საქართველოში დაკავებული 35 წლის რუსი ჰაკერი ანდრეი ტიურინი, რომელსაც ბრალად ედება ათეულობით ამერიკული ფინანსურ ორგანიზაციაზე, მათ შორის ამერიკის უდიდეს ბანკ "მორგან ჩეიზზე", ორგანიზებული კიბერშეტევა, საქართველოდან ნიუ-იორკში 7 სექტემბერს იქნა ექსტრადირებული.
საქართველოს პროკურატურის ცნობით, ტიურინის ექსტრადირებას არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ რუსეთის ფედერაციაც ითხოვდა.
ტიურინის დაკავებას წინ უძღოდა რამდენიმეწლიანი გამოძიება და დევნა. რუსეთის 35 წლის მოქალაქემ, რომელიც ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის ფედერალურ სასამართლოში მიიყვანეს, მოსამართლე-მაგისტრატს განუცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს, რის შემდეგაც ბრალდებული გადაიყვანეს მანჰეტენის ციხეში. მისმა ადვოკატმა ფლორიან მიდელმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
მანჰეტენის პროკურორის თქმით, რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინი ეჭვმიტანილია გლობალურ ჰაკერულ შეტევაში, რომელთა სამიზნეც იყო "მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტები, საბროკერო ფირმები, საინფორმაციო სააგენტოები და სხვა კომპანიები."
ტიურინი ამერიკის სასამართლოს წინაშე განმეორებით 25 სექტემბერს წარსდგება.
უნდა აღინიშნოს, რომ ტიურინი მარტო არ მოქმედებდა, დაჯგუფებაში კიდევ სამი ჰაკერი იყო, რომლებიც გასული რამდენიმე წლის განმავლობაში დააკავეს. ერთერთი მათგანი იყო გერი შალონი, იგივე გარი შალელაშვილი, იგივე გაბრიელი, გაბი, ფილლიპ მუსსე, კრისტოფერ ენგეჰემი. (აღსანიშნავია, რომ გარი შალონი საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა შალელაშვილის შვილია.)
ასევე ტიურინთან ერთად "მუშაობდა" ამრიკელი ჯოშუა აარონი, იგივე მაიკ შილდსი, რომელიც ხან ისრაელში, ხან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხანაც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა.
ხოლო ჯგუფის მეთხე წევრი ზივ ორენსტაინია, რომელსაც ასევე ავივ სტაინსა და ჯონ ავერის სახელითაა ცნობილი.
გარი შალონი, რომელსაც პროკურატურაში ჰაკერული დაჯგუფების ხელმძღვანელად მოიხსენიებენ, ორენსტაინთან ერთად 2015 წლის ივლისში დააკავეს ისრაელში, რის შემდეგაც 2016 წელს მათი ექსტრადირება მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
რაც შეეხება აარონს, თავდაპირველად მან რუსეთს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ 2016 წელს თვითონ გამოცხადდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბრალი აღიარა.
უნდა აღინიშნოს, რომ მათი ჰაკერული დაჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაუული ამერიკული ფინანსური ინსტიტუტების ისტორიაში უპრეცენდენტოა. დანაშაულის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი, რომელთა პირად ინფორმაციაზეც ჰაკერებს ხელი მიუწვდებოდა, 100 მილიონს აღწევს.
მათ მიერ ჩადენილ თაღლითობებს ერთობლივად მოიხსენიებენ, როგორც pump and dump-ს. გამომძიებლების ვარაუდით, მათი დაჯგუფების წარმომადგენლები იაფად ყიდულობდნენ ძალიან ბევრ სხვადასხვა აქციას, რის შემდეგადაც სხვადასხვა ინვესტორს, რომელტა საკონტაქტო ინფორმაცია წინასწარ აქვთ მოპარული, არწმუნებენ იმაში, რომ ფასიანი ქაღალდები ნამდვილია და დიდ შემოსავალს მოუტანს მათ. ამის შემდეგ, როდესაც ფასი იმატებს, თვითონ ყიდიან ამ ფასიან ქაღალდებს, იღებენ მილიონებს, ხოლო ინვესტორები კი წაგებულები რჩებიან.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც თაღლითები აკონტროლებდნენ ათობით არალეგალურ ინტერნეტკაზინოს. გამოძიებას ეს ვერსია გაუჩნდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის ივლისში სასამრთლომ შალონი და ჯგუფის სხვა წევრები დააკავა.
იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო რუს ჰაკერ ანდრეი ტიურინს დანმაშავედ სცნობს, მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.