როგორ აღმოჩნდა თემქელი ბიჭი ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე – ,,მინდა, შეყვარებულს ჩემი ქვეყანა გავაცნო”

როგორ აღმოჩნდა თემქელი ბიჭი ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე – ,,მინდა, შეყვარებულს ჩემი ქვეყანა გავაცნო”

,,თემო, თემო, შემოგვხედე!” – ეძახდნენ ჟურნალისტები და ფოტორეპორტიორები ახალგაზრდა ქართველ მსახიობ თემო მელიქიძეს, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად იდგა წითელ ხალიჩაზე და თავი ბავშვობის სიზმარში ეგონა. ფილმი “პატრიოტის დღე”, სადაც თემო ერთ-ერთ მთავარ გმირს – ჩეჩენ ტერორისტ ტამერლან ცანაევს, განასახიერებს, 2016 წელს გადაღებული ფილმების საუკეთესო ათეულში მოხვდა.

კინოსურათში თემოსთან ერთად მონაწილეობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები – კევინ ბეკონი, ჯეი ქეი საიმონსი, მარკ უოლბერგი. ფილმი 2013 წლის 15 აპრილს მომხდარ ტრაგედიაზეა. იმ დღეს ამერიკაში, ბოსტონში, ყოველწლიური მარათონის დროს ტერაქტი მოხდა, დაიღუპა 3 და დაშავდა 183 ადამიანი.

თემო 6 წლის იყო, როცა ოჯახთან ერთად ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად. სკოლა რომ დაამთავრა, ნიუ იორკის კინოაკადემიაში ჩაირიცხა სამსახიობო ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ ლოს ანჯელესში ჩავიდა, სადაც არავინ იცნობდა, მაგრამ დიდ კინოსამყაროში მაინც შეძლო თავის დამკვიდრება. როგორ აღმოჩნდა წითელ ხალიჩასა და ბავშვობის დროინდელ ზღაპარში, ამის შესახებ თემო თავად გვიამბობს.

– თემო, მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე, იმ პერიოდზე, სანამ საქართველოდან გაემგზავრებოდით.

– 6 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან წამოვედით. ძალიან კარგად მახსოვს საქართველო, თბილისი. თემქაზე გავიზარდე. ნოსტალგია მაქვს ყველაფერზე, მენატრებიან ძმაკაცები, კლასელები… სახლში ვერ მნახავდით, სულ ვთამაშობდი. ბელგიაში რომ ჩავედი, მეგონა, მთელი მსოფლიო ქართულ ენაზე საუბრობდა, სკოლაში რომ შემიყვანეს, მიკვირდა, ჩემი რატომ არ ესმოდათ. ყველაფერი სხვანაირი იყო.

– ვიცი, რომ ბავშვობიდან ოცნებობდით მსახიობობაზე. რატომ დაინტერესდით ამ პროფესიით?

– ბავშვობიდან მიყვარდა წიგნები, სცენების შექმნა. ბრუს ლიდან დაიწყო ყველაფერი, მამაჩემმა გამაცნო და ძალიან შემიყვარდა. დავიწყე ვარჯიში, მის ფილოსოფიას ვეცნობოდი. ვარჯიშიდან მსახიობობის სურვილი წამოვიდა. მე არ ვიცოდი, რა იყო ამერიკა, ჰოლივუდი. ფილმებს რომ ვუყურებდი, ვგიჟდებოდი. სულ ვიმეორებდი იმას, რასაც ეკრანზე ვხედავდი.

– როგორ გახსენდებათ ნიუ იორკის კინოაკადემიაში სწავლის პერიოდი?

– იქ რომ ჩავირიცხე და ამირჩიეს, ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო. სწავლა რომ დავიწყე, დრო ძალიან აჩქარდა. მიზანი მქონდა და ზუსტად ვიცოდი, ჩემს გზას აუცილებლად ვიპოვიდი, არაფრის მეშინოდა. შემიყვარდა ნიუ იორკი, სადაც გავიცანი რეჟისორები, მსახიობები. 300 მსახიობიდან მე და ჩემი მეგობარი აგვარჩიეს და ბროდვეის თეატრში კონტრაქტი შემოგვთავაზეს.

– ძალიან ხშირად ახსენებთ შეცდომებს სხვადასხვა ინტერვიუში. რას ან ვის უკავშირდებოდა ეს შეცდომები?

– ლოს ანჯელესში სირთულეები იყო, შეცდომებიც დავუშვი. გავიცანი ადამიანები, რომლებსაც იგივე მიზანი არ ჰქონდათ, რაც მე. დავუჯერე ისეთს, ვისთვისაც არ უნდა დამეჯერებინა.

პირველად გამოცდა ძალიან ცუდად ჩავაბარე, მაგრამ სწორედ ეგ არის გამოცდილების მიღება. დასარჩენი ადგილი აღარ მქონდა, მანქანაში მეძინა. ისეთ სიტუაციებში მოვხვდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი: “რას ვაკეთებ აქ?”. ვფიქრობდი, დავბრუნდები ბელგიაში, ოჯახთან და კომფორტულად ვიქნები-მეთქი, მაგრამ ჩემი მიზანი სხვა იყო – იმ ადამიანების ნაწილი ვყოფილიყავი, რომლებსაც ეკრანზე ვხედავდი.

ახლა რომ მითხრა, უნდა წახვიდე და ისევ ის გზა გაიაროო, აუცილებლად წავიდოდი და იმავეს გავაკეთებდი. ყველა წარმატებულ მსახიობს მსგავსი ისტორია აქვს და ეს ნორმალურია. ამ ყველაფერს თუ ვერ გაუძლებ, წარმატებებს ვერ მიაღწევ!

– როგორ მოახერხეთ, გეთამაშათ ისეთი ცნობილი რეჟისორის ფილმში, როგორიც პიტერ ბერგია?

– სანამ როლი მოვიდოდა, მე სახლიც არ მქონდა. ელექტრონულ ფოსტაზე აგენტისგან წერილი მომივიდა. თავიდან თაღლითი მეგონა, მერე შევხვდი და მითხრა, კინოსთვის ტესტი გავაკეთოთ, იქნებ ფილმისთვის გამომადგეო. სცენარი მომცა, ვიდეო გადავიღე და გადავუგზავნე.

ჩემით დაინტერესდა, მაგარი მსახიობი ხარო და რეკლამასთან ერთად სერიალის კონტრაქტიც მომცა. ეს ნიშნავდა, რომ კინოს სინჯებზეც მომიწევდა წასვლა. ერთ დღესაც გამომიგზავნა “პატრიოტის დღის” შესახებ ინფორმაცია. ჩეჩენი ტერორისტის, ტამერლან ცანაევის, ფოტო ვნახე ინტერნეტში, ერთ სურათში ძალიან მაგრად ვგავდი…

მოკლედ, სცენარი ჩავაბარე და კასტინგის რეჟისრომა მაშინვე მანიშნა, ძალიან მაგარიაო. ბოლო კასტინგს პიტერ ბერგი და ოსკაროსანი მსახიობი მარკ უოლბერგი ესწრებოდნენ და რომ მიყურებდნენ, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

– როცა გადასაღებ მოედანზე ვარსკვლავებთან აღმოჩნდით, მათთან კომფორტული იყო მუშაობა?

– მე ჯერ არავინ მიცნობდა, მაგრამ, როცა მუშაობა დავიწყეთ, ჯეი ქეი საიმონსი და მარკ უოლბერგი ძალიან მეგობრულები იყვნენ. მიშელ მონაჰენიც გავიცანი, ძალიან მაგარი ქალია, ბევრს ვიცინოდით.

პიტერ ბერგთან ყველაზე მაგარი ურთიერთობა მაქვს, ახლაც ვძმაკაცობთ. ვარსკვლავებიც ადამიანები არიან, მეგობრულები, ბევრს შრომობენ და ჭკვიანურად ცხოვრობენ.

– შემდეგ იყო წითელი ხალიჩა, აღიარება. თქვენი ბავშვობის ოცნება რეალობად იქცა.

– დიახ. წითელ ხალიჩაზე ლეგენდებთან ერთად მოვხვდი, მეც მათი ნაწილი ვიყავი. “თემო, თემო, შემოგვხედე!” – იძახდნენ. ბავშვობის სიზმარი მეგონა.

ვარსკვლავები, ჰოლივუდი, წარმატება ხომ მაგარია? მაგრამ ეგ ერთი მხარეა. მე იმისთვის წავედი, რომ ვანახო მსოფლიოს, როგორები ვართ ქართველები, რა შეგვიძლია. ბრიუგეში (ქალაქი ბელგიაში, ავტ.) რომ იყო პრემიერა, ეს კიდევ უფრო მაგარი იყო. ჩემმა მშობლებმა ბევრი ინერვიულეს, მათი ბედნიერი სიცილი და სიხარულის ცრემლები 10 “ოსკარს” მირჩევნია.

– რას ფიქრობთ თქვენ მიერ შესრულებულ როლზე, გმირზე და თავად როგორ აფასებთ საკუთარ თავს ფილმში “პატრიოტის დღე”?

– მე ეს როლი შევასრულე და საერთო არაფერი მაქვს ტამერლან ცანაევთან, ისიც და მისი ცხოვრებაც სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ზოგს არ სჯერა, რომ ეს როლი მე შევასრულე და მსახიობისთვის ესაა ყველაზე დიდი კომპლიმენტი.

– ახლა რა გეგმები გაქვთ?

– აგვისტოს ბოლომდე ბელგიაში უნდა ვიყო, ევროპელ მენეჯერს შევხვდი და მინდა, ევროპულ კინოშიც მოვსინჯო ძალები. მსურს, რომ საქართველოშიც ჩამოვიდე. ამერიკაში ნოემბერში წავალ და ძალიან საინტერესო პროექტში მივიღებ მონაწილეობას. შექსპირის “ჰამლეტზე” ფილმს იღებენ, მაგარი სცენარია.

– ვიცი, რომ შეყვარებული გყავთ. გვიამბეთ მასზე.

– ერთი წელია ერთად ვართ, ამერიკელია. ჩემი ოჯახიც გაიცნო. ძალიან კარგი გოგოა, გვერდით მიდგას, ისიც მსახიობია. ერთმანეთს ვუგებთ და ვიცი, ცხოვრების რომელ ფურცელზე ვართ. თუ ოჯახის შექმნა გვენდომება, ასეც იქნება. მინდა, ჩემი ქვეყანა გავაცნო.

– მართალია, თქვენი გული დაკავებულია, მაგრამ მაინც საინტერესოა, რას ფიქრობთ ქართველ გოგონებზე.

– ისინი ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ ქართველ გოგოსთან არასდროს მქონია ურთიერთობა. ქართველი გოგონების სილამაზით ვამაყობ.

– ახლა ალბათ ამ ინტერვიუს კითხულობს ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა, თქვენსავით მიაღწიოს წარმატებას. რას ეტყოდით მას?

– ცხოვრებაში არავინ დაგეხმარება. თუ შენ შეგიძლია იფიქრო და წარმოიდგინო შენს თავში ოცნება, ეს ნიშნავს, რომ ძალა გაქვს. არა მხოლოდ მსახიობის პროფესიაში, ყველგან ასეა. გუშინ რაც მოხდა, იმაზე ფიქრს თავი უნდა დაანებო, ნაბიჯები უნდა გადადგა და იშრომო. მე არც ინგლისური ვიცოდი, არც მსახიობობა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს მინდოდა. ფიქრი – ეს არის დაწყება შენი ოცნების ასრულების.

სირთულეები? ეს ნორმალურია. მათ უნდა გადააბიჯო. ცუდ მომენტებს როცა გაუძლებ, მაშინ მოხდება ყველაზე მთავარი. ეს იქნება ნიშანი, რომ ენდო საკუთარ თავს. ლოს ანჯელესში, როცა სახლი არ მქონდა და ქუჩაში მეძინა, უკან არ დამიხევია. არ შეიძლება შეგეშინდეს, არ შეიძლება მოუსმინო სხვას, როცა გეუბნება, რომ შენს მიზანს ვერ მიაღწევ.