"პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე და კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი "ახალ თაობასთან" ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილის იმ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა უარი თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებაზე", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "არ მგონია, პრეზიდენტი ვინმეს შეეშინებინა" / რატომ თქვა მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელებაზე უარი.
"ამ პროცესს თავიდანვე ახლდა სირთულეები. ისე, პრეზიდენტის მხრიდან თავის არიდების სტრატეგიას უფრო ვხედავ. ალბათ არ უნდა, რომ უკვე მეორედ დასდოს ბრალი საპარლამენტო უმრავლესობამ, რომ მის მიერ არჩეული კანდიდატი ვერ ართმევს თავს და ა.შ. შეიძლება თავად არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული და ვერავის ანდობს - ამ შემთხვევაში ზედმეტი პასუხისმგებლობითაც კი შეიძლება აიხსნას ეს მისი მხრიდან... რასაკვირველია. ეს არის პოლიტიკის ნაწილი - ნინო გვენეტაძე გადადგა თუ არა, ეს უკვე იყო პოლიტიკა - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ ოფიციალური განმარტება, რომ მიზეზი მხოლოდ ჯანმრთელობა იყო და სხვა არაფერი, ცხადია, ადამიანებმა იმთავითვე ალტერნატიული ვერსიები ძიება დაიწყეს - ეს უკვე პოლიტიკის ნაწილია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე და შეკითხვაზე - "მარგვეალშვილის ეს გადაწყვეტილება, როდესაც მან უარი თქვა კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებაზე, როგორ ჩაეწერება მის კარიერაში?" - პასუხობს:
"ამ კითხვაზე ასე გიპასუხებთ: როდესაც საქართველოს მოსახლეობის 40%-ზე მეტი უარს ამბობს მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე, რადგან ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცეს თავისი ხმა, ეს არის უპასუხისმგებლობა?! ამ შემთხვევაშიც მე ბრალს ვერ დავდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს, შეიძლება ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ არ ვიცით, შიგნით რა პროცესები იყო. ადამიანურად მე მისი მესმის და აბსოლუტურად გასაგებია. მან უარი თქვა, როგორც იტყვიან "არიოლი და რეშკას" აგდებაზე და ასეთი ფორმით გადაწყვეტილების მიღებაზე. როგორც ჩანს, რაციონალური გადაწყვეტილების საფუძველი არ ჰქონდა".
"არ მგონია, ვინმეს ზეწოლას პრეზიდენტი შეეშინებინა და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ის დაუპირიპირდა ყველაზე გავლენიან ადამიანს - ბიძინა ივანიშვილს და მისი ნების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა, ანგარიში არ გაუწევია იმისთვის, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში შესულიყო იმის ფასად, რაც ამ ნაბიჯს მოჰყვა. მას ასეთი ხასიათი აქვს. ამიტომ, არა მგონია ახლა მურუსიძე-ჩინჩალაძისგან მიეღო რამე დირექტივები და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. რამე ტიპის ზეწოლა რომ ყოფილიყო, პირიქით, გაბრაზებული უფრო გააქტიურდებოდა - ამას ვამბობს გიორგი მარგველაშვილის ხასიათიდან გამომდინარე", - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
"ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არ არის სწორი გადაწყვეტილება, ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. ის პროცესი, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დაიწყო, ბოლომდე უნდა მიეყვანა. მან უარი თქვა კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე, რაც დაუშვებელია. ეს უფლება მას აკისრია და სწორედ მან უნდა შეასრულოს. ამ ქვეყანაში სხვა პრეზიდენტის როლს ვერ მოირგებს და ვერ შეასრულებს. პრეზიდენტის უფლებამოსილება არ არის კერძო არჩევანი - ეს მისი ვალდებულებაა! ერთმა არჩევანმა ცერ გაამართლა, სხვა არჩევანი გაეკეთებინა ან თავად აეღო პასუხისმგებბლობა და მოანახა გადაწყვეტილება", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი და შეკითხვაზე - "ეს გახდა პოლიტიკური პროცესი და პრეზიდენტი ჩიხში შევიდა?" - პასუხობს:
"ჩემთვის ეს ნამდვილად არ იყო პოლიტიკური პროცესი. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღების საკითხია დამოკიდებული".