ირაკლი ალასანია: „ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია“

ირაკლი ალასანია: „ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია“

[მერაბ ბრეგაძე] 

ირაკლი ალასანიამ სოციალურ ქსელ Facebook-ზე ვიდეო-კონფერენცია გამართა. მომხმარებლის კითხვაზე, „ამ ხელისუფლების მმართველობის მანძილზე რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ დანაშაულად?“, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი აცხადებს, რომ  „საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და ქართველ ხალხს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ“.

„ვფიქრობ, რომ ამ მთავრობას სხვა პრიორიტეტები აქვს, ვიდრე ჩვენს ქართველ ხალხს. იმისათვის, რომ ჩვენი პრიორიტეტები განვახორციელოთ და ჩვენი ცხოვრება უკეთესი გავხადოთ, ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია“.

კითხვაზე „რატომ არ გაქვთ მკვეთრი პოზიციები და რატომ აკეთებთ გამუდმებით რბილ განცხადებებს?“ ალასანია ამბობს, რომ „ქართულ პოლიტიკას მაქსიმალიზმი და რადიკალიზმი არ სჭირდება, ამიტომაც იგი მკვეთრ პოზიციებს არასოდეს აფიქსირებს“:

„ჩემი აზრით, პოლიტიკას პოზიციების დაახლოება სჭირდება. თუმცა აღვნიშნავ, რომ ჩვენს პოზიციას ყოველთვის ნათლად ვაფიქსირებთ. ოპონენტი ჩემი მტერი არ არის, თუმცა მისგან მკვეთრად განსხვავებული პოზიცია მაქვს. ოპონენტის პოზიციას მოსმენა და გაგება სჭირდება, რის შემდეგაც უნდა ახსნა, თუ რატომ არ ეთანხმები მას. სწორედ ამგვარი პოზიციები შეუწყობს ხელს ქვეყანაში მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებას“.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერს პოლიტიკურ კოალიცია თავისუფალ არჩევანში გაწევრიანებული პარტიების ერთ ბლოკად ჩამოყალიბებაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია. როგორც მან განაცხადა, ეს არის კოალიცია თავისუფალი არჩევანისთვის და მასში მონაწილე პარტიები ერთიანი ძალისხმევით მიდიან საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და არა მარტო საარჩევნო, არამედ საარსებო გარემოსიც.

მისი თქმით, ამ პოზიციების დაახლოება არის მნიშვნელოვანი საკითხი და მათ სურთ, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, რომელშიც იქნება რეალური დისკუსიები და იქ შეძლებენ პარტნიორობას. რაც შეეხება კოალიციას თუ ბლოკს, ამაზე საუბარი ირაკლი ალასანიას ნაადრევად მიაჩნია მანამ, სანამ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და არ იქნება არჩევნები დანიშნული:
„ამაზე საუბარი დღის წესრიგში არ დგას. ეს ეხება იმ ძალებსაც, ვინც შეიძლება გახდეს ჩვენი მოძრაობის მონაწილე“.

ტერიტორიული მთლიანობის მტკივნეულ პრობლემასთან დაკავშირებით, ალასანია აცხადებს, რომ იგი კონფლიქტების დარეგულირების მხრივ „დეკლარაციებს ხედავს, თუმცა რეალურ ნაბიჯებს – ვერა“.

„კონფლიქტების დარეგულირების მხრივ დეკლარაციებს ვხედავ, თუმცა რეალურ ნაბიჯებს - ვერა. კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში სახელმწიფო სტატეგია ასეთი ნაბიჯების გადადგმას თავიდანვე გამორიცხავდა, ვინაიდან სააკაშვილის მიდგომა კონფლიქტებისადმი არ შეცვლილა. ჩემი აზრით, მას არა აქვს რწმენა, რომ მოლაპარაკებებით შედეგის მიღწევა შესაძლებელია. მაგალითისთვის, 2005-2006 წლებში საქართველოს ბიუჯეტიდან სამხედრო სფეროზე 1,5 მილიარდი დაიხარჯა. ერთი მილიარდი მაინც რომ დახარჯულიყო ერთობლივ პროექტებზე, თუნდაც სოფლის მეურნეობაში ან გადამამუშავებელ მრეწველობაში, რაზეც საუბრები მიმდინარეობდა, კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა“.

მან ასევე გერმანიის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის ვალტერ შტაინმაიერის გეგმაზე და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც აფხაზურმა მხარემ ამ გეგმაზე უარი თქვა:

„ეს უკვე 2008 წელს იყო, როდესაც რუსეთის სამხედრო მანქანა ამუშავებული იყო, ქართული მხარეც აფხაზეთში სადაზვერვო სამუშაოებს აწარმოებდა და კონფლიქტი საომარი მოქმედებებისთვის შემზადებული იყო. კონფლიქტის მხარეებთან ახლებური ურთიერთობების დამყარების შანსი სააკაშვილმა 2005-06 წლებში გაუშვა ხელიდან“.

ამავე დროს, თავისუფალი დემოკრატების ლიდერის პროგნოზით, ურთიერთობის ნორმალიზების თვალსაზრისით რუსეთის ხელისუფლებასთან ქართველი ოპოზიციონერების შეხვედრები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს:

„ქართველი ოპოზიციონერების რუსეთის ხელისუფლებასთან შეხვედრები არანაირ სარგებელს არ მოიტანს ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის თვალსაზრისით, რადგან ოპოზიციონერებს მანდატი არ გვაქვს. ეს ხელისუფლების საქმეა და სწორედ ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს რუსებთან დიალოგი, თუმცა ჩვენი – ოპოზიციონერების საქმეა, მოლაპარაკებებისა და ურთიერთობების აღდგენის სივრცის გაზრდაზე ვისაუბროთ და ჩვენი მოსაზრებები მედიის საშუალებით რუსეთში უნდა იცოდნენ“.

ირაკლი ალასანია ვოდეოკონფერენციისას განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განათლების რეფორმის ხელახალი განხილვა მისი პრიორიტეტი იქნება. ამასთან, თავისუფალი დემოკრატების ლიდერი წინასწარ ვერ ასახელებს, გაიაფდება თუ არა სწავლა მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში:

„ვფიქრობ, რომ სტუდენტის აკადემიური წარმატების დაფასების სისტემა უნდა არსებობდეს - სისტემა, რომელიც არა მხოლოდ დააფასებს, არამედ ახალგაზრდა ქართველებს მომავალი სამსახურებისათვის მოამზადებს. დღეს სწავლის ღირებულებასთან დაკავშირებით რამის დაპირება სერიოზული არ იქნება, თუმცა შემიძლია, დაგპირდეთ, რომ საგანმანათლებლო რეფორმის ხელახალი განხილვა ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება“.

პოლიტიკოსს, რა თქმა უნდა, გვერდი არ აუვლია დაკავებული ფოტორეპორტიორების საკითხისთვის. ალასანია ფოტოგრაფების საქმეში მტკიცებულებების გასაიდუმლოებას დაუშვებლად მიიჩნევს:

„როცა საუბარია დანაშაულზე, მტკიცებულებების საიდუმლოდ დატოვება მიუღებელია, მითუმეტეს, თუ საქმე მედიის წარმომადგენლებს ეხება და საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ ფოტოგრაფების დაკავება მათზე ზეწოლის მიზნით განხორციელდა.

მე სამართალდამცველ სტრუქტურებში მიმუშავია და ვიცი, რას ნიშნავს სახელმწიფო საიდუმლოება. სახელმწიფო საიდუმლო შეიძლება იყოს საქმე, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება, ფოტოგრაფების საქმეში კი მსგავსი რამ არ ჩანს“.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი „ხარისხიანი მოქალაქეების“ შესახებ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც განმარტავს:

„ყველა ქართველი ხარისხიანი პიროვნებაა. იმ დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და იმ მოქალაქეებზე ვსაუბრობდი, რომლებიც 26 მაისს სახელმწიფოს მხრიდან ქვეყანაში განხორციელებული ძალადობით აღშფოთებულნი იყვნენ და თავიანთ დამოკიდებულებას აქტიურად გამოხატავდნენ“.