სომხეთის საზღვრებიდან, ბორჩალოს ხაზით, შეიარაღებული მტერი საქართველოს ხელმეორედ თავს დაესხა. პირველს ადგილი ჰქონდა 1918 წლის დეკემბერში და მას დამოუკიდებელი სომხეთის ნაციონალური მთავრობა მეთაურობდა.
მეორე თავდასხმა, როგორც ამას გენერალური შტაბის ცნობა გადმოგვცემს, დაიწყო ამა წლის თებერვლის 11-ს, ღამეს და მას აწარმოებს უკვე დამოუკიდებლობა დაკარგული სომხეთის საბჭოთა მთავრობა.
1918 წლის დეკემბერში სომხეთის ფარული მოკავშირე იყო რუსეთის გენერალი დენიკინი, რომელმაც სომხეთთან ერთად საქართველოს საზღვარს შეიარაღებული ძალებით სერიოზულად იმიტომ ვერ შეუტია და ხუთიოდე კვირით მხოლოდ იმიტომ დააგვიანა, რომ ერთის მხრით მან თავისი ძალების კონცენტრაცია დროზედ ვერ დაასრულა და მეორეს მხრით, საქართველოს ჯარის სიმტკიცემ უცბად შემუსრა შემოსეული მტერი და მით შეუძლებელი გახადა საქართველოში რაიმე ანარქიის და დაბნეულობის განვითარება.
დღეს სომხეთის ეროვნული სხეული ფაქტიურად საბჭოთა რუსეთის სახელმწიფოებრივ ორგანიზმშია შესული და ამიტომაც ამ თავდასხმაში სომხეთი რუსეთის მიერ არის შეიარაღებული, რაც 1918 წლის დეკემბერში მიუღწეველი დარჩა დაშნაკელთა მთავრობისა და გენერალ დენიკინისათვის. ეს დღეს ფაქტიურად განხორციელებულია.
არის კიდევ ერთი განსხვავების მომენტი: მაშინ დამოუკიდებელი აზერბაიჯანი, ჩვენი უშუალო მესაზღვრე, სომხეთ-საქართველოს ომში ფაქტიურად ნეიტრალურ პოზიციაზე იდგა, ხოლო მისი სუბიექტური მიზნები არ შეიძლებოდა სომხეთისკენ გადახრილი ყოფილიყო. დღეს კი დამოუკიდებელი აზერბაიჯანი აღარ არის. ისიც რუსეთის ქვეშევრდომი ქვეყანაა, რომლის ბედს და პოლიტიკას მიმართავს და განაგებს მოსკოვის მთავრობა. ამგვარად, დღეს ამ ახალი თავდასხმის დროს, სამხრეთით და აღმოსავლეთ-სამხრეთით ტანზე უშუალოდ საბჭოთა რუსეთი შემოგვერტყა. ცვლილება არ მომხდარა, მხოლოდ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მდგომარეობაში. დაღესტანი, როგორც მაშინ ისე დღესაც იარაღით ხელში იბრძვის რუსების წინააღმდეგ. ასე რომ ამ მხრიდან საქართველოზე ბოლშევიკების თავდასხმა თუ შეუძლებელი არა, მეტად გაძნელებული მაინც იქნება.
სამაგიეროდ, ბევრი რამ შეიცვალა თვით საქართველოს მდგომარეობაში ამ ორი წლის მანძილზე. მაშინ საქართველო ჯერ კიდევ დაუწყობელი სახელმწიფო იყო. დღეს საქართველო სახელმწიფოებრივად გამართული ქვეყანაა. საქართველოს სამხედრო ძალა დღეს ნამდვილი ევროპული ჯარია, რომელიც ორი წლის განმავლობაში შეუწყვეტელ ბრძოლაში იწრთობოდა და რომელსაც აფრთოვანებს მაღალი და თავდადებული პატრიოტიზმი.
მაშინ საქართველო უცნობი იყო როგორც „დე ფაქტო“, ისე „დე იურე“. მეტიც, მაშინ ანტატის სახელმწიფონი უნდობლობით და უარყოფითად უყურებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეს კი ანტატამ იურიდიულათ იცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და მასთან უკვე გააბა სავაჭრო და ეკონომიურ-ფინანსური კავშირი.
საერთაშორისო თვალსაზრისით, ამ წლის 27 იანვრამდე, რუსეთისაგან განშორებული საქართველო თითქმის იგივე იყო, რაც იყო რუსეთის უღელქვეშ. მას თითქმის არაფერი ჰქონდა. 27 იანვრის აქეთ მან ყველაფერი ერთბაშად დაიბრუნა. მას ყველაფერი აქვს!
განახლებული საქართველო შეუსხეულდა სამი ათასი წლის ეროვნულ კულტურულ და სახელმწიფოებრივ წარსულს და თვის სუვერენობაში აღდგენილი. იგი დგას საერთაშორისო ოჯახში, როგორც სწორუფლებიანი წევრი და ენერგიით და იმედით სავსე იბრძვის თავისი ეროვნული მომავლის სრულსაყოფად. არ არის ქართველი, რომელიც ამას არ გრძნობდეს და ამას არ აფასებდეს. საქართველოს არ ეშინია მტრის მუხანათურ თავდასხმის. ამ სამი წლის განმავლობაში საქართველომ მრავალი ომი გადაიხადა, მაგრამ არც ერთ ომში იგი არ გამოსულა თავდამსხმელ მხარედ.
ასე იქნება ამ მეორე თავდასხმის დროსაც. ამაოდ ცდის თავის ბედს გაკოტრებული საბჭოთა სომხეთ-რუსეთი. საქართველოს შინაურ სიმტკიცეს ისინი ვერ გასტეხენ.
არის ერთი გარემოება, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება. ამ ახალი თავდასხმით და, მაშასადამე, საქართველოს ამ ახალი მომავალი გამარჯვების დროს, ჩვენმა ჯარმა ხმლით და სისხლით საბოლოოდ უნდა გაავლოს საქართველოს საზღვარი.
უბორჩალოთ საქართველოს დამოუკიდებლობა არ არის უზრუნველყოფილი. ეს ვერ გაიგო ჩვენმა მთავრობამ და მრავალი ქართველის სიცოცხლე და სისხლი, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში ბორჩალოს მიწა-წყალზე დაიღვარა, მან ვერ დააფასა სახელმწიფოებრივად და ისინი საქართველოს ვერ გაუნაღდა.
ამ დიდი შეცდომის შედეგია ის რომ აგერ ხუთი თვეა რაც მობილიზაციით გაწვეული დიდძალი შეიარაღებული ძალა სადარაჯოზე დგას და მისი შენახვით წელში წყდება საქართველოს ღარიბი ხაზინა. მაგრამ ამ შეუწყნარებელი შეცდომის უფრო სამწუხარო შედეგი კიდევ ის არის, რომ საქართველოზე ახალი თავდასხმა გაბედეს რა ჩვენგან ზომების მიუღებლობის გამო. ჩვენს ჯარს ზურგიდან მახვილი ჩასცხეს ბორჩალთა ბოლშევიკ-რუსებმა და სომხებმა. ყველა ამის გამო ჩვენ გვიხდება კიდევ ახალ-ახალი და სრულიად ზედმეტი მსხვერპლის გაღება.
ასეთ სიბეცეს უნდა ბოლო მოეღოს!