[მერაბ ბრეგაძე]
საქართველოს დღევანდელობა და ხვალინდელი დღე, ადგილობრივი და უცხოური მედიის აქტიური განხილვის საგანია. „დემოკრატიის სტაგნაცია საქართველოში ხელისუფლების ლეგიტიმურობას ემუქრება“, - სტატიას ასეთი სათაურით გამოცემა World Politics Review აქვეყნებს.
წერილის ავტორი მაიკლ ჩეჩირე წერს, რომ საქართველო ნდობას კარგავს, რადგან ლიბერალური დემოკრატიის მიმართულებით არანაირი პოლიტიკური პროგრესი არ არსებობს. იმით, რომ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ძვრა არ აქვს, მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ხელისუფლების ლეგიტიმურობას ავნოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან:
„როდესაც ქართველი ოპოზიციონერი და სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი ნინო ბურჯანაძე მაისში თავის მხარდამჭერებთან ერთად თბილისის ქუჩებში გამოვიდა, დემონსტრანტთა რიტორიკა სავსე იყო ისეთი გამონათქვამებით, რომელსაც არაბულ სამყაროში საზოგადოებრივი პროტესტის ტალღა და რამდენიმე ავტორიტარული მთავრობის დამხობა მოჰყვა“.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ მაისის პროტესტი რევოლუციაში არ გადაზრდილა – ის შთამბეჭდავი იყო არა მასშტაბით, არამედ დრამატულობით:
„26 მაისს მომიტინგეთა შეუპოვარმა ჯგუფმა უარი თქვა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაზე მას შემდეგაც, რაც მიტინგის ლეგიტიმური ვადა ამოიწურა, რაც პოლიციის მიერ აქციის დარბევით, ათობით ადამიანის დაშავებით და ორი ადამიანის დაღუპვით დასრულდა.
მაშინ როდესაც, საერთაშორისო წარმომადგენლებმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს პოლიციის ქმედება, როგორც არაპროპორციული, საქართველოს მთავრობა აქციის მონაწილეებს ებრძოდა და მათ კრემლის მოგზავნილ „მეხუთე კოლონას“ ეძახდა“.
თუმცა მაიკლ ჩეჩირე იქვე ამატებს, რომ ბურჯანაძის ღიად პრორუსული პოზიციის, ასევე ოპორტუნისტული პოლიტიკური კარიერის გამო, შეიძლება ივარაუდო, რომ მთავრობის ბრალდებებში სულ უსაფუძვლოც არ არის, თუმცა მთავრობის მიერ ოპონენტების საქმიანობის შეზღუდვა აძლიერებს იმ განცდას, რომ საქართველოს მმართველი ელიტა ნამდვილი დემოკრატიული სისტემის აშენებას არ აპირებს:
„მიუხედავად იმისა, რომ წელს საქართველოში თავისუფლებების მაჩვენებელი გაუმჯობესდა, პოლიტიკური თავისუფლების მაჩვენებელი იმაზე მეტად გაუარესდა, ვიდრე ის იყო ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის კლეპტოკრატიული რეჟიმის პირობებში.
მაშინ, როდესაც გარკვეული დროის განმავლობაში უზარმაზარი სასიკეთო ცვლილებები ადმინისტრირების, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სფეროში კარგი საშუალება იყო უსიამოვნო წარსულთან შედარებებისგან ყურადღების გადასატანად, მუდმივი ორნიშნა ინფლაცია, უმუშევრობის უზარმაზარი მაჩვენებელი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არასაკმარისი მოცულობა, ამცირებს რეალური ეკონომიკური ზრდის შანსებს, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დაპირება იყო“.
თავის მხრივ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის საქართველოში, ელჩი ფილიპ დიმიტროვი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „საქართველოსთვის არ იქნება კარგი, თუ კონსტიტუციას იმისთვის გამოიყენებს, რომ კონკრეტული პიროვნებების კონკრეტული თანამდებობები უზრუნველყოს“:
„პირველ რიგში, მინდა, ნათლად განვასხვავო ორი მიდგომა. პირველი, როდესაც კონკრეტული კონსტიტუციის მიხედვით ხალხი წყვეტს, სად უნდა იყოს კონცენტრირებული ძალაუფლება და მეორე - სრულიად განსხვავებული სიტუაცია, როდესაც კონსტიტუციის შეცვლა ძალაუფლების კონცენტრირების მიზნით ხდება.
კონსტიტუციის შეცვლა ნიშნავს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შორის არსებობს თანხმობა, რომ ერთი მოდელიდან გადავდივართ მეორეზე. ასეთი ცვლილება ნიშნავს საქართველოს სურვილს, იმოქმედოს წესისა და კანონის საფუძველზე.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებას, ეს ისეთი ცვლილებაა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ერთ რიგში აყენებს იმ ექსვი ქვეყნის კონსტიტუციებთან, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წევრები გახდნენ. ესენია: პოლონეთი, ლიტვა, რუმინეთი, ბულგარეთი და კიდევ ორი ქვეყანა, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სწორედ ამ მიმართულებით შეცვალეს საკუთარი კონსტიტუციები: სლოვაკეთი და სლოვენია“.
ბულგარელი დიპლომატის თქმით, „კონსტიტუციის ცვლილება პრინციპის საკითხია“:
„ეს პრინციპი ევროკავშირის ექვსი ახალი წევრისთვის მისაღები აღმოჩნდა. მახსოვს, როდესაც ვწერდი დისერტაციას პოლიტიკურ სიტუაციაზე კომუნიზმის შემდეგ, საქართველოს განვიხილავდი ქვეყნად, სადაც შესაძლოა, პოზიტიურად განვითარებულიყო მოვლენები. მაშინ დავწერე, რომ საქართველო იყო საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა, ისეთი მმართველობისა, რომელიც არ იყო ტიპიური იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საბოლოოდ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდნენ.
ახლა მე იძულებული ვარ, ამოვჭრა ეს ნაწილი ჩემი დისერტაციიდან, რადგან საქართველოს მოდელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი იქნება. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება, ვიმსჯელო იმაზე, თუ როგორი სტუქტურა ჩამოყალიბდება, რადგან არ მომისმენია განცხადება, რომლის მიხედვითაც რაიმე კონკრეტული აზრი ჩამომიყალიბდებოდა.
ერთი რამ მინდა, ვთქვა: დემოკრატია პირველ რიგში, პასუხისმგებლობას ნიშნავს. დიდ ბრიტანეთს მაგალითად, წლების განმავლობაში კონსერვატიული პარტია და მარგარეტ ტეტჩერი მართავდნენ. ჩვენ ვნახეთ გერმანია, სადაც კანცლერი კოლი ორ ვადაზე მეტხანს მართავდა ქვეყანას. მე ახლა საპარლამენტო რესპუბლიკების მაგალითები მომყავს. მიუხედავად ამისა, არა მგონია, ვინმემ ეჭვი შეეტანოს ამ ქვეყნების დემოკრატიულობაში.
საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა სიტუაციაა და სწორედ ეს უნდა იქნას გათვალისწინებული. მთავარია, ყველაფერი კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ხდებოდეს. საქართველოს არჩევანს კომენტარს ვერ გავუკეთებ. მე შემიძლია, მხოლოდ დავაკვირდე და იმედი გამოვთქვა, რომ არჩევანი კარგი იქნება“.
როგორც ყოველთვის, გაცილებით უფრო მწვავეა შიდა შეფასებები: „ქართველმა ერმა ისევე უნდა თქვას უარი ამ ხელისუფლებაზე, როგორც გერმანელებმა თქვეს უარი ჰიტლერზე“, – ამგვარი პოზიცია „ყველა სიახლესთან“ საუბარში რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ დააფიქსირა:
„ჩვენ ქართველმა ერმა ისევე უნდა ვთქვათ უარი ამ ხელისუფლებაზე, როგორც გერმანელებმა თქვეს უარი ჰიტლერზე. ქართველებმა უნდა მოვინანიოთ ცოდვები. ყველაფერი ეკლესიამ უნდა ითავოს და ჩვენს ქვეყანას ეშველება. თუ სატანას აღმერთებ, უსათუოდ რაღაც ცუდი მოგელის“.
მას ასევე მიაჩნია, რომ რელიგიური გაერთიანებების სტატუსის შესახებ კანონის მიღება ნაადრევი იყო:
„ჩვენ ქართველები ცუდ მდგომარეობაში ვართ, მოსულიერება გვჭირდება, ჯერ დაიბრუნონ დაკარგული მიწები და მერე ილაპარაკონ ამ კანონებზე, რომლის შემოღებაც სურთ. მართალია, არ ვისვრით და არ გვესვრიან, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში გაქანებული ომია. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არც კათოლიკეებს, არც მაჰმადიანებს და არც სხვა რელიგიების წარმომადგენლებს შევარდნია სახლებში და არ უთქვამს, გინდა თუ არა, მიიღეთ ეს სარწმუნოებაო. ქართული ხასიათი კეთილშობილურია.
ჩვენ არავისთვის მიწები არ წაგვირთმევია, პირიქით კი ხდება. გადავხედოთ რუკებს და ვნახავთ, რომელ მეზობელ ქვეყანაში არ არის ჩვენი ეკლესიები. ის მიწები ადრე ჩვენ გვეკუთვნოდა, მაგრამ ზედმეტად ჩუმად ვართ. ასე არ შეიძლება. არ შეიძლება, მთავრობაში მხოლოდ იმიტომ იყო, რომ კარგი ცხოვრება მოიწყო და სამშობლოზე არ იფიქრო. აი, ეს გვაღიზიანებს ყველა ქართველს“.
სტურუას აზრით, მიხეილ სააკაშვილი ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ ხელისუფლებიდან უნდა წასულიყო და 26 მაისის მოვლენების შემდეგ არც აღლუმი უნდა ჩაეტარებინა და არც შერონ სტოუნი ჩამოეყვანა საქართველოში.