აფხაზეთში ბოლო დროს სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. მოსახლეობა და ოპოზიცია დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას უპირისპირდება. დაპირისპირებაა თავად სოხუმის მთავრობაშიც. რაულ ხაჯიმბას საკუთარი მინისტრებიც კი აუმხედრდნენ. არსებულ სიტუაციას კი ყოფილი დე ფაქტო პრემიერის სერგეი შანბას მიერ გაკეთებული განცხადებაც ცხადყოფს. მის თქმით, ვითარება თუ არ გამოსწორდა, აფხაზები მუხლებზე სთხოვენ საქართველოს ან რუსეთს თავიანთ შემადგენლობაში მიღებას.
შამბას თქმით, აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები არიან, რომლებმაც მართვა არ იციან. არსებული კრიზისიდან აფხაზეთის გამოყვანა, მხოლოდ ასლან ბჟანიას შეუძლია, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
პოლიტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა აფხაზეთში საკამოდ მძიმე, კრიზისული სიტუაციაა როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. კავკასიოლოგი ამბობს, რომ მძიმეა კრიმინოგენული მდგომარეობა და აფხაზეთში ყველაფერს კლნაური დაჯგუფებები განაგებენ. რუსეთი აფხაზეთისთვის ფულადი ტრანშების ჩარიცხვას აგვიანებს, რაც შექმნილ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. ამიტომაც, მისი აზრით, შამბას განცახდება გაფრთხილებას უფრო ჰგავდა, რომელიც მოსახლეობის შესაშინებლად არის გამიზნული.
„რამდენიმე დღეა, რაც ფსოუს საზღვარზე კონტროლი გაუგებარი მიზეზების გამო საკმაოდ გამკაცრებულია. განსაკუთრებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ვინც შედის მათი კონტროლი მაქსიმალურად ხდება. ამ წუთშიც უზარმაზარი რიგებია, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია ხელს უშლის.
"ამ ყველაფრის ფონზე კი აფხაზების უკმაყოფილება როგორც რუსების ასევე ადგილობრივი ე.წ. ხელისუფლების მიმართ იზრდება. ამასთან ერთი ჯგუფის უკმაყოფილება იმანაც გამოიწვია, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის დღე ისე ვერ აღნიშნეს, როგორც წარმოდგენა ჰქონდათ.
"ალბათ ბოლო წვეთი ე.წ. ვიცე-პრემიერ ვიტალი გაბნიას რესტორანში ცემის ფაქტი გახდა. წარმოგიდგენიათ რა სიტუაციაა, რომ ე.წ. ვიცე-პრემიერსაც კი არ იცავს სამართალდამცავი სტრუქტურა და ადგილობრივ მოსახლეობას ვინ დაიცავს? ეს ყველაფერი კი ოპოზიციის ყულაბაში ილექება. შამბას განცხადებაც ამ კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ. ვითომ ის განგაშის ზარებს რეკს, რომ არიქა, ისე გაგვიხდება საქმე, შესაძლოა საქართველოს და რუსეთს დაჩოქილები მათ შემადგენლობაში შესვლას ვთხოვდეთ", - აცხადებს არეშიძე „რეზონანსთან".
მისივე თქმით, შაბმას განცხადება ორვექტორიანია, ერთი რუსეთისთვის არის მიძღვნილი და მეორე მოსახლეობის შესაშინებლად გაკეთებული. არეშიძე ამბობს, რომ ეს საქართველოს მისამართით გაკეთებული გზავნილი ნაკლებადაა. შესაბამისად, დიდი ილუზიები არ უნდა შევქმნათ. უბრალოდ აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ამისთვის აუცილებელია რესურსი და ტვინი. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ ყველაფერს რამდენად გამოიყენებს, ეს უკვე სხვა საკითხია.
აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სერგეი შამბას განცხადებები რუსეთის თამაშს ემსახურება და ეს ადამიანი არის პიროვნება, რომელიც ყველაფერს მხოლოდ კრემლის საამებლად აკეთებს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ შამბას რაიმე მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდეს და საქართველოს თემასაც მოსახლეობის შესაშინებლად შიგადაშიგ აგდებდეს.
კიკნაძე ამბობს, რომ აფხაზეთში სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, ამიტომ შამბა ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობს. მისი აზრით, ეს არ არის საქართველოს სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის შესაშინებლად გაკეთებული ფანდი. თუმცა კიკნაძე არც იმას გამორიცხავს, რომ რუსების იმედგაცრუების შემდეგ, აფხაზების მცირე ნაწილი ფიქრობდეს, რომ საქართველოსთან უკეთესად იქნებოდნენ. კიკნაძის აზრით, შამბა ამ განწყობებს ხვდება და არ არის გამორიცხული, რომ რუსებსაც აფრთხილებდეს.
„აფხაზეთში კრიმინალი და კორუფციაა გამეფებული. ამ ყველაფერს კი აფხაზებსა და სომხებს შორის არსებული დაპირისპირება ემატება. რუსეთი კი სიტუაციას შორიდან აკვირდება და ორივე მხარეს დგას. მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ე.წ. ხელისუფლებაში ვინ იქნება, ე.წ. მთავრობის გაკონტროლებას კრემლი მაინც ყოველთვის შეძლებს.
"მიუხედავად არსებული დაპირისპირებისა, რუსები შეეცდებიან, რომ ხაჯიმბამ ე.წ. საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე ამოწუროს. თუმცა ვხედავთ, რომ შაბმა ბოლო დროს განსაკუთრებულად აქტიურიბს. ამ ადამიანს პირადად რომ არ ვიცნობდე და მისი ფსიქოპორტრეტი არ ვიცოდე, ვიფიქრებდი, რომ ამ განცხადებას საქართველოს სასარგებლოდ აკეთებს, თუმცა ეს ასე არ არის. ის ყველაფერს მხოლოდ კრემლის საამებლად აკეთებს. ეს უბრალოდ მოსახლეობის შესაშინებლად განაცხადა. ანუ მათ ამით ემუქრება, რომ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაში ისეთი სიტუაციაა, შესაძლოა საქართველოსთვისაც კი შესახვეწი გაგვიხდესო.
"თუმცა ძალიან კარგად ვიცით, რომ აფხაზები თუ ასეთი არჩევანის წინაშე დადგებიან, ისინი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას აირჩევენ. ეს არის მზაკრული და შორს მიმავალი განცხადება, რომლის უკანაც უფრო დიდი მიზნები დგას, მაგრამ ეს არ არის საქართველოს სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები", - აცხადებს კიკნაძე „რეზონანსთან".