ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში მხოლოდ ავტოტრანსპორტი არ ყოფილა ატმოსფეროს დამაბინძურებელი, არამედ ის სამშენებლო ობიექტები, რომლებიც მრავლად არის ჩვენს ქალაქში. ეს ნიშნავს, რომ დედაქალაქში მხოლოდ ტრანსპორტის სფეროს დარეგულირებით ჰაერის ხარისხი ვერ გაუმჯობესდება. მშენებლობებს ემატება გათბობა-გაგრილების სისტემებიც, რომელთა წილი ეკოლოგიური მდგომარეობის დამძიმებაში საკმაოდ დიდია.
სპეციალური კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვის“ ორგანიზებით, თბილისში 10-მდე ლოკაციაზე დღის სხვადასხვა საათებში განხორციელდა.
გარემოს დაცვის ექსპერტის ნუგზარ ბუაჩიძის განცხადებით, კვლევის შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ინგრედიენტებიდან პირველ რიგში გამოიკვეთა მტვერი.
„მტვერში გავზომეთ PM2,5 PM10, ანუ მტვრის მცირე ზომის ნაწილაკები, რომლებიც სამწუხაროდ, ადვილად ხვდება ადამიანის ორგანიზმში და მან შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს, ამ ნაწილაკების
შედარებით მაღალი კონცენტრაციები აღმოჩნდა გმირთა მოედანზე და სამშენებლო ობიექტებთან. ამ კვლევამ გვიჩვენა, რომ მარტო ავტოტრანსპორტი არ ყოფილა ატმოსფეროს დამაბინძურებელი, არამედ ის სამშენებლო ობიექტები, რომლებიც მრავლად არის დედაქალაქში.
ჩვენთვის საინტერესო იყო ამ მტვერში მძიმე მეტალების: ტყვიისა და კადმიუმის შემცველობის განსაზღვრაც. საბედნიეროდ, კადმიუმი არ აღმოაჩნდა, თუმცა აღმოჩნდა ტყვია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე 10-ჯერ ნაკლები. ეს არ ნიშნავს, რომ მტვერში ტყვია არა არის. სამწუხაროდ, ეს არის ისეთი ელემენტი, რომელიც ორგანიზმიდან ძალიან ძნელად გამოდის და შესაძლებელია ორგანიზმში მისი კონცენტრაცია თანდათან გაიზარდოს“, - განაცხადა ბუაჩიძემ.
კვლევის ავტორების რეკომენდაციაა გაუმჯობესდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მდგომარეობა, საწვავის ხარისხი, ქალაქში მოხდეს სამშენებლო ობიექტების შემცირება და ასევე რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარიანი და მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირი იყოს.
ასევე, კვლევის ავტორები მიიჩნევენ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების უკეთ შესასწავლად უფრო ფართომასშტაბიანი და მრავალწლიანი კვლევა უნდა ჩატარდეს.
რაც შეეხება სხვა ქალაქებს, ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, ხაშურში, რუსთავსა და თელავში ასევე დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის, როგორც დაბალი ინდექსი, ასევე ზოგიერთ წერტილში ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევებიც.
ცნობისთვის, ინდიკატორული მილაკები საქართველოს მასშტაბით განთავსებული იყო 25 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზესტაფონში, რუსთავში, თელავში, გორში, ახალციხიხეში, ზუგდიდში, კასპში, მცხეთაში,
ოზურგეთში, ფოთში, სამტრედიაში, სენაკში, საჩხერეში, ლანჩხუთში, ტყიბულში, ჭიათურაში, ხაშურში, მარნეულში, ბოლნისში, სიღნაღში, ყაზბეგსა და ჩხოროწყუში.
აღსანიშნავია ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები ბოლოდროინდელი საგანგაში დასკვნა - ხანგრძლივი დროის განმავლობაში ისეთ ადგილებში გაჩერება, რომელიც ჰაერის დაბინძურებით გამოირჩევა, ტვინის კოგნიტურ შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება. ტვინზე ატმოსფეროს დაბინძურების უარყოფითი გავლენა ასაკის მატებასთან ერთად იმატებს, განსაკუთრებით მოქმედებს მამაკაცებსა და ინ ადამიანებზე, რომლებსაც არც თუ ისე მაღალი განათლების დონე აქვთ.
მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ აღნიშნული კვლევის შედეგების განზოგადება დედამიწის მოსახლეობის უმეტესობაზე შეიძლება, რადგან ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 80% ჰაერის კრიტიკული დაბინძურების არეალში ცხოვრობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, დაავადებების გამო, რომლებიც ჰაერის დაბინძურებით არის გამოწვეული, ყოველწლიურად მსოფლიოში ნაადრევად, დაახლოებით, 7 მილიონი ადამიანი იღუპება. პლანეტის 10-დან ყოველი 9 მოსახლე დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.