დავით ბერძენიშვილი ღია წერილით მიმართავს გიორგი აბდალაძეს: „ბატონო გიორგი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ალმოდებულ გორში გადაღებული თქვენი ფოტო ომის სიმბოლო აღმოჩნდა. მთელმა მსოფლიომ ამ ფოტოს მიხედვითაც შეიქმნა შთაბეჭდილება ომის ხასიათზე, რუსეთის აგრესიაზე და მის მასშტაბებზე.
ისტორიაში არაერთხელ მომხდარა, რომ გარკვეულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს დაკისრებიათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა. კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის სტუდენტების მიერ სამიოდე კვირის წინ გადაღებული მასალა, სადაც თქვენ საუბრობთ პროფესიულ ვალდებულებებზე, თქვენი დაპატიმრების შემდეგ უაღრესად აქტუალური გახდა. უამრავი ადამიანი თქვენს მიმართ, როგორც პროფესიონალისა და პატრიოტის მიმართ, პატივისცემით და იმედით განეწყო.
„ფოტორეპორტიორთა საქმე“ უაღრესად აქტუალურია დღევანდელ საქართველოში. ეს საქმე შესაძლოა, ხვალინდელი საქართველოსთვის, მოქალაქეთა არჩევანისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის აღმოჩნდეს.
რომელიმე ბრალდებულის მიერ ე. წ. აღიარებითი ჩვენება არ აკნინებს მის ღირსებას – ყველას გვესმის, რა დაუნდობელ რეჟიმთან გვაქვს საქმე. საზოგადოება თითოეული თქვენგანის უფლებების დასაცავად იბრძვის. ამასთანავე ასეთ რეჟიმთანაც კი შეიძლება გამკლავება. დღემდე პირადად თქვენ იძლევით ამის მაგალითს.
ბატონო გიორგი, თქვენს პირად მხნეობაზე და გაუტეხლობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული – გაცილებით მეტი, ვიდრე თქვენი, თქვენი შეუპოვარი მეუღლისა და ახლობლების მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.
ხელისუფლება საფრთხეშია და ეს იმედისმომცემია. მითი მისი უძლეველობის შესახებ რამდენჯერმე შეირყა: გირგვლიანის, რობაქიძის და სხვათა საქმეები, 7 ნოემბერი, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, სააკაშვილის და მისი ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებების შედეგად რუსეთის მასშტაბურ პროვოკაციაზე წამოგება 2008 წლის 7 აგვისტოს...
არ გატყდეთ, ბატონო გიორგი! დღეს ისეთი ვითარებაა, რომ პირადად თქვენმა სიმტკიცემ შესაძლოა, ის ლოდი გამოაცალოს სახელისუფლებო ხუხულას, რაც დაანგრევს, „ჩამოშლის“, როგორც სააკაშვილი იტყოდა, მის ხელისუფლებას.
სრულად მაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობაც, რასაც ჩემი ამ მიმართვით ვიღებ. ვფიქრობ, რომ დღეს თქვენს გარშემო სწორედ ის ვითარებაა, რომ სიმტკიცით, მხნეობით და გაუტეხლობით თავსაც უფრო დაიცავთ და საქართველოს არჩევანში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანთ.
დღეს ქართული საზოგადოება (არა მარტო კვალიფიციური და წესიერი ჟურნალისტები) თქვენ იმედით შემოგყურებთ. თქვენი ბედი მიმზიდველი ნამდვილად არ არის – ვითარებაა ასეთი, ეს მოცემულობაა.
ბევრი რამ არის თქვენზე დამოკიდებული, იმაზე მეტი, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ, ალბათ.
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის სიმბოლოს ფოტომასალის ავტორი, აგვისტოს კატასტროფის თანაავტორ – სააკაშვილის უსამართლო ხელისუფლებისაგან საქართველოს გათავისუფლების სიმბოლოც შეიძლება გახდეთ“.
უღრმესი პატივისცემით,
დავით ბერძენიშვილი