თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს დაღუპვის შემდეგ, ზუსტად ერთ კვირაში სეპარატისტულ რესპუბლიკაში ახალი გადაადგილებები დაიწყო.
ზახარჩენკოს აფეთქების შემდეგ, 2018 წლის 31 აგვისტოს, დონეცკის არაღიარებული სახალხო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე დიმიტრი ტრაპეზნიკოვი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მმართველის მოვალეობის შემსრულებლად დასახელდა.
მაგარამ, ტრაპეზნიკოვის ამ პოსტზე დანიშვნა დონეცკის "რესპუბლიკის" გენერალურმა პროკურატურამ უკანონოდ ჩათვალა, რის შემდეგაც 7 სექტემბერს ლიდერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტიდან ტრაპეზნიკოვი გაათავისუფლეს და მის ადგილზე, დეპუატატების 11- წუთიანი სხდომის შემდეგ, თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერის მოვალეობის შემსრულებლად სახალხო საბჭოს თავმჯდომარე დენის პუშილინი დაინიშნა.
თვითაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში 11 ნოემბერს ლიდერებისა და სახალხო საბჭოების არჩევნები დანიშნეს.
სხდომის შემდეგ ახალმა ლიდერმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს ზახარჩენკოს მიერ დასახულ კურსს და ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა დაღუპული ლიდერის ყველა ოცნებისა და მიზნის რეალიზება მოახდინოს:
"მინდა, რომ დონბასის ყველა მცხოვრები ბედნიერი გავხადო," - განაცხადა პუშილინმა.
ხელმძღვანელის პოსტზე რუსეთისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელი "ლიდერის " დანიშვნის შემდეგ, "ერთკვირიან მმართველებს", დიმიტრი ტრაპეზნიკოვისა და მინისტრთა საბჭოს მოადგილის ალექსანდრე ტიმოფეევის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.
გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ტიმოფეევმა და ზახარჩენკოს ყოფილმა მრჩეველმა ალექსანდრ კაზაკოვმა "რესპუბლიკა" დატოვეს, მოსკოვში გადავიდნენ და, სავარაუდოდ, არ დაბრუნდებიან.
მაგრამ კაზაკოვმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ მას დე-ნე-ერის პასპორტი აქვს და ის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელის მრჩევლის პოსტზე რჩება.
ფოტოზე: ალექსანდრ ზახარჩენკო და დენის პუშილინი