რუბლი და ლირა დაცემის გზაზე - რა ელოდება ქართულ ლარს

რუბლი და ლირა დაცემის გზაზე - რა ელოდება ქართულ ლარს

საქართველოს სამეზობლოში ვალუტებს უჭირს. თურქული ლირას შემდეგ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა რუსული რუბლი, რომელიც ამერიკული სანქციების მოლოდინში უფასურდება. ორივე ქვეყანა საქართველოს უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. როგორ გავლენას იქონიებს მეზობელ ქვეყნებში მიმდნარე ფინანსური კრიზისი საქართველოზე?

რუსული რუბლის დევალვაციას იმ სანქციებს უკავშირებენ, რომელიც ამერიკამ რუსეთს დაუწესა და ძალაში 22 აგვისტოდან შევა. ვაშინგტონმა „შავ სიაში“ დამატებით 19 ფიზიკური პირი და 19 კომპანია შეიყვანა. პირველ ეტაპზე იგულისხმებმა მათთვის რუსეთში ექსპორტისა და ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა.

სწორედ ამის გამო რუსეთში ვალუტის მორიგი გაუფასურება დაიწყო. 1 დოლარი უკვე 66 რუბლი ღირს, როცა სულ ცოტა ხნის წინ 61-ის ნიშნულზე ტრიალებდა, ხოლო 2018 წლის მარტში 1 დოლარი სულაც 56 რუბლი ღირდა. მძიმე მდგომარებაა თურქეთშიც, სადაც ადგილობრივი ლირა ლამის ყოველ კვირა ანტირეკორდებს ამყარებს. წლის დასაწყისიდან მოყოლებული ადგილობრივი ვალუტა 43%-ით გაუფასურდა.

რა ელის ქართულ ლარს ასეთი არასტაბილურ პირობებში? რა გავლენა შეიძლება იქონიოს რუბლისა და ლირის ვარდნამ საქართველოს ეკონომიკაზე?

თსუ-ს ანალიტიკისა და პროგნოზირების ცენტრის თავმჯდომარის ვახტანგ ჭარაიას თქმით, ბოლო წლებში რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ამიტომ ბოლო დღეებში განვითარებული სავალუტო მოვლენების პარალელურად, მოსალოდნელია ქართული პროდუქცია რუსეთში გაძვირდეს, ხოლო რუსული პროდუქციის ღირებულება საქართველოში გაიაფდეს.

„რა თქმა უნდა, რუბლის გაუფასურება გამოიწვევს ქართული პროდუქციის ექპორტის შემცირებას, რადგან ფასი მოიმატებს. ეს ჩვენთვის მტკივნეული საკითხია. ასევე შეიძლება საქართველოში გაიზარდოს მოთხოვნა რუსულ პროდუქციაზე, რადგან ის გაიაფდება. ზოგადად, ჩვენთვის საექსპორტო ბაზარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საიმპორტო. ამ უკანასკნელის დივერსიფიცირება ადვილად ხდება. რუსეთიდან თუ არა, პროდუქტი თურქეთიდან შემოვა ან უკრაინიდან. აი, ექპორტის საკითხი კი სულ სხვაა“, - განმარტავს ჭარაია.

კიდევე ერთი დარგი, რაზეც რუბლის დოლართან მიმართებაში გაუფასურება უარყოფითად აისახება, ეს ფულადი გზავნილებია. რუსეთიდან საქართველოში ნაკლები თანხა გადმოირიცხება.

„მაგალითად, თუ ვიღაცას ხელფასი აქვს 20 ათასი რუბლი და განსაზღვრული ჰქონდა, რომ აქედან 10 ათასი რუბლი გამოეგზავნა საქართველოში, ახლა მის შესაძენად დასჭირდება მეტი დოლარი. შედეგად გადმორიცხავს ნაკლებ თანხას. საერთოდ ჯამში, ფულადი გზავნილებიც შემცირდება“, - აღნიშნავს „კომერსანტთან“ ჭარაია.

რაც შეეხება უშუალოდ საქართველოს ეკონომიკაზე და ფინანსურ ბაზარზე გავლენას, აქ ფინანსისტები დიდ ცვლილებებს არ ელოდებიან. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გოჩა თუთბერიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთსა და თურქეთში შექმნილი ეკონომიკური ვითარება ლარის კურსზე გავლენას არ მოახდენს. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმაც, უნდა იმოქმედოს კონტრღონისძიებებზე.

„ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტის გაუფასურება ლარზე პირდაპირ ასახვას არ ჰპოვებს, თუმცა იმოქმედებს იმპორტის გაზრდაზე. თურქული და რუსული საქონელი გაიაფდება და საქართველოში მეტი პროდუქცია შემოვა. ჩვენი საექსპორტო პოზიციები კი გაუარესდება, ასეთი ტენდენცია არ არის ხელსაყრელი ჩვენთვის, თანაც უკავშირდება ამერიკის სანქციებს. ასეთი მკაცრი პოზიცია ამერიკას ჯერ არ ჰქონია.

ერთია, რომ ვალუტების გაუფასურება არ იქნება მუდმივი პროცესი და რაღაც პერიოდის შემდეგ დასტაბილურდება, მაგრამ გარკვეულ გავლენას საქართველოზეც მოახდენს. ამიტომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმაც დროულად უნდა შეიმუშაოს კონტრღონისძიებები“, - განაცხადა თუთბერიძემ.