პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეები“ ჯერ ერთი დღისაც არ იყო, როდესაც მისი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის ძმას მანქანა დაუწვეს.
მოკლედ, თავიანთი პირობა ოპერატიულად შეასრულეს ინკოგნიტო პირებმა, რომლებიც მანამდე, თურმე, სამი კვირის განმავლობაში რეკავდნენ ცნობილი მომღერლის - მეტსახელად „უცნობის“ მობილურ ტელეფონზე და გაჩეჩილაძეებს დაწვა-განადგურებით ემუქრებოდნენ. „ახალი მემარჯვენეების“ ოფიციალურად დაფუძნების დღეს კი ზარი ზედიზედ სამჯერ გამეორებულა.
ძვირფასი „მერსედესი“, რომელიც, ჩვეულებისამებრ, გაჩეჩილაძეების მშობლების სახლთან ახლოს იდგა, ცეცხლს გამთენიისას, დაახლოებით 5-6 საათზე მისცეს. მეზობლებმა ჯერ ჩართული სიგნალიზაციის, შემდეგ კი ორი აფეთქების ხმა გაიგეს, თუმცა მხოლოდ გაქცეულები და ცეცხლმოკიდებული მანქანა დაინახეს, რომლიდანაც ალი 3-4 მეტრის სიმაღლეზე ადიოდა. ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
გია გაჩეჩილაძე
„ისეთი აბსურდული ვერსიები გაჩნდა, გაოცდებით. ამიტომ მეც გადავწყვიტე, შევშველებოდი ფანტაზიის უნარით დაჯილდოებულ ხალხს და ვაცხადებ: ჩემმა მანქანამ, ალბათ, ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა პროტესტის ნიშნად, რადგან დროზე არ გამოვცვალე ზეთი. მე მომღერალი ვარ და ამ ფაქტის პოლიტიკურ შეფასებას არ ვაპირებ. თუმცა ის დღე, როდესაც ჩემმა ძმამ ახალი პოლიტიკური პარტია შექმნა, ძალიან კარგი და ლამაზი იყო - დაბადების დღესავით დამამახსოვრდა, მაგრამ სულ ვფიქროდი, რომ ყველაფერი ასე კარგად არ დამთავრდებოდა.
ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა უკვე დამირეკეს და მითხრეს, რომ შემიძლია წავიდე საქართველოდან და პოლიტიკური თავშესაფარის გარანტიასაც მაძლევენ, რადგან ფიქრობენ, რომ ასეთი ვანდალიზმი სწორედ პოლიტიკური დევნის გამოხატულებაა, მაგრამ მე ის კაცი არ ვარ, ასეთ რამეებს შევუშინდე და ჩემი ქვეყნიდან გავიქცე. რაც შეეხება მანქანას, ის ჩემი ფულით იყო ნაყიდი, ახლა კი შეიძლება შევეცოდო ჩემს ძმას და ახალიც მიყიდოს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც ხალხს ასე უჭირს, ველოსიპედით ან, სულაც, ფეხით უნდა იარო.“
ლევან გაჩეჩილაძე
„დავადგინეთ, რომ გიას ქუჩის სატელეფონო აპარატებიდან ურეკავდნენ, რომლებიც სადღაც თავისუფლების მოედანზე ან რუსთაველზე დგას. ეუბნებოდნენ, რომ თავი დაგვენებებინა „პოლიტიკანობისათვის“ - ეს ქვეყანა თქვენი ხომ არ გგონიათო. ნებისმიერ შემთხვევაში, ე.წ. „ქუჩის მომენტს“ გამოვრიცხავ - ჩხუბს და საქმის გარჩევას თავისი სახელი ჰქვია.
ეს ფსიქოლოგიური ტერორი უფროა და მათ მიერ არის მოწყობილი, ვისი სკამებიც საფუძვლიანად შევარყიეთ. როგორც ჩანს, ჩვენი ახლად დაფუძნებული პოლიტიკური პარტია უკვე სერიოზულ განაცხადად აღიქვეს, რაც ძალიან მიხარია და არც უკან დახევას ვაპირებ.“