სექტემბერში რუსები სოფელ კოდასა და თრუსოს ხეობაში პროვოკაციებს გეგმავენ?

სექტემბერში რუსები სოფელ კოდასა და თრუსოს ხეობაში პროვოკაციებს გეგმავენ?

"არსებობს სერიოზული საშიშროება, რომ ოკუპანტები დაიკავებენ ხეობებს და ზემო ლარსის საზღვარი გადმოიწევს მლეთაში"

სექტემბრის ბოლოსთვის რუსული საოკუპაციო ძალების მხრიდან სოფელ კოდასთან, ასევე თრუსოს ხეობაში პროვოკაციების მოლოდინია.

"არსებობს სერიოზული საშიშროება, სექტემბრის ბოლომდე განხორციელდეს პროვოკაცია თრუსოს ან დარიალის ხეობაში, რის შემდეგ ოკუპანტები დაიკავებენ აღნიშნულ ხეობებს, ხოლო ზემო ლარსის საზღვარი გადმოიწევს მლეთაში", - ამ განცხადებას, სანდო წყაროზე დაყრდნობით, სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს. ის ბოლო 2 თვეა, დღე და ღამე სოფელ კოდაში პატრულირებს, სადაც სწორედ ბოლო 2 თვეა, რუსული საოკუპაციო ძალები ძალიან გააქტიურდნენ, ცხენებით პატრულირებენ ე.წ. საზღვართან ძალიან ახლოს და მიწათხრილებში სათვალთვალო მოწყობილობაც დააყენეს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ქაცარავა ამბობს, თრუსოს ხეობაში შესაძლო პროვოკაციაზე მიღებული ცნობის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ პატრულირებისათვის გადაინაცვლონ ხეობაში.

"სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ თრუსოსთან დაკავშირებით იმედი გვქონდეს, რომ ეს ხეობა დაცულია, რასაც ვერ ვიტყვით კოდასა და ე.წ. საზღვრისპირა სხვა სოფლებზე.

"თრუსოს ხეობას უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობა აქვს და ამ ხეობის რუსების მიერ დაკავება საქართველოს სამხედრო გზის გათიშვას იწვევს, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა ამ ეტაპზე თრუსოს ხეობა დაცულია.

"ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენელთა პასიურობა. საკომუნიკაციო პასიურობას ვგულისხმობ, დაცულობის თვალსაზრისით კი ვიცი, რომ გარკვეული ნაბიჯები თრუსოს ხეობის მიმართულებით გადადგმულია", - ამბობს არეშიძე.

საგულისხმოა, რომ ცხინვალის რეჟიმმა ივნისში გაავრცელა ცნობა, რომ ქმნიან კომისიას, რომელმაც ე.წ. საზღვრის დემარკაციის საკითხი უნდა გამოიძიოს.

კერძოდ ის, რომ მავთულხლართების გავლების შემდეგ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა "სამხრეთ ოსეთის მიწები", მათ შორის - "წიაღისეულით მდიდარი" სოფელ კოდის ნაწილი, რაც სეპარატისტების მტკიცებით "არასწორად მოხდა" და "ტერიტორიები უკან უნდა დაიბრუნონ".

ცხინვალის რეჟიმის ინიციატივა გულისხმობს, რომ ქარელის რაიონში მდებარე დოლომიტის მომპოვებელი კარიერი და კოდა-აბანოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი მათ საზღვრებში მოექცეს.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი მოექცევა და კოდა სხვა სოფლებს მოსწყდება, რადგან ეს ერთადერთი გზაა. ცხინვალის რეჟიმის ამ განაცხადის შემდეგ სოფელ კოდასთან რუსი სამხედროების პატრულირება გაძლიერდა და სოფელში შიშით ელიან მავთულხლართების გაბმას.

გარდა სოფელ კოდაში მავთულხლართების გაბმის სურვილისა, ივნისში ცხინვალის რეჟიმმა თრუსოს ხეობასა და კობის ქვაბულზეც გამოთქვა პრეტენზია და პირველად გაჩნდა ტერმინი - "აღმოსავლეთი ოსეთი".

დე ფაქტო ხელისუფლება "აღმოსავლეთ ოსეთად" მიიჩნევს თრუსოს ხეობასა და კობის ქვაბულს, რომლებიც თურმე "ოსი ხალხის ნების გარეშე ბოლშევიკებმა უკანონოდ მოგლიჯეს ახლად შექმნილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სასარგებლოდ".

მამუკა არეშიძის თქმით, ცხინვალის რეჟიმს რომ ახალი იდეოლოგიური მიმართულება გაუჩნდა და მოიფიქრეს ახალი ტერმინი - "აღმოსავლეთი ოსეთი", ეს შემთხვევითი არ არის.

"ამით რამდენიმე კურდღლის დაჭერას ცდილობენ. ერთი, ჟენევის მოლაპარაკებებში გაუჩნდათ ახალი თემის გატანისა და ჩაჭიდების შანსი; მეორეც, ეს მოსკოვის მხრიდან გარკვეული გზავნილებია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ თუ თბილისი "ჭკუით არ მოიქცევა", ისინი თრუსოს ხეობისა და კობის ქვაბულის, ანუ მათი ტერმინით, ე.წ. აღმოსავლეთ ოსეთის თემას გაააქტიურებენ.

"ადრე იყო აბსოლუტურად ამორფული დასახელება "თრიალეთის ოსეთი" და თავად ოსური მოსახლეობა ვერ ხვდებოდა, რა იგულისხმებოდა, ახლა კი მოიფიქრეს ძალიან კონკრეტული სახელწოდება - "აღმოსავლეთი ოსეთი". ეს შესაბამისი პიარჯგუფების ნამუშევარია და მათ ამ სახელის შემოგდებით ფსიქოლოგიური შედეგები გათვალეს.

"აღმოსავლეთი ოსეთი" აბსოლუტურად სისულელეა, ასეთი ტერმინი საერთოდ არასდროს არსებულა ბუნებაში. "სამხრეთი ოსეთი" - ეს ტერმინიც კი პირველად გაჩნდა 1861 წელს, რომელიც ერთ-ერთმა რუსმა ჩინოვნიკმა გამოიყენა, რადგან მაშინ იქმნებოდა დოკუმენტი, როგორ უნდა მომხდარიყო ერების დაპირისპირება", - ამბობს არეშიძე.

მისი თქმით, რუსეთიდან პროვოკაცია, რასაკვირველია, მოსალოდნელია და ამისთვის რუსეთი ბევრ სხვადასხვა მიზეზს მოძებნის.

"პროვოკაცია, რასაკვირველია, მოსალოდნელია, როგორც კი ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი წინ წაიწევს ან იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს პროვოკაცია, თუ რუსეთის რომელიმე მოკავშირე "დაიჩაგრა" დასავლეთის მიერ და რუსეთს რევანშის აღება მოუნდა, ან კიდე ბევრი სხვა მიზეზი შეიძლება, არსებობდეს", - ამბობს არეშიძე.

არეშიძის განცხადებით, იმის მოლოდინი, რომ საოკუპაციო ძალებიდან პროვოკაციები სექტემბერშია მოსალოდნელი, ეს ერთგვარად ნატო-ს წვრთნებსაც უკავშირდება.

"რატომ სექტემბერში? იმიტომ, რომ მთელი ეს პერიოდი საქართველოში მიმდინარეობდა ნატო-ს წვრთნები. პარალელურად, როგორც ყოველთვის, რუსული სამხედრო სწავლებები მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე.

ამერიკული კონტინგენტი, რომელიც საქართველოში იმყოფება, საქართველოდან უნდა გავიდეს სექტემბრის დასაწყისში და ეს იციან რუსეთში, ამიტომ ითქვა, რომ პროვოკაციებიც იქნება ამის შემდეგ - სექტემბრის მეორე ნახევარში. არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა ამ წუთში რომ ასეთი პროვოკაცია მოხდეს, ვერ ვხედავ", - დასძენს არეშიძე.