"საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით "ოცნების" მანევრებმა ოპოზიცია ერთმანეთს გადაჰკიდა"

"ოცნება" ამაზე უკეთეს ვარიანტს ვერ მოიფიქრებდა, საპრეზდენტო კანდიდატისადმი საზოგადოებაში ინტერესი გააჩინოს და ყოველდღიურად ყურადღება ამაზე გადაიტანოს. მედიაც დაინტერესებულია, ეყოლება თუ არა მმართველ გუნდს თავისი კანდიდატი. "ოცნება" პოლიტიკურ პიარს აკეთებს," - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი პარტიის მანევრს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

- ექსპერტთა გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარია "ოცნების" ლოგიკა, თქვენ რა ლოგიკას ხედავთ მმართველი პარტიის ქმედებებში?

-  "ოცნების" ქმედებებში ლოგიკის დაჭერა ძალიან ძნელია და მთელი 6 წლის განმავლობაში მათი მოქმედება იყო ალოგიკური. რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატს, ამაზე უკეთეს ვარიანტს "ოცნება" ვერ მოიფიქრებდა. საზოგადოებაში ინტერსი გააჩინოს და ყოველდღიურად ყურადღება ამაზე გადაიტანოს. მედიაც დაინტერსებულია ეყოლება თუ არა "ოცნებას" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში. "ოცნება" პოლიტიკურ პიარს აკეთებს.

- ოპოზიციას უნდა რომ "ოცნებამ" თავისი კანდიდატი დაასახელოს?

- რა თქმა უნდა. ოპოზიციას ყველაზე მეტად უნდა, რომ "ოცნებამ" თავისი კანდიდატი დაასახელოს, რადგან ურჩევნია წააგოს "ოცნებასთან", ვიდრე რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან. თანაც თამაში გაცილებით მძაფრი იქნება თუ მმართველი პარტია თავის კანდიდატს დაასახელებს; თუ არ დაასახელებს ოპოზიცური ძალები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან. უკვე ვხედავთ, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთში არკვევს საქმეს, ერთმანეთის შავი პიარით და პარტიის წევრების გადაბირებით არიან დაკავებული, ვიდრე საარჩევნო კამპანიით. ორივე პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის არ იბრძვის, მათთვის მთავარია როგორ მივლენ საპარლამენტო არჩევნებზე; ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა ქვყანაში.

"ოცნება" ამ მოვლენებს შორიდან აკვირდება, იცის, თუ თავის კანდიდატს დააყენებს, პირველივე ტურში გაიმარჯვებს, თუ არა დააყენებს ოპოზიციას მოუწევს მეორე ტურში ერთმანეთთან ბრძოლა; აქაც "ოცნების" გადასაწყვეტი იქნება ოპოზიციის რომელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი და ვის ჩააბაროს პრეზიდენტის სავარძელი. მეორე ტურში კი გავა ან ბაქრაძე ან ვაშაძე, სხვა ოპოზიის კანდიდატს შანსი არ აქვს.

- პოლიტიკური თვალსაზრისით რამდენად მომგებიანია მმართველი გუნდისთვის საპრეზიდენტო სავარძელი ოპოზიციას ჩააბაროს და ამ გადაწყვტილებას როგორ გაიგებს საზოგადოება, მათ შორის "ოცნების" ამომრჩეველი?

- ისე თუ გრძნობთ საზოგადოების ინტერსს არჩევნებისადმი? ჩემი აზრით, საზოგადოების ინტერსი ნულოვანია. ეს სურათი რა თქმა უნდა ოქტომბრის შუა რიცხვებში შეიცვლება. იმ შემთხვევაში თუ "ოცნება" ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს მისი ამომრჩეველი იტყვის, რომ დემოკრატიას შეუწყო ხელიო. ნეიტრალური ამომრჩეველი კი, როგორც წესი გადაწყვეტილებას ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს.

- ანუ მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციისთვისაც მთავარი არა ამ არჩევნებში გამარჯვება, არამედ როგორ მივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?

-  რა თქმა უნდა, ეს ყველსთვის რთული საკითხია. თუ "ოცნება" რაიმეს არ შეცვლის და რეალურ მოქმედებას არ დაიწყებს წლის ბოლომდე, გაუჭირდება 2020 წლის არჩევნებში გამარჯვება, პროცესი კი უფრო გართულდება. რატომ ჰგონია "ოცნებას", რომ ოპოზიცია ვერ გაერთიანდება? გაიხსენონ 90-იანი წლებიდან ფაქტები და დღევანდელობასთან გაავლონ პარალელი. მართალია, რთული ვითარება ჯერ არ ჩამოყალიბებულა, მაგრამ ნელ-ნელა ყალიბდება. არ ვიცი, ხელისუფლებას შეგნებულად, თუ შეუგნებლად მიჰყავს პროცესი აქეთ.

- თუ 6 წლის განმავლობაში "ოცნების" ქმედებებში ლოგიკა ვერ დაინახეთ, მაშინ ვინ უნდა შეცვალოს რეალობა და ვინ უნდა შეაჩეროს პროცესი, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში არ შევიდეს?

-  პროცესის შეჩერება შეუძლია მხოლოდ ივანიშვილს, თუ იმოქმედებს ძალიან სწრაფად და რადიკალურად, თორემ მერე ისიც ვერ შეაჩერებს პროცესს. ივანიშვილმა უნდა დაალოგოს სიტუაცია ქვეყანაში, ის უნდა დაუბრუნდეს აქტიურ პოლიტიკას და როცა ეს ტვირთი დააწვება გამოსავალს მოძებნის. ასე იყო 2011 წელს, როცა ეს ტვირთი დააწვა ძალიან კარგად შეძლო ქვეყნის გამოყვანა კრიზისიდან. ახლა მეორე ეტაპი იწყება, შეიძლება ამ ეტაპზე უფრო ძნელი იყოს, მაგრამ შეუძლებელი არ არის.