(იბეჭდება შემოკლებით)
ზურაბ ჟვანია
„ცოტა ხნის წინ თენგიზ სიგუამ „მწვანეები“ 102 მლრდ. მანეთის მაქინაციაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ ძალიან ბევრი წერილი გამოქვეყნდა ჩვენი დეტალური პასუხებით. რაც მთავარია, ჩვენივე მოთხოვნით, საკითხი შეისწავლა ცალკე სპეციალურმა საპარლამენტო კომისიამ, რომელსაც, ასევე ჩვენი მოთხოვნით, ხელმძღვანელობდა ოპოზიციის წარმომადგენელი ბატონი თემურ ბასილია.
შედეგად დადასტურდა, რომ არავითარ „მაქინაციაზე“ არ ყოფილა საუბარი. საქმე ეხებოდა საქართველოსათვის და საქართველოს ინტერესებისათვის, ასე ვთქვათ, ფარატინა რუსული მანეთის კონვერტირებას მყარ ვალუტაში და ამ თანხის გამოყენებას სახელმწიფოსათვის. მსგავსად ბალტიის, უკრაინისა და მოლდავეთის რესპუბლიკებისა, რომლებმაც რუსეთის ხარჯზე საგრძნობლად შეივსეს თავისი სახელმწიფო ხაზინა.
მაგრამ ეს ოპერაცია ვერ ჩატარდა და ამ აუარებელმა კომისიებმა დაადასტურეს, რომ ბოლომდე ყველა საბუთი იქნა დაბრუნებული ეროვნულ ბანკში. ამ ქაღალდის საფუძველზე ბიზნესმენებმა სცადეს მნიშვნელოვანი ოპერაციის განხორციელება... მაგრამ ჩაიშალა. სწორედ ეს იყო დივერსია (და ამის შესახებ თავის დროზე ვიტყვი).
სხვათა შორის, თავად საპარლამენტო კომისია მიუთითებს ამ ოპერაციის მნიშვნელობაზე. თენგიზ სიგუამ, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ჩვენზე უკეთ იცის ყველაფერი.
მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს, ასეთი მწვავე დაპირისპირების პირობებში, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ამაზე მეტი სათქმელი ჩვენს საწინააღმდეგოდ არ გააჩნია.“