"ბოლო ზარი ჯერ არ დარეკილა და ამიტომ სიურპრიზებს უნდა ველოდეთ, თუნდაც მმართველი პარტიის მხრიდან თავისი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით, ან ამ მარათონში მარგველაშვილის გამოჩენით" - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, რომელსაც "რეზონანსი" არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალთა გამარჯვების შანსებზე ესაუბრა.
რამაზ საყვარელიძე: მინიმუმ უნდა ველოდოთ მმართველი პარტიის გადაწყვტილებას, რომელიც ჯერ გაცხადებული არ აქვს, ანუ სიუპრიზს თავისი კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით და მარგველაშვილის გამოჩენას ამ მარათონში; ასევე ელისაშვილის ჩართვას საარჩევნო კამპანიაში, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატის, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, გადადგას თუ არა ეს ნაბიჯი. ასე რომ, კითხვის ნიშნები რჩება; ჯერ ბოლო ზარი არ დარეკილა, ბოლო ზარამდე კი რამდენიმე დღე კიდევ გვაქვს.
- მმართველი გუნდის გადაწყვეტილება თითქმის ცნობილია, რომ მას თავის კანდიდატი არ ეყოლება?
- კითხვებს აჩენს ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის ჩართვასთან დაკავშირებით გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა. ნაწილი თვლის, რომ საკუთარი კანდიდატით უნდა წარსდგეს არჩევნებზე, ნაწილი დამოუკიდებელ სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს, ნაწილი კი თვლის, რომ გაეთიშოს საარჩევნო პროცესს. არ ვიცი როგორი პროპორციაა ამ საკითხებთან მიმართებაში გუნდის შიგნით, მაგრამ ამ ჭიდილში ვისი პოზიცია გაიმარჯვებს, სექტემბერში გამოჩნდება.
- ექსპერტთა გარკვეული ნაწილი თვლის, რომ "ოცნება" დაინტერსებული არ არის ამ არჩევნებით და უფრო საპარლამენტო არჩევებისთვის ემზადება, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ყველა პოლიტიკური ძალა 2020 წლის არჩევნების თვალით უყურებს ამ არჩევნებს და მზადებაც არის გარკვეული თვალსაზრისით, თუმცა, მეორე მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არის პიარი იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც გამარჯვებას მოიპოვებს; ანუ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს. ამ თვალსაზრისით უდგებიან ამ არჩევნებს "ევროპული საქართველო," "ნაცმოძრაობა" და მათ შორის "ოცნებაც".
- ანუ შეიძლება საპარლამენტო არჩევნებისთვის რაღაც პროცესი დაიწყოს და სხვა პოლიტიკური რეალობა შეიქმნას? ვის წიაღში შეიძლება წარმოიშვას ძალა, რომელიც პოლიტიკურ პროცესს შეცვლის, თავად მმართველ გუნდში ხომ არა?
- ქართული ტრადიციის მიხედვით, სახელისუფლებო პარტიას გამოეყოფა ხოლმე გუნდი, რომელიც იწყებს დამოუკიდებელ ოპოზიციურ ცხოვრებას, რაც ხელისუფლების ცვლის წინაპირობა ხდება. გვახსოვს შევარდნაძის პერიოდი და იგივე ფორმულა შეიძლება მოქმედებდა სააკაშვილის დროსაც, რადგან ივანიშვილი მისი მხარდამჭერი იყო; ამიტომ ამ კანონზომიერების გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა ჯერ ასეთი გუნდის კონტურები არ ჩანს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ 2020 წლისთვის ასეთი კონტურები გამოჩნდეს, თუნდაც მმართველ გუნდის წიაღში. იცით, რომ "ქართული ოცნების" გუნდში, მინიმუმ ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდა, ივანიშვილის მოსვლით შეიძლება ასეთი გაორება მოიხსნა, მაგრამ შეიკვრება თუ არა ერთიან პარტიად, ამის პროგნოზირება ძნელია, რადგან მათ გაერთიანებას ივანიშვილმა ჯერ ვერ მიაღწია.
- წინასაარჩევნო გარემოს ერთ-ერთ სიუპრიზად მარგველაშვილის გამოჩენა ახსენეთ, შეიძლება იგი იყოს მარათონში ჩართული კანდიდატების მთავარი კონკურენტი?
- აქვს შანსი, იმ მხრივ, რომ ის არ აღიქმება არც "ოცნების" და არც რომელიმე პოლიტიკური ძალის კანდიდატად. როგორც წესი კი საქართველოში პარტიული კანდიდატები არ უყვართ და ეს მას ბევრ პლიუსს შემატებს. როგორც არაპარტიულმა კანდიდატმა შეიძლება ბევრი ხმები აიღოს.
- ოპოზიცრი პარტიების კანდიდატებს გამარჯვების რა შანსები აქვთ?
- ოპოზიციური ძალების კანდიდატთა გამარჯვების შანსები დამოუკიდებული იქნება მათი ამომრჩევლის აქტიურობაზე. ანუ ვისი ამომრჩეველი იქნება უფრო აქტიური ან უფრო პასიური. "ევროპული საქართველო" და "ნაცმოძრაობა" ერთმანეთს ეჯიბრება და ამ რეიტინგში "ნაცმოძრაობა" ორჯერ მეტ ხმას აგროვებს, ვიდრე "ევროპული საქართველო".