მეთიუ ბრაიზა:

მეთიუ ბრაიზა: "ჩვენ თითქოს ვამბობდით, მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ"

"პრეზიდენტ ბუშს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რას უმზადებდა პუტინი საქართველოს. ვფიქრობ, ბუშს, ისევე როგორც მის თითქმის ყველა ნატოელ კოლეგას, სწამდა და თან თავსაც აჯერებდა, რომ რუსეთთან უფრო მეტი საერთო გვქონდა, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა - რომ რუსეთი იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობას ესწრაფოდა - არც ერთი ეს ვარაუდი არ გამართლდა. პრეზიდენტ ბუშს რომ სცოდნოდა, ეს ყველაფერი საბოლოოდ უკრაინის მოვლენებთან მიგვიყვანდა, დარწმუნებული ვარ, ბევრად ხისტი იქნებოდა პუტინთან და ეტყოდა, რა მოჰყვებოდა წითელი ხაზის გადაბიჯებას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა... ", - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, სათაურით მეთიუ ბრაიზა: "ჩვენ თითქოს ვამბობდით, მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ" / "პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა" / "სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები..." .

"2008 წლის მაისში ჩვენ შევიკრიბეთ თეთრ სახლში და ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო გეგმა. სწორედ მაშინ გავიაზრეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის აზრი არ ჰქონდა იმის ჩაგონებას, რომ არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რისთვისაც ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა - ის ხალხმა აირჩია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ქვეყანა გაეერთიანებინა. გავიაზრეთ, რომ ჩვენი ჩაგონებები, მოთმენით მჯდარიყო, ნიშნავდა სააკაშვილის და საზოგადოდ საქართველოს ჩაყენებას გამოუვალ მდგომარეობაში - ჩვენი ასეთი პოლიტიკით ის რჩებოდა უმძიმესი არჩევნის წინაშე: ან უნდა დასთანხმებოდა საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და დამოუკიდებლობის ნაწილობრივ დაკარგვას, პარალელურად უნდა გამოსთხოვებოდა ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში საკუთარი ქვეყნის ხილვის იმედს, ან კიდევ რუსეთთან ომში ჩაბმულიყო. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრეთ, ვიმედოვნებდით, რომ მეტი დრო გვექნებოდა, ამ დიპლომატიური გეგმის ასამუშავებლად, მაგრამ დრო არ გვეყო. სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები და საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, მოუწია პასუხის გაცემამ. მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეთიუ ბრაიზა.

"რუსეთმა 2008 წლამდე გააჩაღა საინფორმაციო ომი, ჩაატარა სადაზვერვო ოპერაციები, დააფინანსა მკვლელობები და გადადგა სამართლებრივი ნაბიჯები იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობის ავტორიტეტისთვის ძირი გამოეთხარა, სეპარატისტი ლიდერების პოზიციები კი გაემყარებინა. გამოიყენა ყველა სახელმწიფო ბერკეტი, მიმართა ეკონომიკურ ზეწოლას, საინფორმაციო ომს, ფეიკნიუს-ტაქტიკას და მხოლოდ შემდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, თანაც ფარულად და ე.წ. მშვიდობისმყოფელების გამოყენებით. აი, ასე დაიწყო ომი რუსეთმა საქართველოში - წლების წინ და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცეცხლის საპასუხოდ ქართველების საარტილერიო ზალპით. ფაქტი ჯიუტია - ომი წლების მანძილზე გრძელდებოდა, ის დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ომის გამოცხადებით, ბუნებრივია, თავი არ შეუწუხებია", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "არ ფიქრობთ, რომ ყველა ის გაფრთხილება, რომლებიც თქვენ, დასავლეთმა, სააკაშვილს მიეცით, ნიშნავდა ასევე რუსეთისთვის მწვანე შუქის მიცემას, რათა ჩანაფიქრისთვის ხორცი შეესხა, რადგან კრემლს ყველა მიზეზი ჰქონდა ეფიქრა, რომ საბოლოოდ სწორედ სააკაშვილი იქცეოდა განტევების ვაცად?" - პასუხობს:

"ნამდვილად გეთანხმებით - ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. მე მაშინ გამოვთქვი ამაზე აზრი, მაგრამ აზრის გარდა, მე ბრძანებებიც მქონდა... ვფიქრობ, მართალი ხართ და შეიძლება ხაზი გავავლოთ ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მწარე მარცხიდან, საქართველოს გვერდში მდგარიყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, და საბოლოოდ ეს ხაზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ყირიმის ანექსიამდე მიგვიყვანს. ყველა სიგნალი, რომლებიც გავგზავნეთ, იყო იმის მანიშნებელი, რომ ეს ყველაფერი რუსებს შერჩებოდათ, ჩვენ თითქოს ვამბობდით: "მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ, კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც და, გამოგივათ".

"მინდა გავიხსენო 2014 წლის ზაფხული, როდესაც რუსეთს უკვე დაპყრობილი ჰქონდა ყირიმი, საფრანგეთის მთავრობა კიდევ ორჭოფობდა, მიეყიდა თუ არა მისტრალები მოსკოვისთვის. ეს იყო ის იარაღი, რომელზეც 2008 წელს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ თქვა, მისტრალის გადამზიდები რომ გვქონოდა, საქართველოში ბევრად ეფექტური ვიქნებოდითო. ეს ხდება 2014 წელს, როცა საქართველოსთან ომიდან სულ რაღაც 6 წელია გასული, რუსეთი კი უკრაინაშია შეჭრილი! დასავლეთმა, როგორც იქნა, დაისწავლა გაკვეთილი მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოხდა და დღეს გვაქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ზოგ ახალ წევრ ქვეყანას სანქციების მოხსნა სურს, მგონი, პრეზიდენტი ტრამპიც კი არ იტყოდა უარს ამაზე. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას უნდა დავუფასოთ, რომ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების მიწოდება გადაწყვიტა. მსგავსი ნაბიჯი ბუშის ადმინისტრაციამ ვერ გადადგა საქართველოსთვის - საქართველოს რომ 2008 წელს "ჯაველინები" და მსგავსი თავდაცვითი შეიარაღება ჰქონოდა, არა მხოლოდ საქართველოში განვითარდებოდა სხვაგვარად მოვლენები, არამედ რუსეთი ვერასოდეს გაბედავდა უკრაინაში შეჭრასაც" - განაგრძობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე.

"ამერიკამაც და ევროპამაც დააფიქსირეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი სტრატეგიული მომავალი; ნატოს სამიტებზე გამუდმებით ვადასტურებთ, რომ ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირება ძალაშია. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოს ბედ-იღბალი მეტწილად თქვენივე ქვეყნის ხელშია, ბევრად მეტად, ვიდრე ადრე - საქართველოში ამომრჩეველმა, ხალხმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ დასავლურ ხედვას გაიზიარებს. საქართველოს დღეს ახალი რეალობა აქვს - გაქვთ ასოცირებული შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ა.შ. - ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, როგორ გამოიყენებს ამას. თუმცა ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის მხრივ დღეს უფრო ახლოს ხართ ვიდრე ათი წლის წინ, მაგრამ წევრობის მხრივ, არა - გარდამტეხი მომენტი ბუქარესტის სამიტზე იყო და ეს იყო პრეზიდენტ პუტინისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი - ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ მას დროზე უნდა ემოქმედა, რადგან უკრაინა და საქართველო შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალ ნატოს წევრებად მოევლინებოდნენ. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ყოველწლიურად ხელახლა ადასტურებს ამ დაპირებას, ვფიქრობ, გული აღარ მიუწევთ ამისკენ. ჭკვიანური იქნება, თუ იმაზე იფიქრებთ, რეალურად როგორ დაუახლოვდეთ ნატოს და ევროკავშირს, ე.წ. დე ფაქტო ინტეგრაციას რაც შეიძლება ღრმად - ეს აჯობებს ტრანსატლანტიკურ პოლიტიკურ არენაზე გამართულ პოლიტიკურ ბატალიებსა და გაწევრება-არგაწევრების პერსპექტივებზე თავის ტეხას", - დაასკვნის მეთია ბრაიზა.