აუცილებლად უნდა დასაქმდეს და მის განცხადებას მტვერი არ უნდა დაედოს... თუმცა, არ ფიქრობთ რომ თქვენი ძმისშვილის დანიშვნა მაინცდამაინც დეპუტატის ბიუროში მინიმუმ უხერხულია?

– თქვენ არ იცნობთ მას. ძალიან ბევრი სერტიფიკატი აქვს. ახლა ალდაგში ჩააბარა გამოცდები. აიეტში  მუშაობდა წამყვან სპეციალისტად.  მინდა ისიც გითხრათ, რომ მის ოჯახში ყველა უმუშევარია.

ნინო ჩიგოგიძემ, რომელმაც კუკულავას ინფორმაციით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს, ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

ქალბატონო ნინო, როგორც ვიცით დეპუტატის ბიუროში ინიშნებით. რა პროფესიის ბრძანდებით?

– მაინცდამაინც პასუხი უნდა გაგცეთ კითხვაზე?

თქვენი ნებაა თუ არ გამცემთ. მე გკითხეთ...

– რატომ მისმევთ ამ კითხვას მე ან, ჩემი ნომერი საიდან გაქვთ?

ნომერი მამიდათქვენმა მოგვცა. რაც შეხება კითხვებს, სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა... თან, საჯარო სამსახურში ინიშნებით და ჟურნალისტისთვის პასუხის გაცემა პრობლემა არ უნდა იყოს

– მე ჟურნალისტისთვის პასუხის გაცემა კარგად მეხერხება. მაგრამ ახლა არ მცალია.

საქართველოს პარლამენტის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის უფროსის, ანდრო დოლიძის თქმით, ბიუროს თანამშრომლებს დეპუტატი ნიშნავს და ამ საკითხში მათ არავინ აკონტროლებთ.

აღსანიშნავია, რომ გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის ინფორმაციით 2011 წლის 1 ივნისს გამოქვეყნდა საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიხედვით საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეკისრებათ ვალდებულება საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადონ, საჯარო სამსახურის მიერ რეგისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით. ამ კანონის თანახმად კი, კუკულავას ბიურომ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი უნდა გამოაცხადოს.

P.S. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატის თქმით, მისი ხელფასი ძალიან ხარჯიანია, ქონებრივ დეკლარაციაში საკმაოდ სერიოზული შენაძენი ფიქსირდება. თუ გასული წლის დეკლარაციაში კუკულავას მხოლოდ ერთი აგარაკი ჰქონდა მითითებული, 2011 წელს კიდევ ერთი გაჩნდა –  კურორტ ბახმაროში, გურიის ქუჩა N63-ში. ამავე კურორტზე კუკულავას კიდევ ერთი აგარაკი აქვს, მშენებლობის ქუჩა N35-ში. 2010 წელს, კუკულავების ოჯახის წევრების საკუთრებაში 10 000 ლარზე მეტი ღირებულების ქონება არ ირიცხებოდა. 2011 წელს კი, დეკლარაციის ამ გრაფაში მითითებულია, რომ დეპუტატის შვილს, თამარ კუკულავას ავტომობილი ჰყავს – „ტოიოტა კოროლა“. მართალია, ამ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა, დოკუმენტი მოწმობს, რომ ის 10000 ლარზე მეტი ღირს.

კორნელი კუკულავას, როგორც დეპუტატის წლიურმა შემოსავალმა გასულ წელს 49 172 ლარი და 49 თეთრი შეადგინა. მიმდინარე წელს კი, 46401 ლარი და 23 თეთრი. აღსანიშნავია ისიც, რომ არც 2010 და არც 211 წლებში კორნელი კუკულავას  ბანკიდან სესხი არ აუღია.