კინორეჟისორ გიორგი შენგელაიასთან ეს ინტერვიუ 2 წლის წინ ჩაიწერა. მაშინ ის ახალ ფილმზე მუშაობდა და არც მასა და ყოფილ პრემიერს, ივანიშვილს შორის იყო წყალი ამღვრეული. ,,მე სულ გაბრაზებული ვარ! ღვთის ცეცხლი მიკიდია”, – გვითხრა ბატონმა გიორგიმ და თავის ცხოვრებაზე გვიამბო.
– ბატონო გიორგი, როგორც გავიგეთ, ახალ ფილმზე მუშაობთ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რა შეგიძლიათ გვითხრათ, როგორი ფილმი იქნება, რას ეხება?
– სულ ვიღებდი, არ გავჩერებულვარ. უბრალოდ, ჟანრი შევიცვალე – ვიღებდი არა მხატვრულ, არამედ მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმებს. პირველად ექვთიმე თაყაიშვილზე გავაკეთე ფილმი, მერე ილიაზე და ახლა ვამთავრებ ვაჟაზე. პარალელურად ვმუშაობ მხატვრულ ფილმზე, რომელიც სრულმეტრაჟიანი არ იქნება. ფეხები მაქვს დაზიანებული, დიდი ფილმის გადაღებას კი ბევრი მოძრაობა უნდა.
ექვთიმე, ილია და ვაჟა ისე გავაკეთე, რომ მე ვზივარ და რაღაცებს ვყვები. ამ ახალ მხატვრულ ფილმს ისეთი სტრუქტურა და დრამატურგია ექნება, რომ თქვენ, მაყურებლები, აღიქვამთ როგორც სრულმეტრაჟიან ფილმს. რომ იტყვიან, ჩავტენე.
თანამედროვე ისტორიაა. ახლა თქვენ რომ განახეთ კადრები, სადაც პირველყოფილი ბუნებაა გადაღებული, იმ ფილმის ფინალია. უკნიდან დავიწყე გადაღება, რადგან ორ თვეში მთაში ასეთ სურათს ვეღარ გადაიღებ.
– როგორ გაჩნდა ამ ფილმის გადაღების იდეა?
– ახალი ფილმის იდეა თამაზ აქუბარდიას მიერ გაკეთებული რეპორტაჟის შემდეგ მომივიდა. ეკონომისტია და თან წერს. იუმორით და ეკონომიკური კუთხით იყო დაწერილი, თუ როგორ უჭირს ჩვენს ხალხს. სტატიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ აბსურდულ სიტუაციას აღწერდა. მეც ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენი ცხოვრება აბსურდულია. აბა, რა ქვეყანაა ის, სადაც მთელი ახალგაზრდობა თუ სხვა ასაკის ხალხი ჯაჯანიძის შოუს უყურებს?!
ის დოკუმენტური ფილმები იმისთვის გავაკეთე, რომ ჯაჯანიძის შოუს ყურება შეეწყვიტა ხალხს, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა – ერთი-ორჯერ გაუშვეს ტელევიზიით და დამთავრდა. ახალგაზრდებისთვის მაგალითი უნდა იყოს ამ პიროვნებების ცხოვრება და არა – მათი, ვინც “იქს ფაქტორში” მონაწილეობენ თუ მის ჟიურიში სხედან. ეს დეგრადაციაა, რადგან ახალგაზრდებმა არ იციან თავიანთი ქვეყნის ისტორია, არ იციან, რა დაწერა ვაჟამ… ტრაგედიაა! ჩვენი კულტურა არანაკლებია ევროპულზე.
ვაჟა პირველად რობაქიძემ შეადარა გოეთეს. მასალებს რომ ჩავწვდი, მართლაც გოეთეს დონის მწერალია. არადა არც საზღვარგარეთ იცნობენ და აქაც ივიწყებენ. მხოლოდ რუსთაველს იცნობენ უცხოეთში. ისე ვაკეთებ, რომ იქ აუცილებლად გაუშვებენ ამ ფილმს. საფრანგეთმა და გერმანიამ ჩამოაყალიბეს ტელევიზია “არტე”, სადაც მხოლოდ ხელოვნების ნიმუშებს აჩვენებენ და არავითარი ჯაჯანიძეები იქ არ ჭაჭანებენ.
– თქვენი აბსურდული კომედია თქვენი ძმის, ბატონი ელდარ შენგელაიას ფილმ “ცისფერი მთების” მსგავსი იქნება?
– დიახ, მაგრამ სხვა სოციალური გარემოა. მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, ახლა კი არეული მსოფლიო იქნება. ყველგან ასეთი არეულობაა. საფრანგეთში ვიყავი და იქ ხალხი ტიროდა – ჩვენი შვილიშვილები წიგნებს არ კითხულობენ, მთელი დღე ტელევიზორს და კომპიუტერს უყურებენო. ტოლსტოი ამბობდა, კაცობრიობას დაღუპავენ სოციალისტები და მეცნიერებიო. ზუსტად ეს მეცნიერებია, რომლებმაც “გუგლი” და რაღაც სისულელეები გამოიგონეს.
“იმედმა” ქართული კინოს პროგრამები შეამცირა და იცით, რა გვითხრეს? აი, ჯაჯნიძემ დაიკავა თქვენი დროო.
– იმიტომ ხართ ჯაჯანიძეზე გაბრაზებული?
– მე სულ გაბრაზებული ვარ! ღვთის ცეცხლი მიკიდია. ვაჟა ფშაველა ყველას სილას ურტყამდა. ერთი-ორჯერ თბილად ეტყოდა და მერე ულაწუნებდა. ამიტომაც არ უყვარდათ. მერე რობაქიძე მიხვდა, რამხელა პიროვნება იყო, მერე ილია და ახლა მე მივხვდი!
ჩემი ახალი ფილმის გმირი დოცენტი ბიჭია, რომელსაც ჯიბეში ავტობუსის ფულიც არ აქვს. ახალგაზრდა კაცი და მოხუცი კაცი სხედან სახლში და უყურებენ ქართულ ტელევიზიას. გოგოს ხელში აიფონი უჭირავს. აიღებს ეს გოგო და დაამტვრევს ამ აიფონს. იქ ზის ერთი ინტელიგენტი კაცი, რომელიც ჯაჯანიძეს უყურებს. ადგება და გადმოაგდებს ტელევიზორს. ამ ყველაფრის მერე ვაჩვენებ ამ პირველყოფილი ბუნების კადრებს და ვეუბნები ხალხს, რომ დაბრუნდნენ ბუნებაში.
აქ, სოფელ დიღომში, კაციშვილი მიწაზე არ მუშაობს. ყველა ახალგაზრდა ვიღაცის დაცვაშია. არადა ისეთი სოფელი იყო, აქაური არსად მიდიოდა რამის საყიდლად, ყველაფერი მოჰყავდათ.
– ბატონო გიორგი, ფეხებთან დაკავშირებით პრობლემა რა მიზეზით გაგიჩნდათ, რამაც ეტლში ჩაჯდომა გაიძულათ?
– ქართველი ექიმების ბრალია ყველაფერი. მე სპორტსმენი ვიყავი, ტრავმები მქონდა… ქართველმა ექიმებმა არასწორად ჩამიდგეს პროთეზი, არასწორად მიმკურნალეს. ბაღში ვმუშაობდი, რაღაც სიმძიმე ავწიე. ვერ მიხვდნენ, რომ არასწორი დატვირთვით დავიზიანე რაღაც.
ნახევრად წართმეული მაქვს ფეხები. ახლა უკეთესად ვარ. რომ მეკითხებოდნენ, როგორ ხარო, ვპასუხობდი, წელზემოთ კარგად ვარ-მეთქი. ახლა ვამბობ, მუხლების ზემოთ კარგად ვარ-მეთქი.
საზღვარგარეთ რომ წავედი სამკურნალოდ, გადაირივნენ ექიმები. რაღაც გამისწორეს, მაგრამ ასე დამრჩა. ცოტას დავდივარ ჯოხებით და მართალი გითხრათ, აღარც მაწუხებს, რადგან, როგორც გითხარით, მუხლების ზემოთ კარგად ვარ.
– გავრცელებული ხმების მიხედვით, თქვენ და თქვენმა ძმამ პრემიერმინისტრს პარლამენტში ადგილი სთხოვეთ. მართლა გინდათ დეპუტატობა?
– არა, ეგ სიბრიყვეა! ვიღაცამ დაწერა და რომ ვიცოდე, ვინ არის, დავამხობდი ყველაფერს თავზე! რომელ პარლამენტში გინახივართ, რა მინდა იქ?! ქუთაისში წამოვგორდე და ჩემი ხელობა დავკარგო?! ჩემი მთავარი დანიშნულება ხელოვნებაა.
ჩვენ ვიცნობთ კარგ ინტელიგენტებს, მეცნიერებს. ოთხი კაცი შევარჩიეთ და ის სია გავუგზავნეთ კვირიკაშვილს. ესენი არიან პეტრე მამრაძე – ძალიან მაგარი პოლიტიკოსი, პაატა ქურდაძე – არაჩვეულებრივი პოლიტოლოგი, ზურაბ აბაშიძე – ნაღდი საპარლამენტო კაცი და იაგო კაჭკაჭიშვილი, რომელიც სტუდენტებს უყვართ და რამე რომ აირევა ხოლმე უნივერსიტეტში, მასთან გარბიან.
ესენი ამბობენ, პარლამენტი უნდა გავაახალგაზრდავოთო. დავუწერე იმ წერილში, ნახეთ საფრანგეთის, გერმანიის და სხვათა პარლამენტები, სადაც ჭაღარა ხალხი ზის-მეთქი. გამოცდილება უნდა გქონდეს, რომ პარლამენტიდან უხელმძღვანელო სახელმწიფოს. არ ვიცი ამ ოთხი კაცის ბედი, მგონი, იხილავენ მათ კანდიდატურებს.
კონფლიქტი კი მომივიდა კვირიკაშვილთან. ვერ დაურეკავ, ვერაფერს გადასცემ, ესემეს-ს უგზავნი და არ კითხულობენ. მეგობარმა მითხრა, გორში აქვთ პრეზენტაციაო და იქ წავედი. გზა გადავუღობე და ეს სია გადავეცი. მან კი მითხრა, დაისვენეო. ვნახოთ, რას იზამენ! უხერხულ ასპექტში მითხრა, დაისვენეთო. ბოდიში კი მომიხადა მერე.
– იქვე მოგიხადათ ბოდიში?
– არა, როცა ეს ამბავი გახმაურდა, მერე. ჩემს ნიკუშას გამოუგზავნა ესემესი, სადაც ეწერა, ბოდიში, არ ვიყავი მართალიო.
– ცნობილია, რომ თქვენს ვაჟს, ნიკუშას, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს ივანიშვილებთან. პირდაპირ ბატონ ბიძინას რატომ არ მიმართეთ?
– ნიკუშაც მეგობრობს ბიძინასთან და მეც. ამას წინათ ბიძინამ პირდაპირ მითხრა, ამჯერად არაფერში ვმონაწილეობ, ვის აირჩევენ და ვის დანიშნავენ, ყველაფერი კვირიკაშვილს გადავაბარეო და როგორღა შევაწუხო? თან დედამისმა ფეხი მოიტეხა, როგორც მითხრეს ძალიან ცუდ ადგილას, ბარძაყთან. გიჟდება, ისე უყვარს დედამისი და სულ თავზე ადგას. ოპერაციის გაკეთება არ შეიძლება და…
ბიძინას დაგეგმილი ჰქონდა ტურნე – მთელი საქართველო უნდა მოევლო და ხალხთან ელაპარაკა, მაგრამ დედამისის მდგომარეობის გამო, როგორც ვიცი, ეს ტურნე აღარ იქნება. მე არც დავურეკავ და არც შევაწუხებ, რადგან ვიცი, დედამისს თავზე ადგას ჭორვილაში.
ბიძინა კარგი კაცია, მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ახლა კვირიკაშვილი, კალაძე და ვინმე ახალგაზრდა კაცი კობახიძე მართავენ ყველაფერს. საბჭოთა “ტროიკას” მაგონებს ეს სამი. მაშინ სასამართლო არ იყო, “ტროიკა” წყვეტდა, ვის დატოვებდნენ და ვის მოკლავდნენ.
არ ვიცი, სხვა რაიონებში რა ხდება, მაგრამ გურჯაანი საანდრონიკოა, ჩემი დედულეთია. იქ ყველაფერი არეულია. ისევ ფული ტრიალებს – დარბიან კანდიდატები და ხალხს ფულს აძლევენ.
იქაც მყავს კანდიდატი – ელგუჯა გიორგაძე და მარტო მას შეუძლია ნაციონალების ღვინიაშვილის წაქცევა. ეს არ ესმის კალაძეს! მათი კანდიდატი შევარდნაძის მთავრობის გუბერნატორის შვილია, რომლის მამამაც გუბერნატორობის დროს იყიდა ლაგოდეხის ნაკრძალის ნახევარი და უამრავი მიწა კახეთში. ის ბიჭი, იცით, რითი მოიწონა “ტროიკამ”? საზღვარგარეთ სწავლობდაო. ვკითხულობ – სად ნაშოვნი ფულით სწავლობდა, მამამისის მიერ ქვეყნის გაყვლეფით მოპოვებული ფულებით ხომ არა?
– ხშირად ხვდებით მეგობარ ივანიშვილს?
– არა, იშვიათად ვაწუხებ და დაუკრეფავში არასოდეს გადავდივარ. დავურეკავ ხოლმე, შეხვედრა მინდა-მეთქი და მიბარებს. ორჯერ კინოსტუდიის საკითხზე შევხვდი, რადგან მოსაგვარებელია ეს ამბავი.
– თქვენს ახალ ფილმს ივანიშვილი აფინანსებს?
– არა. მე წესიერი კაცი ვარ. კინოცენტრში ტარდება კონკურსები და იმ კონკურსში ვმონაწილეობ. შეიძლება არც გამიშვას იმ კომისიამ, რადგან იქაც ახალგაზრდები არიან. თბილისის თეატრალური უნივერსიტეტი წელიწადში 17 რეჟისორს უშვებს. 600 ახალგაზრდა რეჟისორია ქვეყანაში უკვე!
ჟიურიშიც ახალგაზრდები არიან და მათ არ გაუშვეს ამას წინათ ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი. ასე თქვეს, ეყოფათ, რაც ჭამესო. შევუთვალე, დედითქვენისამ-მეთქი და მაინც ვიღებ კონკურსში მონაწილეობას.
ჩემი ფულით დავიწყე ფილმზე მუშაობა.
– როგორც ვიცი, ბატონი ელდარიც იღებს ფილმს.
– კი, იღებს და ელდარს ბიძინამ მისცა ფული. ელდარი მისი საყვარელი რეჟისორია. ბიძინას უყვარს კომედიები და ელდარი ახლა კომედიას იღებს.
– თქვენ რომ არ მოგცათ, არ გეწყინათ?
– მე არ მითხოვია. ელდარმა კი სთხოვა. ერთხელ მეც დამაფინანსა – “მიდიოდა მატარებელი” გადავიღე. მაშინ ჩვეულებრივი ბიზნესმენი იყო. ჩემი სურათებიც ნანახი აქვს და მაფასებს, მაგრამ ელდარზე გიჟდება.
– სოფელში მარტო ცხოვრობთ?
– დიახ, ახლა მარტო ვარ. აქაური ქალები მემსახურებიან. ბეთჰოვენი დარჩა ბოლოს უცოლოდ, რადგან რთულია შემოქმედებით კაცთან ცხოვრება, ვერ უგებენ. ეკატერინე ჭავჭავაძემ ბარათაშვილს ვერ გაუგო! მე ორი ცოლი გამოვიცვალე და მესამეს აღარ ვითხოვ, რადგან გამოცდილებით ვიცი, იმავეს გააკეთებს.
ვამბობდი, სოფლელ ქალს მოვიყვან და ძროხას მაინც მომიწველის-მეთქი, მაგრამ ვერ გავუძლებ, რადგან ამ ქალებს რომ ვუყურებ, აბსოლუტურად მასკულტურის ხალხია – მარტო ჯაჯანიძეს უყურებენ. მე კი ასეთებისთვის რთული ვარ. ხელოვანი უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე მასა.
– მარტოობა უფრო რთული არ არის?
– მარტოობა ყველა შემთხვევაში ცუდია. ორი ბიჭი მყავს და მიდი-მოდიან, მაგრამ მაინც მარტო ვარ. თუ შემიყვარდება ვინმე, აუცილებლად მოვიყვან.