საქართველოს მეზობლად და ზოგადად რეგიონში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ბოლო დროს სულ უფრო აქტიური ხდება იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა აზერბაიჯანი რუსეთის თავდაცვით ბლოკში, ე.წ. ოდეკაბე-ში (კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია), რომელშიც რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა გაერთიანებული, მათ შორის ბელარუსი, ყაზახეთი, სომხეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
ბოლო დროს სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ამ ბლოკში გაწევრიანებაზე აზერბაიჯანიც ფიქრობს, რაც ძალიან არასასურველი იქნებოდა საქართველოსთვის. ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ადასტურებენ, რომ ბაქოში ამაზე საუბარი მართლაც აქტიურად მიდის და არაა გაამორიცხული, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ ამ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე თანხმობაც განაცხადოს.
ეს კი რეგიონში სერიოზულ გეოპოლიტიკური ძვრას გამოიწვევს და საქართველო არც თუ სახარბიელო სამეზობლოში აღმოჩნდება.
თუმცა ანალიტიკოსები იმასაც აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ოდეკაბე-ში მიღების საკითხი ასეთი მარტივად გადასაწყვეტიც არ არის. ერთი მხრივ სომხეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის კანონმდებლობის გამო.
პოლიტიკურ და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ კავკასიაში და მეზობელ ახლო აღმოსავლეთში მოვლენები არა წლიდან წლამდე, არამედ დღითი დღე იცვლება. ანალიტიკოსის განცხადებით, რამდენიმე პროცესს უნდა მივადევნოთ თვალი. ერთი მხრივ უკიდურესადაა დაძაბული აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის ურთიერთობები ამერიკასთან, ასევე რთული ურთიერთობები აქვს ევროპასთან. პარალელურად ხდება ანკარასა და მოსკოვის სწრაფი დაახლოება, მიუხედავად მათი კარდინალურად საპირისპირო ინტერესებისა, განსაკუთრებით კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში.
მეორე მხრივ, ვითარება თვით ამიერკავკასიაში იცვლება, რაც ასევე რამდენიმე კომპონენტად შეგვიძლია დავჰყოთ.
„რა თქმა უნდა, ერთ-ერთია მოსკოვის შიში სომხეთში მიმდინარე პროცესებთან და სომხურ-რუსული ურთიერთობების პერსპექტივებთან დაკავშირებით. ამავე დროს, შეიმჩნევა რუსეთის პოლიტიკის ცვლილებები და ახალი სტრატეგია კავკასიურ პოლიტიკასთან, კერძოდ აზერბაიჯანთან მიმართებაში, რაზეც ნათლად მეტყველებს დუგინი-შევჩენკოს ფლანგის გააგქტიურება აზერბაიჯანში და მათი მხრიდან რიტორიკის შეცვლა აზერბაიჯანისა და სომხეთის მისამართით.
"ასევე დიდ ინტერესს იწვევს როგორ ვითარდება პროცესები კასპიის ირგვლივ. როგორც მოგეხსენებათ, ოცწლიანი მცდელობების შემდეგ, ხელი მოეწერა კონვენციას, რომლის თანახმადაც მოხდა საზღვრების განსაზღვრა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებს ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, შეეძლებათ ენერგო პროექტების განხორციელება, კერძოდ მილსადენების გაყვანა კასპიის ფსკერზე, რაც აზერბაიჯანის, როგორც ტრანზიტული სახელმწიფოს მიმართ ინტერესს განსაკუთრებულად ზრდის.
"ამ პროცესებზე დაკვირვების შედეგად იკვეთება, რომ აზერბაიჯანისა და რუსეთის ურთიერთობები, ახლო პერსპექტივაში კიდევ უფრო დაახლოვდება. რაც შეეხება აზერბაიჯანის (ოდეკაბე-ში) მიღების საკითხს, არაა მარტივად გადასაწყვეტი, ერთი მხრივ სომხეთის ფაქტორის გათვალისწინებით, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს, მეორე მხრივ, აზერბაიჯანის კანონმდებლობის გამო, რადგან მას მოუწევს მთელი რიგი დოქტრინალური საბუთების გადაკეთება", - აცხადებს სალუქვაძე „რეზონანსთან".
მისივე თქმით, აზერბაიჯანის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნების ბაზების განლაგებას მის ტერიტორიაზე, ოდეკაბე-ს წესდება კი უშვებს მსგავს შემთხვევებს და რუსეთის ინტერესიც, ძირითადად ამაში მდგომარეობს. მოუტანს თუ არა აზერბაიჯანს რუსული სამხედრო ბლოკის წევრობა ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამაზე შეგვიძლია საქართველოს მაგალითზე ვიმსჯელოთ.
სალუქვაძე აცხადებს, რომ საქართველო 1992-92 წლების ომის შემდეგ, 1994 წელს, დსთ-ში, თუმცა შედეგად მიიღო გაყინული კონფლიქტი, პასპორტიზაცია, სეპარატისტული ფორმირებების აქტიური მხარდაჭერა.
„აწყობს კი რუსეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა? კონფლიქტის დარეგულირების შემთხვევაში ის დაკარგავს კონფლიქტის მხარეებზე გავლენის ბერკეტებს. თუ მოხდა აზერბაიჯანის (ოდეკაბე-ში) ინტეგრირების პროცესის დაწყება, ჯერ ეს მხოლოდ საუბრები და საზოგადოებრივი აზრის მოთელვაა, თუმცა აზერბაიჯანში თემა პოპულარულია, რა თქმა უნდა აისახება მთელ კავკასიაზე და მათ შორის საქართველოზეც. მაგრამ, აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები გაგრძელდება იმავე ჭრილში.
"უბრალოდ, ზოგიერთი პოზიციის გადახედვა მოგვიწევს. რა თქმა უნდა, ყველა დეტალი არაა საჯაროდ განსახილველი. როგორც ხშირად მოვუწოდებ ამ წლების მანძილზე, საჭიროა მაჯისცემის კონტროლი და აქტიური სამეზობლო პოლიტიკა, მიმდინარე ვითარებიდან, მათი პერსპექტივებიდან გამომდინარე", - აცხადებს სალუქვაძე „რეზონანსთან".
სამხედრო საკითხების ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ კი აზერბაიჯანის ოდეკაბე-ში მიღების საკითხი გადაწყდება, მაშინ რეგიონში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. მისი თქმით, ეს ცვლილება საქართველოსთვის ყველაზე მძიმე და საფრთხის შემცვლელი იქნება, რადგანაც ჩვენი ქვეყანა ე.წ. ტომარაში მოექცევა. საქართველო რუსეთის მიერ კონტროლირებად მეზობლების წრეში აღმოჩნდება.
„თუკი აზერბაიჯანი ოდეკაბე-ში შევა, მაშინ საქართველო სრულ იზოლაციაში ხვდება. მის გარშემო იქნებიან თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ოკუპირებული ტერიტორიები და ჩრდილო კავკასია. დიდ ტომარაში ვიქნებით მოხვედრილები. თუ რუსებმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო კონტინგენტი შეიყვანეს, ეს ჩვენთვის კიდევ უფრო უარესი იქნება და არსებული სიტუაციას კიდევ გაართულებს.
"რუსები ამ შემთხვევაში ომის პირობებში საქართველოში შემოსვლას 4 მიმართულებით შეძლებენ. მათ ამით ოპერატიული სივრცის შეზღუდვა შეუძლიათ. პირველი შემოვლენ ოკუპირებული აფხაზეთიდან და შავი ზღვის აკვატორიიდან, მეორე ცხინვალიდან და ახალგორიდან, მესამე მიმართულებით ოსიაურიდან და მეოთხე კახეთიდან", - აცხადებს მაისაია „რეზონანსთან".