ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ სკანდალი არ წყდება. დეკანოზმა მამალაძემ უზენაესი სასამართლოს უარის შემდეგ, შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. ამ მიმართვის შემდეგ კი საპატრიაქროში სიტუაცია კვლავ დაიძაბა. მამალაძის წინააღმდეგ საკვირაო ქადაგებაში პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა დეკანოზის ადვოკატები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ გააფრთხილა და მამა გიორგი მამალაძე "ავაზაკად" და "დაჯგუფების წევრად მოიხსენია".
მეუფე იაკობის თქმით, ამ „დაჯგუფების" უკან ერთ-ერთი ბიზნესმენი დგას. იაკობი იმასაც აცხადებს, რომ აღნიშნული ჯგუფი მამა კახაბერ გოგოტიშვილის დაშანტაჟებას ცდილობდა. ხოლო ამ ჯგუფის უკან ერთ-ერთი გავლენიანი ბიზნესმენი დგას. მისივე ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე იძულებული იყო რუსეთიდან გამოქცეულიყო და მისთვის გაუგებარია, რატომ შეიფარა ის ქართულმა ეკლესიამ. ასევე რუსეთში მეუფის ინფორმაციით, დეკანოზს მანქანა დაუწვეს.
ქადაგებაში მეუფე დეკანოზ მამალაძის ადვოკატების მიერ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვასაც გამოეხმაურა. მეუფე ამბობს, რომ ის შეწყალების წინააღმდეგი არ არის, თუმცა კვლავ აცხადებს, რომ დეკანოზს პატრიარქის მოცილება უნდოდა.
საქართველოს საპატრიარქოში ამის შემდეგ კი საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მღვდელმთავრები და წმინდა სინოდის წევრები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში 6 მღვდელმთავარი იყო მისული და როგორც ცნობილია, სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ისინი, მეუფე იაკობის გუშინდელ ხმაურიან ქადაგებას განიხილავდნენ.
დეკანოზის ადვოკატები მეუფე იაკობის განცხადებას სტრასბურგში მოახლოებულ პროცესს უკავშირებენ. ადვოკატი გიორგი ფანცულაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დეკანოზს დიდი ალბათობით, პრეზიდენტი შეიწყალებს და სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ მამა გიორგი მამალაძე ძალიან ბევრ დეტალზე ისაუბრებს, მათ შორის, მეუფე იაკობის გუნდის „ღვაწლზე". ამიტომაც მეუფეს ეშინია, რომ მის შესახებ საზოგადოება ბევრ უცნობ დეტალს გაიგებს და მამალაძის თავდასხმაზე გადადის.
„მეუფე იაკობმა პოლიციას ორი ჩვენება მისცა, ერთი გამოძიებას და მეორე სასამართლოს. თუ დეკანოზზე რამე იცოდა დ სათქმელი ჰქონდა, აქამდე რატომ არ თქვა? დამალა სასამართლოსა და გამოძიებაში?.
"მეორე, შესაბამისად, რეალურად, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა და აქედან გამომდინარე, ეს არის არასერიოზული, აგონიური განცხადება. რისი ეშინია, თავად ხომ არაფერს მალავს ისეთს, რისი გახმაურებისაც ეშინია. იმედი გვაქვს, რომ მამალაძეს პრეზიდენტი დიდი ალბათობით შეიწყალებს. ამიტომაც მეუფეს ვურჩევ მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებს," - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
პატრიარქის ქორეპისკოპოსის ბრალდებებს და გაფრთხილებებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებიც პასუხობენ. როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა „რეზონანსთან" ამბობს, მეუფეს იაკობს პირადი ანგარება ამოძრავებს.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროს დატოვებს, ყველა იმ ინფორმაციაზე ისაუბრებს, რომელიც მას მეუფე იაკობის შესახებ გააჩნია.
„მეუფე იაკობმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი ძმა გამოსვლისთანავე დაიწყებს იმ თემებზე ისაუბრებს, რის გამოც, ასე რომ ვთქვათ, ციხეში ზის და რაც მეუფე იაკობზე დასაბუთებული ინფორმაციები აქვს. ამიტომაც მეუფე შეშინებულია და ამ აბსურდული განცხადებებით ცდიობს, რომ საზოგადოებაში მის წინააღმდეგ განწყობები შეცვალოს და მისი სახელი კიდევ ერთხელ ლაფში ამოსვაროს. ამბიონს ბოროტად იყენებს იყენებს. ეს არის საქადაგებელი ადგილი. ეს ადამიანი კი ხალხს ეკლესიაში მისვლის სურვილს აკარგვინებს. ამაზე წმინდა სინოდმა პასუხი უნდა მოსთხოვოს," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მამა გიორგი მამალაძის ძმა, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც ეხმაურება, სადაც ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ დეკანოზი რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი იყო.
„მანქანის დაწვასთან დაკავშირებით, მანქანა ნამდვილად დამწვარია, მაგრამ გამოძიებამ ვერ დაადგინა ეს თვითონ მანქანის ელექტროსადენებიდან გამომდინარე იყო თუ ვინმემ დაწვა. ეს დასაბუთებული არ არის, ვერც ვერაფერი ვერ ნახეს, რომ დანამდვილებით ეთქვათ, რომ ვიღაცას დამწვარი აქვს. ჩემი ძმა, როგორც მეუფე იაკობმა თქვა ძლივს გადაურჩაო, ჩემი ძმა მანქანაში საერთოდ არ იყო," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.