[მერაბ ბრეგაძე]
ჟურნალისტების დახურულ შეხვედრას შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან არანაირი რეალური შედეგები არ მოჰყოლია. მედიის წარმომადგენლები დაკავებული ფოტორეპორტიორების თავდებით გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მერაბიშვილს ნინო ზურიაშვილი, ნინო დანელია, შორენა შავერდაშვილი, ია ანთაძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე და თამარ კორძაია შეხვდნენ.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ჟურნალ „ლიბერალის“ მთავარი რედაქტორი შორენა შავერდაშვილი შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის დეტალებს აქვეყნებს:
„შეხვედრაზე რაიმე დამატებითი მტკიცებულებები მინისტრს არ წარმოუდგენია. მასთან ერთად შეძლებისდაგვარად დეტალურად გავიარეთ გამოძიებისა და ბრალდების ოფიციალური ვერსია. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ 2004 წელს ზურაბ ქურციკიძე მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა გრუ-ს აგენტებს: 24-ჯერ - სერგეი ოკროკოვს, 13-ჯერ - ანატოლი სინიცინს.
ამასთან, მინისტრის განცხადებით, ეს სატელეფონო საუბრები ჩაწერილი არ არის და მათი შინაარსი გამოძიებამ არ იცის. მისივე თქმით, ქურციკიძე მაშინაც იმ სატელეფონო ნომერს იყენებდა, რომლითაც ის დაკავებამდე სარგებლობდა. 2004 წელს ეს ნომერი მის სახელზე გაფორმებული არ იყო, თუმცა ქურციკიძემ ის მოგვიანებით გადაიფორმა. 2004 წლის შემდეგ ზურაბ ქურციკიძე რამდენჯერმე შეხვდა ოკროკოვსა და სინიცინს, მათ შორის - საქართველოს ფარგლებს გარეთაც. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ამის პარალელურად ქურციკიძე გრუ-სთან ორი სხვა შუამავლის მეშვეობით ურთიერთობდა. ამ შუამავლების ვინაობა მოწმდება და სასამართლო პროცესზე გახდება საჯარო“.
გარდა ამისა, შავერდაშვილის ინფორმაციით, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე ასევე გრუ-ს აგენტი იყო, თუმცა მისი გადაბირება გრუ-მ ქურციკიძისგან დამოუკიდებლად მოახერხა.
რაც შეეხება გიორგი აბდალაძეს, გრუ-სთან მის უშუალო კავშირზე მინისტრი არ მიუთითებს, თუმცა ამტკიცებს, რომ აბდალაძე ინფორმაციას ზურაბ ქურციკიძეს გადასცემდა, ფულად ანაზღაურებას კი ორივე მათგანი ლეგალური და არალეგალური გზებით იღებდა.
ამასთან, შავერდაშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტის ფოტოგრაფის მეუღლეზე ნათია გედენიძეზე მინისტრმა განაცხადა: „ნათია გედენიძემ იცოდა მეუღლის საქმიანობის შესახებ და ხელს უწყობდა მას და ვინაიდან ნათია გედენიძეს ამ საქმესთან მხოლოდ ირიბი კავშირი ჰქონდა, ის თავდებით გაათავისუფლეს“.
„მინისტრი დაკავებული ფოტოგრაფების თავდებით გათავისუფლების შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ „პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესი მათი დასჯა კი არა, სხვა, უფრო დიდ ჯაშუშურ ქსელზე გასვლაა“, - აღნიშნა შავერდაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, კითხვაზე, გულისხმობს თუ არა გამოძიება რუსული სპეც-სამსახურების საფარქვეშ მოქმედ ორგანიზაციაში ფოტოსააგენტო EPA-ს მოსკოვის ბიუროს, მინისტრმა განაცხადა, რომ „ბრალდებას ეს შესაძლებლობა არასდროს განუხილავს“.
„მინისტრი ამბობს, რომ გამოძიება შეეცდება, საქმე რაც შეიძლება, სწრაფად, ერთი თვის ვადაში სასამართლო პროცესამდე მიიყვანოს. საჯარო სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, მხოლოდ 10%-ით იქნება დახურული.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ნახავთ, რა სერიოზულია ეს საქმე და რა მყარია მტკიცებულებები. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესის შემდეგ არცერთი კითხვა არ დარჩება უპასუხოდ“ - თქვა მერაბიშვილმა“, - აღნიშნავს შავერდაშვილი და აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ამ შეხვედრაზე დამატებითი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და შესაბამისად, საქმის მნიშვნელოვანი დატალები ისევ ბუნდოვანი რჩება“.
„ამ შეხვედრის შემდეგაც გაურკვეველი დარჩა, არის თუ არა ეს საქმე მთლიანად საიდუმლო, თუ დახურულია მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი. თუ საქმეს მთლიანად არ ედო გრიფი „საიდუმლო“, გაუგებარია, რატომ მოაწერინეს ადვოკატებს ხელი დოკუმენტზე, რომლითაც მათ საჯაროდ საუბარი აეკრძალათ?“ – დასძენს ჟურნალისტი.
აღსანიშნავია, რომ 7 ჟურნალისტთან შეხვედრას ვანო მერაბიშვილთან ერთად შს მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ესწრებოდნენ.
შსს–ში აუდიენციით, ფოტორეპორტიორების უფლებების დასაცავად ბრძოლა არ დასრულებულა და პირიქით, მან ახალი იმპულსი შეიძინა. საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში სპეციალური შეხვედრა გაიმართება. დამოუკიდებელი დეპუტატები უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრას ფოტორეპორტიორების ადვოკატებიც დაესწრებიან.
„ფოტორეპორტიორების სოლიდარობის მიზნით პერმანენტული აქციები გაგრძელდება“, - ამის შესახებ „ალია ჰოლდინგის“ წარმომადგენლები აცხადებენ. მედიის წარმომადგენლები დღეს, 17.00 საათზე აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართავენ. გარდა ამისა, სამივე დაკავებულის თავდებით გათავისუფლების მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვება დაიწყება.
„როგორც მოსალოდნელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, პრაქტიკულად, უშედეგოდ დასრულდა. საქმეს არ მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“ და დაკავებულები თავდებით გათავისუფლებულები არ არიან. შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ სიტყვის თავისუფლება“, – აცხადებენ „ალია ჰოლდინგში“.
თავის მხრივ, აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი ჟურნალისტებისა და შს მინისტრს შორის გამართულ შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის დიალოგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მაღალი რანგის პირს შორის, მნიშვნელოვანია.
„ჩემი შეხედულება და ის, რას ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით, ნაკლებად მნიშვნელოვანია. ბევრად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართული საზოგადოება. ნებისმიერი დიალოგი მაღალი რანგის პირსა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ჟურნალისტებს შორის არის მნიშვნელოვანი. ამ შეხვედრის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ყოფილიყო, თუმცა შეხვედრას პოზიტიურ ფაქტად ვაფასებ“.
ადვოკატების განცხადებით კი, დაკავებული ფოტოჟურნალისტების საქმის ყველა მასალას გრიფი „საიდუმლო“ ადევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიორგი აბდალაძის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ განუცხადა, რა მასალაც ტელევიზიით გავრცელდა, მხოლოდ იმაზე შეუძლიათ საუბარი, დანარჩენ დოკუმენტებს კი გრიფი „საიდუმლო“ ადევს. მისი თქმით, ადვოკატებს დადგენილება პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებაც კი არ გადაცემიათ:
„არც ერთი დოკუმენტი არ გადმოგვეცა. გრიფი რომ ადევს, იმას ნიშნავს, რომ ხელთ არ გვაქვს ეს დოკუმენტები. უბრალოდ გავეცანით ამ მასალებს, მაგრამ საიდუმლო დოკუმენტის შენახვისა და ტარების უფლება არ გვაქვს“.
კითხვაზე, არის თუ არა საქმეში ისეთი დოკუმენტები, რომლის გასაჯაროვებაც შეიძლება, ჩინჩალაძემ აღნიშნა, რომ „საიდუმლო“ გრიფის დადების სამართლებრივი საფუძველი არსებობდა.
ირაკლი და ნათია გედენიძეების ყოფილი ადვოკატის, მაია ხუციშვილის განცხადებით, როდესაც საქმეში ჩაერთო, ხელწერილი მთლიანი საქმესთან დაკავშირებით ჩამოართვეს და არ იყო კონკრეტულად მითითებული, რომელი მასალა იყო გასაიდუმლოებული და რომელი არა:
„მომაწერინეს ზოგადად ხელი რომ საქმის მასალები არის გასაიდუმლოებული, გრიფი „საიდუმლო“ ადევს და მასალების შინაარსის გახმაურება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დოკუმენტების კონკრეტული ჩამონათვალი არ იყო“.
როგორც ვანო მერაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ მედია მკვლევარმა ნინო დანელიამ განაცხადა, ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების დუმილი კომუნიკაციის პრობლემას დაუკავშირა:
„ამაზე ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ადვოკატებს როგორც ჩანს, კარგად ვერ განუმარტეს, რომ მათ შეუძლიათ საუბარი. ანუ მთელი პასუხისმგებლობა გადაიტანა ადვოკატებზე. მათ შეუძლიათ საქმეზე ისაუბრონო, მხოლოდ იმ დოკუმენტებზე საუბარი არ შეუძლიათ, რომელიც საიდუმლოების შემცველიაო. უნდა განუმარტოთ ეს ადვოკატებს და ისაუბრებენო“.
ამ ფონზე, ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც მან განაცხადა, პიროვნული გაერთიანებები დიდ წინააღმდეგობას ვერ წარმოადგენს ხელისუფლებისთვის და ამიტომ, მედია ორგანიზაციულად უნდა გაერთიანდეს:
„საქართველოში იყო მცდელობები, რომ პიროვნულად გაერთიანებულიყვნენ ჟურნალისტები, თუმცა ასეთი პიროვნული გაერთიანებები ხელისუფლებისთვის დიდ წინააღმდეგობას ვერ წარმოადგენს. ეს ხდება იმიტომ, რომ კონკრეტულ პრობლემაზე პროტესტს ჟურნალისტების კონკრეტული ჯგუფი აცხადებს, ამიტომ დიდი ხანია ვფიქრობ, რომ მედია უნდა გაერთიანდეს ორგანიზაციულად, ორგანიზაციულად გამოხატოს პროტესტი, ორგანიზებულად გაიფიცონ და დაიცვან ერთმანეთი. ამ შემთხვევაში მედია გახდება სერიოზული ძალა“.
მისივე თქმით, მედიის ასეთი მასშტაბური პროტესტი უფრო ანგარიშგასაწევი იქნება ხელისუფლების მიერ და ასევე, ორგანიზებული პროტესტი გაცილებით ეფექტური იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რეაგირების თვალსაზრისით:
„თუ ჩვენ ორგანიზაციულად მივწერთ წერილებს სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საელჩოებს, უფრო მეტი გამოხმაურება და შედეგი მოჰყვება ამას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი ჭეშმარიტების გარშემო – მედიის დაცვა“.
ღლონტის თქმით, ის თავადვე პესიმისტურად არის განწყობილი აღნიშნული ინიციატივის მიმართ, რადგან მედია სხვადასხვა სეგმენტებად არის დაყოფილი:
„ერთი სეგმენტი მეორესთან არ გაერთიანდება, იმიტომ, რომ მისი აზრით, მის რეპუტაციაზე იმოქმედებს ცუდად, მეორე არ გაერთიანდება იმიტომ, რომ ჩათვლის, რომ ეს არ არის იმდენად რადიკალური, რომ მასთან გაერთიანება ღირდეს და ა.შ. და ასე დაყოფილი მედია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს და ჩაძირავს ერთმანეთს“.