ტელეკომპანია „იბერიის" ჟურნალისტი არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ მალე გახდება ცნობილი იმ კონკრეტული ადამიანების ვინაობა, რომლებიც დამფუძნებლებისგან პირდაპირ ტელეკომპანიის წართმევას ცდილობენ.
ამბობს, აქამდე ცნობილი იყო, რომ ტელევიზიის წართმევას კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის დაჯგუფება ცდილობდა და მეპატრონეები ამ ხნის განმავლობაში მათთან მოლაპარაკების რეჟიმში იყვნენ. თუმცა ფაქტია, მინისტრების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც ტელეკომპანიის მფლობელებს კვლავ ამ პრობლემასთან ბრძოლა უწევს.
არჩილ გამზარდია: ბუნებრივია, რომ აქ ძალიან სერიოზულ ადამიანებზეა საუბარი. ნელ-ნელა გამოიკვეთება ჯგუფები, რომლებიც მნიშვნელოვან და გავლენიან ადამიანებთან არიან დაკავშირებულები. ასევე არ არის გამორიცხული, რომ კონკრეტულად მოქმედი მაღალჩინოსნებიც გამოიკვეთონ.
რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არაფერს ნიშნავს, შეიძლება ადამიანი აღარ იყოს თანამდებობის პირი, მაგრამ მის უკან სხვა ადამიანები აუცილებლად იდგებიან, რომლებიც ტელევიზიით არიან დაინტერესებულები. ცალკე ამ საქმეს ლონდონის სასამრთლო განიხილავს, ხოლო დანარჩენი უკვე პოლიტიკური საკითხია.
- შეგიძლიათ კონკრეტულად უთხრათ საზოოგადოებას ყიფიანთან დაკავშირებით, რა სურდა მას, როგორ ხდებოდა ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან კომუნიკაცია, ან ვისი მეშვეობით ხდებოდა ამ მოთხოვნის შემოთვლა და რა ფორმით, იყო ეს პირდაპირი მუქარა თუ ირიბად გაკეთებული მინიშნება?
- სიმართლე გითხრათ კონკრეტულ ვინაობებზე არც კი დავინტერესებულვარ. თავის დროზე მეც და სხვა ადამიანებიც ვსაუბრობდით იმაზე, რომ ტელეკომპანია „იბერიით" პირდაპირ კვირიკაშვილი-ქუმსიშვილი იყვნენ დაინტერესებულები. შემდგომ, ხელისუფლებიდან მათი ჩამოშორების მერე, უკვე სხვა პირები გამოჩდნენ. კომპანიის თანამშრომლებს გვქონდა ინფორმაცია, რომ პრცესი აქტიურად კვლავ მიმდინარეობდა და დამფუძნებლების მხრიდან ყოველთვის იყო მცდელობა, რომ ეს კანონიერად დარეგულირებულიყო. თუმცა ფაქტია, რომ ეს უკვე შეუძლებელი გახდა.
- ალბათ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ თუ კომპანიას სახელმწიფოს დავალიანება აქვს, ის აუცილებლად უნდა გადაიხადოს და ამის გამო ტელევიზია და მედია არ უნდა გამოიყენოს. არ ყოფილა შემოთავაზება ვალთან დაკავშირებით, რომ მისი გადანაწილება მომხდარიყო?
- აქ შერჩევით სამართალთან გვაქვს საქმე. ვალების გადანაწილების კუთხით ხელისუფლება ვისაც უნდა უნაწილებს და ვისაც არ უნდა, არ უნაწილებს. როდესაც ვხედავთ, რომ ვალს არ უნაწილებს და არც მუშაობის საშუალებას არ აძლევს, „ომეგა ჯგუფის" შეთავაზება, რომ წლის ბოლომდე ათი მილიონი გადაეხადა და მერე ეტაპობრივად დაეფარა, მხედველობაში არც მიიღეს და არც დათანხმდნენ.
კულუარულად უკვე წავიდა მოლაპარაკებები, რომ ჩაენაცვლებინათ ტელევიზიის მეშვეობით. მომხდარიყო „იბერიის" ან გაუქმება ან კიდევ მათთვის გადაცემა მომხდარიყო. შესაბამისად ჩანს, რომ ტელევიზიასთან დაკავშირებით არა მარტო ქუმსიშვილი-კვირიკაშვილის დაჯგუფების დაინტერესება იყო, არამედ მათ უკანაც ვიღაცეები იდგნენ.
-კვირიკაშვილი ქუმსიშვილის უკან ვინ შეიძლება კიდევ იდგეს. შეიძლება ეს ბიძინა ივანიშვილი იყოს? მათზე ზემდგომი სხვა ვინღა უნდა ყოფილიყო?
- არ ვიცი, ყველაფერს ბუნებრივია ნათელი მფლობელებმა უნდა მოჰფინონ. ლონდონის სასამართლო ასე უმოტივაციოდ პროცესს არ დაიწყებს და გზავნილს კონკრეტულ პირებს არ გაუგზავნიდა. მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ, ყიფიანის გარდა სიაში კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობების პირები ან მათთან დაახლოვებული ადამიანები არიან. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში მაფიოზური დაჯგუფებები და კლანებია. ამაზე უკვე საზოგადოებაში ბევრი ლაპარაკობს და სწორედაც ეს ადამიანები არიან, რომლებიც ქვეყანას აკონტროლებენ.
„მ.კ": ხომ არ ყოფილა თქვენი განცხადების შემდეგ სამართალდამცველებისგან რაიმე სახის გამოხმაურება. ან იმის გარდა რაც საჯაროდ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლებიდან ვინმე ხომ არ დაინტერესებულა რა ხდება ტელევიზიასთან დაკავშირებით?
- არა არანაირი დაიტერესება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არ ყოფილა. მათ შორის არც პარლამენტისგან, არანაირი მოკითხვა და ინტერესი არ გამოუხატავთ. რამდენიმე ჩინოვნიკისგან ლოზუნგებად გადმოგდებული რაღაც განცხადებები, უკვე აჩვენებს, რომ პროცესი სერიოზულია. ძალიან ნათლად ჩანს, რომ მთელ ამ ამბავში ხელისუფლების საკამოდ გავლენიანი ადამიანები არიან ჩართულები.
- ახლა რას აპირებთ?
- მიმდინარე პროცესში საზოგადოების ჩართულობა იქნება მთავარი. დიდი მნიშვნელობა აქვს მედიის და თქვენი კოლეგების მხარდაჭერას. ამ ქვეყანაშიც და ყველა დემოკრატიულ ქვეყნებში გარდამტეხი ფუნქციის მატარებელია მოსახლეობის გვერდით დგომა. ჩვენ გვახსოვს, რომ ოფიციალურ მიზეზებად ყველა ჩვენი ხელისუფლება მედიაზე პოლიტიკური წნეხის გასამართლებლად დამატებით არგუმენტებს იშველიებდა.
გვახსოვს ალბათ, როდესაც შევარდნაძის დროს „რუსთავი 2"-ში სპეცრაზმი შევარდა, მაშინაც ფინანსური პოლიცია იყო. ხელისუფლებამ მაშინ ტელეკომპანიაში შესვლის არგუმენტად ფინანსური პრობლემა დაასახელა. როდესაც იგივე სააკაშვილის მმართველობის დროს „ომეგა ჯგუფს" შეუტიეს, აქაც კონკრეტულ მიზეზებად ფინანსური პრობლემები დასახელდა.
ეს არის სამწუხაროდ ბოლო ხელისუფლებების აპრობირებული ზეწოლა, რომ პოლიტიკური წნეხის განსახორციელებლად რაღაც არგუმენტები ჰქონდეს. გავიხსენოთ ცოტა ხნის წინ „ტვ პირველზეც" იყო საუბარი. ამ მავნე ხერხს „ქართული ოცნება" იყენებს და სამწუხაროდ ეს არის წრეზე სიარული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ სრულდება. ამიტომ თავის თავად ვინმეს მოსწონს თუ არა „ომეგა ჯგუფის" მეპატრონეების პოლიტიკური მრწამსი, ცალსახაა, რომ ხელისუფლება მედიის მისაკუთრებას ურცხვად არასწორი მეთოდების გამოყენებით ცდილობს.