პრემიერი საბანკო შავი სიის უპირობო გაუქმებას ითხოვს

პრემიერი საბანკო შავი სიის უპირობო გაუქმებას ითხოვს

"650 ათასი ადამიანი ქვეყანაში მოკლებულია ნორმალურ ცხოვრებას"
 საბანკო შავი სიები უნდა გაუქმდეს - ეს პრემიერ-მინისტრის პირდაპირი მინიშნებაა. რეგულაცია სექტემბრიდან შევა ძალაში და მსესხებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, თავიანთი საკრედიტო ისტორია გამოასწორონ. თუმცა, ეს ცვლილება ეროვნულ ბანკს ეკუთვნის, რომელიც პრემიერის ინიციატივასთან პირდაპირ თანხვედრაში არ არის. რა შეიცვლება შემოდგომიდან და რას ითხოვს პრემიერი?

მამუკა ბახტაძე არჩეულ გზას არ ღალატობს და კვლავ საბანკო სფეროს რეგულირებაზე მიანიშნებს. "პრობლემა, რომელიც ჭარბვალიანობამ და კლიენტებში სესხის ვერ მომსახურების საკითხმა შექმნა, უნდა დარეგულირდეს, ე.წ. შავი სიები უნდა გაუქმდეს", - აცხადებს ბახტაძე.  

სებ-ი რეგილაციას მართლაც ამზადებს, თუმცა მისი მასშტაბები პრემიერის მოთხოვნებს ჩამოუვარდება. სექტემბრიდან ყველა მსესხებელს მოეხსნება "ნეგატიურის" სტატუსი და ე.წ. შავი სიაც წარსულში დარჩება. საკრედიტო ბიურომ ეროვნული ბანკის წესის მიხედვით უნდა განაგრძოს მუშაობა წევრების გაფართოებული ბაზით. შესაძლებელი გახდება ბაზარზე რამდენიმე ბიუროს ერთდროულად მოქმედება, ამ დროისთვის კი მხოლოდ ერთია - "კრედიტინფო" - 150 000-ზე მეტი კლიენტით. ახალი რეგულაცია ყველა სესხის გამცემს ბიუროს წევრობას დაავალდებულებს.

როგორ დაიყოფა ვადაგადაცილებული სესხები, რა სტატუსი მიენიჭება მსესხებელს, გაძვირდება თუ არა მომსახურება, როდის მიუერთდება მას საგადასახადო ბაზა, სექტემბრამდე გახდება ცნობილი. სებ-მა რეგისტრაციის, რეგულირების, აღრიცხვიანობისა და ხელმისაწვდომობის წესის პროექტი უკვე გამოაქვეყნა. გვენეტაძის უწყება აქტიურად მუშაობს ბიუროში დაცულ მონაცემებში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ეს აქამდე მომზადებული რეგულაციის შინაარსია, პრმეიერის განცხადება კი დიდი ალბათობით მეტს გულისხმობს და არ ტოვებს საშუალებას "შავ სიას" მხოლოდ სახელი გადაერქვას არსობრივად კი იგივე დარჩეს. 

მამუკა ბახტაძე "უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემით" გამოწვეულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. 

"რაც შეეხება შავ სიას, რაც განვაცხადე პარლამენტის ტრიბუნიდან, იგივეს ვამბობ დღეს, რომ ეს გახლდათ სრულიად მიუღებელი. ჩვენი მოქალაქეები, ეს გახლავთ თითქმის 650 ათასი ადამიანი, მოკლებულია განახორციელოს ქვეყანაში ნორმალური ეკონომიკური აქტივობა. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერი იმისთვის, რომ ქვეყანაში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ რეფორმას, მაგრამ თუ ამ რეფორმების შედეგი ვერ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე, ეს ამ შემთხვევაში გახლავთ ბარიერი, რაც მიუღებელია, ამ პრობლემას სჭირდება გადაჭრა. ვიცი, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, უკვე შემოდგომაზე ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია გვექნება", - აღნიშნა პრემიერმა.

ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი შავი სიების გაუქმებას, ხელისუფლების პოპულისტურ ნაბიჯს უწოდებს. მისი თქმით, ბანკები, ყოველთვის მოახერხებენ, საჭირო ინფორმაცია მოიპოვონ მომხმარებელზე. 

,,ბუნებრივია, ბანკენი ცდილობენ, ჰყავდეთ ისეთი კლიენტები, რომლებიც საიმედონი არიან, სწორედ ამით იყო განპირობებული საკრედიტო ისტორიის ბაზის შექმნა, რომელშიც ნეგატიურთან ერთად ხვდება პოზიტიური ჩანაწერებიც. კერძო სექტორის უფლებაა ცალსახად რომ დააზღვიოს რისკები, სახელმწიფოს ჩარევა ამ კონკრეტულ საკითხში, რელევანტური არ მგონია. რა აკრძალვაც უნდა შემოიღოს მთავრობამ, ბანკებს აქვთ უფლება ჰქონდეთ სურათი კლიენტებისა და პარტნიორების შესახებ. ამიტომ რეალურად, სახემწიფოს მიერ მიღებული ასეთი გადაწყვეტილება ქმედითი ვერ იქნება და შესაბამისად მისი ზემოქმედება ბანკებზე იქნება მხოლოდ იდეოლოგიური ხასიათის. 

საერთოდ, პოპულიზმია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ მე ვარ შავი სიების წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, ეს ტერმინი არ არის კარგი და სასურველია შეიცვალოს. მთავრობამ როგორც არ უნდა არეგულიროს და რა პოპულისტური განცხადებებიც უნდა აკეთოს, ბანკები ყოველთვის შეძლებენ, მოახერხებენ და შეისწავლიან სესხის გაცემამდე საკრედიტო ისტორიას და მხოლოდ ამაზე დაყრდნობით მიიღებენ გადაწყვეტილებას", - აცხადებს "რეზონანსთან" თოქმაზიშვილი. 

ე.წ. შავი სიების გაუქმებას სკეპტიკურად უყურებს ანალიტიკოსი, მერაბ ჯანიაშვილიც. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ვერ ხედავს მექანიზმს, როგორ უნდა მოხდეს გაუქმება და როგორ უნდა აიძულოს ვინმემ ბანკი, გასცეს სესხი არასაიმედო მომხმარებელზე. 

"უბრალოდ არ მესმის, როგორ უნდა გაუქმდეს ე.წ. შავი სია და რა მექანიზმებით აპირებს სახელმწიფო ამის მოხერხებას.  "კრედიტ ინფო საქართველო" არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა იმიტომ, რომ ბანკები ხედავდნენ ამის საჭიროებას, ჰქონოდათ ინფორმაცია მომხმარებელზე და ეს თუ გაუქმდება რა მოხდება? ბანკებს სტანდარტს დაუწესებენ, რა შემთხვევაში უნდა გასცეს სესხი და იმას ეტყვიან, რომ ცუდ გადამხდელებსაც მისცენ? ვთქვათ ვაიძულეთ "კრედიტ ინფოს" გააუქმოს ნეგატიური ჩანაწერის ველი, მაგრამ იმას ხომ ვერ ვაიძულებთ, გააუქმოს მთლიანად საბანკო ჩანაწერები ადამიანზე?

მექანიზმი ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მოხდეს ეს, თორემ მესმის და მეც ვიზიარებ რომ ადამიანებს ამის გამო, რომ სესხის დაბრუნება ვერ მოახერხეს სხვა ეკონომიკური აქტივობები არ უნდა ეზღუდებოდეთ. 

რასაკვირველია ამ სიაში მოხვედრილ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ეკონომიკური აქტივობა, მაგრამ მექნიზმს ვერ ვხედავ, როგორ უნდა გაუქმებინონ კომერციულ ბანკებს ეს სია. რომც გააუქმონ, მერწმუნეთ, რაღაც ფორმით მაინც დარჩება ეს ისტორიები და გამოიყენებენ კიდეც.

გარდა ამისა, არის მნიშვნელოვანი მომენტი, ე.წ. შავ სიაში მოხვედრილები დღესაც იღებენ სესხებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სწრაფი და ონლაინ სესხების კომპანიებში. ისინი ხომ სწორედ ამაზე მუშაობენ.

ასე იქნება ბანკების შემთხვევაშიც, თუ მათ სახელმწიფო იძულებულს გახდის, მაინც გასცენ სესხი, ისინი ცუდი ისტორიის მქონე პირებს, მისცემენ უფრო მაღალ პროცენტში, უფრო ცუდი პორობებით, ამის საშუალება კი ახლაც აქვს მომხმარებელს სურვილის შემთხვევში", - განუცხადა "რეზონანსს" ჯანიაშვილმა.